Accessibility links

logo-print

ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადის ფინალისტთა შორისაა


სოჭში მიმდინარე ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის ელენე გედევანიშვილმა, მოკლე პროგრამაში მე-17 შედეგი აჩვენა და იმ 24 სპორტსმენს შორის მოხვდა, ვინც ხუთშაბათს ნებისმიერი პროგრამით წარდგება მაყურებლის წინაშე. მოკლე პროგრამის შემდეგ კი ლიდერობს კორეელი იუნა კიმი, რომელიც უმნიშვნელო უპირატესობით უსწრებს რუსეთის წარმომადგენელს ადელინა სოტნიკოვას. ოთხშაბათს წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა სამთომოთხილამურეებმა იასონ აბრამაშვილმა და ალექსი ბენიაიძემ, რომელთაც გიგანტური სლალომის ტრასაზე პირველივე ცდაზე მოეცარათ ხელი და დისტანცია ვერ დაასრულეს. ამ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა აშშ-ის წარმომადგენელმა ტედ ლიგეტიმ. სხვა ოლიმპიური მოვლენებიდან აღსანიშნავია რუსეთის ჰოკეისტთა მარცხი (1:3) ფინეთის ნაკრებთან შეხვედრაში. ამ წაგებით ასპარეზობის მასპინძლები ტურნირს გამოეთიშნენ და ნახევარფინალის საგზური ფინელებს დაუთმეს. ნახევარფინალური წყვილები კი ასეთია: შვედეთი-ფინეთი და კანადა-აშშ.
XS
SM
MD
LG