Accessibility links

logo-print

პატიმართა კლასიფიკაცია პოტენციური საშიშროების მიხედვით


„პატიმრობის შესახებ კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს პატიმართა კლასიფიკაციას იმის მიხედვით, რა პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ ისინი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, დღეს არსებული ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებს კიდევ ორი ტიპის საპატიმროები შეემატება - დაბალი და განსაკუთრებული ხიფათისა. კანონპროექტის ავტორია სასჯელაღსრულების სამინისტრო. სახალხო დამცველის აპარატი და ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებებში, დადებითთან ერთად, უარყოფით ასპექტებსაც ხედავს.

დაბალი და განსაკუთრებული რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრას, დანაშაულის სიმძიმის გარდა, უმთავრესად, პატიმართა ქცევა განაპირობებს. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე განმარტავს, ცვლილებები „პატიმრობის შესახებ კოდექსში“, სასჯელაღსრულების დაწესებულებათა კონტროლის მექანიზმის დახვეწის გარდა, მავნე, კრიმინალური ზეგავლენისაგან პატიმართა დაცვასაც მოემსახურება:

„ეს, ბუნებრივია, პატიმრებზე მავნე გავლენას ამცირებს. ბევრჯერ გაგვიგია ჩვენ, რომ, მაგალითად, ავარიისთვის მსჯავრდებული პირი არ იყო კრიმინალური მენტალიტეტის, მაგრამ იმის გამო, რომ უწევდა ასეთი კატეგორიის პატიმრებთან ყოფნა, გამოსვლის შემდეგ მისი მენტალიტეტი შეიცვალა და, ბუნებრივია, ეს საზოგადოების გიგა გიორგაძე

გიგა გიორგაძე

უსაფრთხოებაზეც მოქმედებს. ანუ ეს ყველაფერი როგორც პატიმრისთვის, ასევე ციხის მართვისთვის ცივილიზებული მეთოდით და კანონის დაცვით, ასევე საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი ცვლილებები და არის მნიშვნელოვანი რეფორმა“.

გიგა გიორგაძისვე განმარტებით, დაბალი და განსაკუთრებული რისკების დაწესებულებებში განსხვავებული იქნება პატიმრობის პირობები. ეს გამოიხატება, უმთავრესად, რეჟიმის სიმკაცრეში:

„ერთად უწევს ყველას, კრიმინალსაც და არაკრიმინალსაც ყოფნა და პატიმრების უმრავლესობა იძულებულია დაემორჩილოს იმ წესებს, რაც გარკვეულ ჯგუფს, სუბკულტურას, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს გააჩნია. მათი განცალკევება მოხდება. მათ ექნებათ საშუალება სასჯელი უფრო ლიბერალურ პირობებში მოიხადონ. იქ ექნებათ მათ დასაქმების, პროფესიის შეძენის საშუალება, გარე სამყაროსთან მეტი კონტაქტი, მეტი ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემანი, ულიმიტო სატელეფონო საუბარი და პირიქით“.

„და პირიქით“, ანუ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს არ ექნებათ ხანგრძლივი, ანუ 23-საათიანი პაემნით სარგებლობისა და საპატიმროს დროებით დატოვების უფლება. კანონპროექტის ეს ნაწილი არ მოსწონს და ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევად მიიჩნევს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიკა კვარაცხელია:

„ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია-შენიშვნა, რომ ასე სრულად არ ყოფილიყო გამორიცხული პაემნის შესაძლებლობა. შესაძლებელია მკაცრი წესი დაგვედგინა, თუმცა ამ უფლების საერთოდ შეზღუდვა მიგვაჩნია, რომ არ არის გამართლებული და მიგვაჩნია, რომ შესაძლოა ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების - დარღვევის საფუძველიც გახდეს“.

ზოგადად, ნიკა კვარაცხელიას სიტყვებით, ასეთი ტიპის დაწესებულებათა არსებობის საწინააღმდეგო სახალხო დამცველის აპარატს არაფერი აქვს, თუმცა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში, მაგალითად, სავალდებულო ელექტრონული თვალთვალის დაწესებითა და ხანგრძლივ პაემნებზე უარის თქით ირღვევა ადამიანის უფლებათა კონვენცია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავმჯდომარის აზრით, პატიმართა ამა თუ იმ ტიპის დაწესებულებაში მოხვედრის მექანიზმი უნდა იყოს ძალიან მოქნილი და უნდა არსებობდეს მისი გადახედვის შესაძლებლობა.
დაბალი რისკის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებას რომ ემატება დაწესებულების ტიპი, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად მოხდება ამ პატიმრების კლასიფიკაცია და ეს კარგია...

პატიმართა კლასიფიკაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფი მოახდენს, რომელშიც სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და სფეროს წარმომადგენელი სპეციალისტები შევლენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ჯგუფი შეაფასებს თითოეულ პატიმარს ინდივიდუალურად და ამის მიხედვით გასცემს დასკვნას.

სწორედ პატიმართა კლასიფიკაციასთან დაკავშირებით უჩნდება კითხვები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატს მაია ხუციშვილს. ის, ერთი მხრივ, მიესალმება იმას, რომ კლასიფიკაცია სასამართლოს გადასაწყვეტი არ იქნება, სასჯელის განსაზღვრის პარალელურად, მაგრამ ფიქრობს, რომ კანონში უნდა ჩაიდოს მკაფიო განმარტებები:

„დღესაც ნახევრად ღია დაწესებულებაში სასჯელს იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პირები, რომელთა სასჯელიც არ აღემატება 10 წელს, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მაგრამ სასჯელი იყო 2 წელი ან 3 წელი და ასეთი ტიპის მსჯავრდებული სად უნდა წასულიყო, არ წერია დღეს მოქმედ კოდექსში და ასეთი ტიპის პრობლემები ხშირად იყო ხოლმე. და დღეს უკვე ამ დაბალი რისკის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებას რომ ემატება დაწესებულების ტიპი, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად მოხდება ამ პატიმრების კლასიფიკაცია და ეს კარგია. თუმცა, თუ ანალოგიური გადანაწილება იქნება, ანუ შეფასება იმისა, თუ ვინ არის დაბალი რისკის ტიპის ან ვინ განსაკუთრებულის, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს პრობლემური იქნება“.

ამ კვირაში კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაც დაიწყო.
XS
SM
MD
LG