Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „სახელმწიფო გადატრიალებად“ აფასებს


კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მოუწოდა უკრაინის ოპოზიციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. რუსეთის მხარე მოითხოვს, რომ ევრომაიდნის ლიდერებმა შეწყვიტონ სისხლისღვრა საკუთარ ქვეყანაში და ყოველგვარი მუქარისა და ულტიმატუმის გარეშე, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი კანონიერ ხელისუფლებასთან,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მედიასთან საუბარში. კიევის ცენტრში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებში სულ მცირე 25 დემონსტრანტი და პოლიციელი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულს აღწევს. ოპოზიციის აქტივისტებმა, ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების პასუხად, ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს დასავლეთ უკრაინის რიგ რაიონებში. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, იგი მოელის „კონკრეტულ ზომებს უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, ხოლო „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“ ევროკავშირის წევრები, სავარაუდოდ, დამატებითი ძალების გამოყენების საკითხზეც იმსჯელონ.
XS
SM
MD
LG