Accessibility links

უკრაინის ოპოზიციის ლიდერებისადმი შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს მიერ წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ უკრაინის სპეცდანიშნულების და შინაგანი ჯარის ნაწილებმა კიევში ევრომაიდნის გაწმენდის ოპერაცია დაიწყეს. რამდენიმე ათასი მებრძოლი უტევს ბარიკადებს ევროპის მოედნისა და ინსტიტუტის ქუჩის მხრიდან. წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით პოლიციის ძალებმა რამდენიმე ადგილას გაარღვიეს ოპოზიციის მომხრეთა ბარიკადები. ოპოზიციის ლიდერები ხალხს მოუწოდებენ, დაიცვან ევრომაიდანი.

ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაგმეს კიევში მომხდარი ძალადობა, ხოლო ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოუწოდეს მხარეებს, შეწყვიტონ დაპირისპირება და განაახლონ დიალოგი.

„მე ძალიან განვიცდი კიევში დაძაბულობის ესკალაციისა და მსხვერპლის რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ეს ძალადობა და სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ულტიმატუმის გამო, რომ პრობლემა ძალის გამოყენებით გადაიჭრას. მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის მთავრობას და ასევე ოპოზიციის ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ გამოძებნონ გამოსავალი ამ ღრმა კრიზისიდან და განაგრძონ მუშაობა დიალოგის გზით კრიზისის მოსაგვარებლად. როგორც კიევში ჩემი ყველა ვიზიტის დროს ვიმეორებდი, ევროკავშირი მზად არის, დახმარება გასწიოს ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი საშუალებით.“

კიევში დაპირისპირება სამშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გაარღვიეს უკრაინის პარლამენტის გარშემო მოწყობილი პოლიციის კორდონები და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ბლოკირება სცადეს. დემონსტრანტები შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს მმართველი „რეგიონების პარტიის“ ცენტრალურ ოფისს. დემონსტრანტები პოლიციას ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს“ უშენდნენ, პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სულ ცოტა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი ტყვიით არის დაღუპული.

ძალის გამოყენების დაუშვებლობაზე უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ:

„მე მხოლოდ ერთ ადამიანს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ სერგეი არბუზოვს დავურეკე და ვუთხარი მას, რომ კალაშნიკოვით შეიარაღებული „ბერკუტის“ პოლიციის დანახვა არის დიდი შეშფოთების საგანი და იგი დამპირდა, რომ საკუთრივ ის და მისი მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს იარაღი არ გავარდეს. უკრაინელებისა და უკრაინის მომავლისათვის ვლოცულობ, რომ ეს მართალი იყოს.“

სამშაბათს კიევის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციის ქვედანაყოფებს შორის მომხდარ შეტაკებებში ხუთი აქტივისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ცხრას აღწევს. დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეცაა,1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურცია.

კიევის თავისუფლების მოედანი ცეცხლის კვამლშია გახვეული. როგორც იტყობინებიან, იწვის ოპოზიციის მომხრეთა კარვები. ევრომაიდნის დამცველებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ჯავშანტრანსპორტიორს. სასწრაფო დახმარების მანქანებს საავადმყოფოებში გადაჰყავთ წმენდის ოპერაციის დროს დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციის ცნობით, შეტაკებების დროს 150-მდე აქტივისტი, პოლიციის ცნობით კი, 16 პოლიციელი დაშავდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG