Accessibility links

logo-print

თბილისის სოლიდარობა უკრაინელ ხალხს


კიევი, 19 თებერვალი

კიევი, 19 თებერვალი

საქართველოში გმობენ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს, რის შედეგადაც უკრაინის დედაქალაქში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის საქართველოს მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული ზურაბ ხურცია. კიევში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. 19 თებერვალს განცხადებები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხი დაპირისპირების საგნადაც იქცა. ამასობაში, მუქარა ისმის მოსკოვიდან. არის თუ არა იმის საფრთხე, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე საქართველო გახდეს?

”სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან”, - ვკითხულობთ საგარეო საქმრეთა სამინისტროს მიერ 19 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული ისიც, რომ საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

"კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება”, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ის სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს. განცხადებაში ხაზგასმულია მოწოდება, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაიწყოს დიალოგი, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი შენიშნავს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებას ეკისრება, ”რადგან იგი ვალდებულია არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე”.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ”საგანგაშო” უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 19 თებერვალს მან პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტს მიმართა:

”მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს, ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან უნდა დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან”.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, 19 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ”ღრმა მწუხარება” და ”ღრმა შეშფოთება” გამოხატა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. მან შეახსენა კოლეგებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტს 2 განცხადება აქვს მიღებული და რომ კვლავაც მტკიცე და უცვლელია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა საერთაშორისო თანამეგობრობის როლზეც:

”ჩვენი მიმართვაც პოლიტიკური წრეებისადმი - და ამჯერად არა მხოლოდ უკრაინული პოლიტიკური წრეებისადმი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი - რჩება უცვლელი, რომ მიღებულ იქნეს ყველა შესაძლო ზომა ძალადობის, ესკალაციის შესაჩერებლად და ყველა საკითხის დიალოგის გზით გადასაწყვეტად”.
ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად გავიხსენოთ ის სისხლიანი სასაკლაოები, რომელსაც თქვენ უწყობდით საკუთარ მოსახლეობას, მაშინ როდესაც დღეს ლაპარაკობთ პოლიტიკურ დევნაზე... მაშინ როდესაც დღეს საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ადამიანი, რომელიც 26 მაისის საქმისთვის, სანდრო გირგვლიანის საქმისთვის არის დღეს სასამართლოში წარდგენილი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია...

19 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე კიდევ არაერთმა დეპუტატმა გამოხატა გულისტკივილი, სამძიმარი თუ თანადგომა უკრაინელი ხალხის მისამართით. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა გამოსვლებს ერთმანეთისგან აშკარად ასხვავებდა რუსეთთან დაკავშირებული აქცენტი. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ მწვავე შეფასებებით ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ და მათ შორის იყო დეპუტატი გოკა გაბაშვილიც:

”მთავარი მტერი და მთავარი მოწინააღმდეგე თავისუფლების მთელ იმ სივრცეზე, რასაც ჩვენც განვეკუთვნებით, არის ვლადიმერ პუტინი, არის მისი პოლიტიკა. ის არის დაუძინებელი მტერი თავისუფალი არჩევანისა ყველა იმ ხალხის, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებას, რომელიც ესწრაფვის, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და რომელიც ცდილობს თავისი ბრძოლით შეამციროს იმ სიბნელის და ჩამორჩენილობის საზღვრები, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცე ჰქვია”.

გოკა გაბაშვილი და მისი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ საქართველოში, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ უკრაინის მსგავსი მოვლენები ვითარდება და რომ უკუსვლის ერთ-ერთ აშკარა ნიშანს რუსეთის აგრესიული მანქანის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ფიგურების და, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური დევნა წარმოადგენს. ასეთი შეფასებები უპასუხოდ არ დაუტოვებია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატს, თინა ხიდაშელს:

”ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად გავიხსენოთ ის სისხლიანი სასაკლაოები, რომელსაც თქვენ უწყობდით საკუთარ მოსახლეობას, მაშინ როდესაც დღეს ლაპარაკობთ პოლიტიკურ დევნაზე... მაშინ როდესაც დღეს საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ადამიანი, რომელიც 26 მაისის საქმისთვის, სანდრო გირგვლიანის საქმისთვის არის დღეს სასამართლოში წარდგენილი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და, ამასობაში, ძალიან სოლიდარულები ხართ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ასევე ვიბრძოდით ჩვენ თავისუფლებისთვის თბილისში 7 ნოემბერს, ზუსტად ასევე იბრძოდნენ თავისუფლებისთვის 26 მაისს თბილისში”.

ვიდრე საქართველოში განცხადებები და შეფასებები კეთდება, რუსეთი ახალი ქმედებებისთვის ემზადება. ”უკრაინა რუსეთისთვის მეგობარი, მოძმე სახელმწიფოა, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს გავლენას, რათა ამ ქვეყანაში გამეფდეს მშიდობა და სიმშვიდე” - ეს არის ფრაგმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადებისა, რომელშიც ანალიტიკოსების დიდი ნაწილი პირდაპირ მუქარას ხედავს.

რუსეთი განზრახვებს არ აკონკრეტებს, მაგრამ არ მალავს, რომ ცხოველ ინტერესს განიცდის უკრაინის მისამართით და პროცესებში აქტიურ ჩარევასაც აპირებს. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - თუკი რუსეთი უკრაინაში თავისას გაიტანს, ხომ არ იქნება შემდეგი საქართველო?

თენგიზ ფხალაძე

თენგიზ ფხალაძე

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სამიზნე, მართლაც, გახდნენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული საქართველო და მოლდავეთი, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მიიწევენ წინ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსეთი იმავენაირად ვერ იმოქმედებს:

”საქართველოსთან დაკავშირებით მე მტკიცედ მაქვს იმედი, პირველ რიგში, იმისა, რომ საზოგადოება აქ უფრო მტკიცეა, აქ უფრო ერთიანია. ამასთან, ძირითად სტრატეგიულ მიმართულებაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული არჩევანი, ამაში ხელისუფლება და საზოგადოება არის ერთად... და, პრინციპში, ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორისაც ამის თაობაზე არსებობს კონსენსუსი. ასე რომ, აი, ეს სიტკიცე იქნება ზუსტად ის, რამაც შეიძლება აღკვეთოს საქართველოში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება”.

თენგიზ ფხალაძე არ ეთანხმება აზრს, რომ საქართველოში შეიძლება ანტიევროპული განწყობები გაძლიერდეს იმის გამო, რომ ევროპა სათანადოდ ვერ ეხმარება ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩენილ უკრაინას. ამ სიტუაციაში მთავარ პრობლემად ანალიტიკოსი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, დაინტერესებული არ არის მიიღოს ევროპის და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება.
XS
SM
MD
LG