Accessibility links

logo-print
უკრაინელი დეპუტატებისა და ექიმების ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად, კიევში დღეს სამი აქტივისტი დაიღუპა. დაპირისპირება კიევში დაიწყო სამშაბათს, მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გაარღვიეს უკრაინის პარლამენტის გარშემო მოწყობილი პოლიციის კორდონები და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ბლოკირება სცადეს.

დემონსტრანტები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაზე და კენჭისყრაზე გაეტანინებინათ 2004 წლის საკონსტიტუციო მოდელის აღსადგენად მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას და ზრდის საკანონმდელო ორგანოს უფლებებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის სპიკერმა დღის წესრიგში არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, ათასობით დემონსტრანტი უკრაინის პარლამენტისაკენ დაიძრა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ოპოზიციის ლიდერმა და ოპოზიციური პარტია „უდარის“ თავკაცმა ვიტალი კლიჩკომ ვიქტორ იანუკოვიჩს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდა:

„მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს - მას ეკისრება პასუხისმგებლობა, მას უპყრია დღეს ხელთ ქვეყანაში ძალაუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მას ძალუძს პრობლემის გადაჭრა. და ამიტომ მოვუწოდებ მას, როგორც პასუხისმგებელმა პოლიტიკოსმა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ეს დასწევს საზოგადოებაში ტემპერატურას. გააკეთეთ ეს და ეს იქნება გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ეს იქნება ვაჟკაცური გადაწყვეტილება. ამავდროულად, მოვუწოდებ პრეზიდენტს კიევის ქუჩებიდან გაიყვანოს შინაგანი ჯარები და სპეცდანიშნულების პოლიციური ქვედანაყოფები“.

ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა რამდენიმე ადგილას გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ორ ავტომანქანას. ევრომაიდნის მხარდამჭერი დემონსტრანტები შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს მმართველი „რეგიონების პარტიის“ ცენტრალურ ოფისს. დემონსტრანტები პოლიციას ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს“ უშენდნენ, პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები კი დემონსტრანტთა წინააღმდეგ ხმოვან ყუმბარებს, ცრემლმდენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამივე გარდაცვლილი ცეცხლსასროლი ტყვიით არის დაღუპული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროები აყოვნებდნენ ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე, დაღუპულთა სურათები უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა, ინფორმაცია კი ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა დაადასტურა, რომლის თქმითაც, დაღუპულთა ცხედრები უკრაინის ოფიცერთა სახლში გახსნილ სამედიცინო პუნქტში ასვენია. იქვე მკურნალობენ იმ ათობით აქტივისტს, რომლებიც სპეცდანიშნულების ნაწილებსა და შინაგან ჯართან შეტაკებისას დაშავდნენ.

არადა, ისე ჩანდა, რომ უკრაინაში ვითარება განმუხტვისაკენ მიდიოდა. ორშაბათიდან უკრაინაში ამოქმედდა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელმაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა პოლიციის მიერ დაკავებული საპროტესტო აქციების ყველა მონაწილე. კვირას დემონსტრანტებმა დატოვეს კიევის ადმინისტრაციის შენობა, რომელიც ორ თვეზე მეტხანს ჰქონდათ დაკავებული.
XS
SM
MD
LG