Accessibility links

logo-print
ავტორი: ფიქრია გოგინაშვილი

საბურთალოს ქუჩაზე, სახანძროსთან 4 დღეა რაც კარვები დგას და ეს უცნაური წარწერაა გაკრული. აქ მაშველები შიმშილობენ. უცნაური შეგრძნებაა, ადამიანები, რომლებსაც ჩვენი დაცვა ავალიათ, ვიღაცამ იმდენად გააბრაზა, რომ პროტესტის ასეთ სასტიკ ფორმას მიმართეს. ვესალმები, თან ფოტოებს ვიღებ. ზოგი გარეთაა, განსაკუთრებით დასუსტებულები საძილე ტომრებით წვანან. კარვების კედლებზე გაკრულ ხელნაწერ პლაკატებს ვეცნობი: "თემურ ცრუ", "გვჭირდება ახალი მენეჯერი", "ჩვენ თბილისელებს ვემსახურებით და არა გიორგაძეს", "შეწყდეს პროფკავშირების დევნა!" "რატომ არ დაჯდა პრემია?" ზოგიერთი სასაცილოდ გალექსილიც კია.

ახალგაზრდა, რომელიც სისუსტისაგან ვერ დგება, მიყვება რომ სამაშველოს უფროსი თემურ გიორგაძე მათ კუთვნილ პრემიებს ითვისებდა, საკუთარი აგარაკის მშენებლობაზე ამუშავებდა ბიჭებს, თავისი ოჯახის წევრები აიყვანა სამსახურში. სწორეთ მის მოხსნას და სამსახურიდან პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული 7 თანამშრომლის აღდგენას ითხოვენ. ამჟამად 17 მეხანძრე შიმშილობს. დანარჩენი თანაშრომლებიდან ზოგი გიორგაძის მომხრეა, ზოგს კიდევ სამსახურის დატოვების ეშინია. დასაკარგი არაფერი გვაქვს, უსაქმურებს გვეძახიან, მაშინ როცა რამდენიმე ჩვენგანი წლის საუკეთესო მაშველად დასახელდა, სპეციალური წვრთნები გვაქვს გავლილი, აგრძელებს ჩემი თანამოსაუბრე და თან სახეზე ფერი არ ადევს. წყალი და უშაქრო ჩაი, 4 დღეა სხვა არაფერი მიუღია.

ამასობაში, სასწრაფო მოდის. ჩემი რესპონდენტი რესპუბლიკურში გადაჰყავთ. დანარჩენები კითხულობენ როგორ იქნება. თუ გადასხმას არ გაიკეთებს, შეიძლება მოკვდეს, მკაცრად ამბობს ექიმი. საკაცე სამჯერ მიარახუნეთ კედელზე, ხუმრობს ვიღაცა, ყველა ვიცინით. ბავშვობაში მეხანძრეები მხიარული, დომინოს მოთამაშე ბიძაკაცები მეგონა, ესენი კი ახალგაზრდები არიან. ვემშვიდობები ბიჭებს და მეგობრებთან მივდივარ. მოგვიანებით ფეისბუქით მატყობინებენ რომ მაშველმა, საავადმყოფოში გადასხმაზე უარი განაცხადა. სახლში მოვდივარ, ფოტოებს ვამუშავებ და ვწერ პოსტს, რომელსაც ახლა კითხულობთ...

გუშინ, ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩის ფოტოგრაფიას ეძღვნება, ხანდაზმული ქალი-ფოტოგრაფი იხსენებდა მეხანძრეებს. ყვებოდა, როგორ მუშაობენ, ამაყი იყო, რომ მათ რთულ საქმეს ფირზე იღებდა. ჩვენთან კი მაშველებს შველა სჭირდებათ და საზოგადოების სოლიდარობა. ბათუმში და რუსთავში მძღოლების გაფიცვაა, კაზრეთში მადნეულის მუშების. იქნებ, ასე მაინც მიექცეს ყურადღება დასაქმებულთა უფლებებს. მთავარი ხომ მაინც ადამიანთა ღირსებაა და არა შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG