Accessibility links

# 133 სამარშუტო ტაქსიდან დანახული თბილისი


ავტორი: იოსებ მშვიდი

"We always pay dearly for chasing after what is cheap.”
Aleksandr Solzhenitsyn


სამსახურიდან სახლში მიმავალი, თუ გამიმართლა და თავისუფალი სავარძელი ვიპოვე სიგარეტის, ოფლისა და აბეზარი სუნამოების სუნით გაჟღენთილ მიკროავტობუსში, ვუცქერ ლესელიძის ქუჩის საეკლესიო მარკეტთა ვიტრინებში გამომწყვდეულ ხატებს და ვხდები, რომ მანდაც მივიდა ქრისტიანობის მიერ აგრერიგად შერისხული კონსიუმერიზმი.
ხატები საბაზრო ეკონომიკის და მარკეტინგის პრინციპების სრული დაცვით არის მანუფაქტურებული და შეფუთული. ჩანს, რომ პროფესიონალის ნამუშევარია. ყავისფერი სხეული ოქროსფერ აბჯარში ჩაფლულა, რომელსაც აქა იქ პატიოსანი თვლები და თვით იერუსალიმის მიწაც კი ამშვენებს. აბჯარი ტყუილად არ ჩააცვეს. ის ხომ ბრძოლასთან ასოცირდება, რომელიც ასე ახლოა ქართველის მილიტარისტულ ბუნებასთან. მოკლედ, ყველა დეტალი გათვალისწინებულია. სხვა რა სჭირდება მომხმარებელში სურვილის აღძვრას ?
ხატზე ფასის აღმნიშვნელი სტიკერიცაა. ეგ არაფერი, მალე, ალბათ, შტრიხ-კოდებსაც დაიტანენ გამყიდველთა თვითშემოქმედების მოსათოკად და მეპატრონეთა დასამშვიდებლად. მაშინ არც არავის გაახსენდება შტრიხ-კოდში დამალული "მხეცის ნიშანი" და მასონების შეთქმულება. რატომ? მეტი მოგება, ამბობს მეპატრონე! ეს ხომ უზენაესია!
ხატების მსგავსად, მყიდველს ელის შორიახლოს მყოფი ჩოხაში გამოწყობილი თოჯინა თუ ჟანგიან ლურსმანზე ჩამომხრჩვალი ტყემლის ჩურჩხელა, რომელიც, ტრადიციული შეფერილობის მისაღებად ჭადის ფქვილით გაუპატიოსნებია დალოცვილ ბებოს.
ხატებს დიდი ხნით არ უწერიათ ტყვეობაში ყოფნა. მათდა სასიხარულოდ, თბილისში გავრცელებულია ხატების ჩუქება დაბადებისდღეებსა თუ სხვა შემთხვევებზე. აღარ უნდა ადამიანს ზედმეტი ფიქრი საჩუქრის შერჩევისთვის. ლესელიძის მარკეტები მას ადვილად უგვარებს ამ პრობლემას. ისე, კაცმა, რომ თქვა სად სცალია ფიქრისთვის? მან ხომ საკუთარ თავს ტელევიზორით გალეშვა მიუსაჯა?
აი უკვე, ერთი ჩვენებური დაიძრა ხატის გამოსახსნელად. გამყიდველს ფული მიუთვალა და ხატით ხელდამშვენებული თავის ბიზნესმენ-ნოლიტიკოს, უკაცრავად, პოლიტიკოსს ნათესავთან გაეშურა დაბადებისდღის მისალოცად.
გარდა იმისა, რომ საჩუქარი ჩამეთვლება, მდიდარ ნათესავს ამ წმინდა ნივთით იმასაც შევახსენებ, რომ უწინამც აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს, ფიქრობს მყიდველი. ამ აზრმა გული დაუამა და კიდევ ერთხელ გაუმართლა მისი ღარიბი ყოფა.
იუბილარი ხატს გამოსაჩენ ადგილზე დაჰკიდებს. ჟურნალისტებს მოიწვევს და ხატთან სამახსოვრო ფოტოსაც გადაიღებს, რითიც ღარიბებს ამცნობს, რომ მათთან ნამდვილად აქვს საერთო. ისიც მორწმუნეა!
უარეს შემთხვევაში, ხატს თავისსავე აშენებულ ეკლესიას შესწირავს, სადაც ჩვენი პოლიტიკოსის სამოთხეში მოხვედრისთვის ლოცვა უკვე დაწყებულია. ხატი აქაც აღებ-მიცემობის ფერხულში ჩაებმება და დამატებით სახსარს გაუჩენს მოძღვარს. სურვილების ასრულების სანაცვლოდ, შესაწირს ვერცხლი, შანდალს კი ბობოქარი სანთელი არ მოაკლდება. ერთ დღეს კი, იქნებ, მირონის დენაც დააწყებინონ . . .
მართალია ლესელიძის მარკეტთა ვიტრინებში დამწყვდეული ხატი ტრანსცენდენტთან კავშირისთვის აღარ გამოგადგებათ, სამაგიეროდ ყველას გვყავთ გვალენიანი ნათესავი, რომელსაც შეგვიძლია ის აჩუქოთ. ხატსაც იმასთან ურჩევნია. ამიტომ, როცა საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ ლესელიძის მარკეტები.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG