Accessibility links

logo-print

უკრაინის კრიზისი და ყირიმში რუსული სეპარატიზმის ზრდა


ყირიმი

ყირიმი

უკრაინის უკიდურესად გამწვავებული კრიზისით გამოწვეული რყევები იგრძნობა ყირიმის ნახევარკუნძულზე, მიწაზე, რომელიც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია და რომელსაც რუსეთი, მართალია, მისი ტერიტორია არაა, იოლად ვერ თმობს. ამასთან, წელს 70 წელი სრულდება, რაც ყირიმელი თათრები მათი მიწიდან გადაასახლეს. ჩვენმა კორესპონდენტმა, რობერტ კოლსონმა, ამას წინათ ყირიმში იმოგზაურა. მისი რეპორტაჟიდან შეიტყობთ, რომ პრორუსული ძალების მოძლიერებას, რაც ყირიმელი თათრების შეშფოთებასაც იწვევს, ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა და უკრაინისგან ყირიმის გამოყოფა შეიძლება მოჰყვეს.

რობერტ კოლსონისთვის აშკარა იყო, რომ ყირიმში, რომლის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნას კიევი 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა მმართველის, ნიკიტა ხრუშჩოვის, ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას უნდა უმადლოდეს, პრორუსული განწყობილება გაძლიერებულია. როცა რუსეთის იმპერატორმა ეკატერინა დიდმა ის კვლავ გამოსტაცა ოსმალეთს, ტავრიის გუბერნიად აქცია და რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა, ყირიმი „დღეიდან და სამარადჟამოდ“ რუსული გახდა. მეოცე საუკუნეში, როცა უკრაინელები რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლის, „პერეიასლავის რადის“, 300 წლისთავს აღნიშნავდნენ, ნიკიტა ხრუშჩოვმა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ის უკრაინას გადასცა, რომელმაც მოგვიანებით, უკვე ჩვენს ეპოქაში, რუსეთის არმიას მისი საზღვაო ბაზა სევასტოპოლში დიდი ხნით დაუმტკიცა. ყირიმში, სიმფეროპოლში, ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა პარლამენტის დეპუტატს, სერგეი შუვაინიკოვს, რომლის ოფისსაც საბჭოთა სიმბოლიკა და ისეთი ლოზუნგები ამშვენებს, როგორიცაა „რუსეთთან კავშირში“.

„დღეს, ფაქტობრივად, მოწმენი ვართ უკრაინის ნაციონალური იდეის შექმნის მცდელობებისა, უკრაინული ენის ვითომ დაცვისა, თუმცა არც კი ვიცი, ვისგან უნდა დავიცვათ ის. ხდება რუსული ენის დისკრიმინაცია და შევიწროება. აქ აშკარად ჩანს პოლიტიკური მომენტი, რომ სურთ, რუსებს წაართვან რუსული ენა, ამ ეთნოსის, ამ ერის მთავარი იდენტიფიკაცია, წაართვან ახალგაზრდებს, ბავშვებს უფლება, ახსოვდეთ, რომ რუსები არიან. ანუ, ფაქტობრივად, ხდება რუსული ეროვნების, უკრაინაში რუსი ხალხის ცნების განადგურება“.

ასე ხედავს ვითარებას შუვაინიკოვი, რომელსაც აქვს თავისი, მისივე თქმით, „ბუნკერი“, საიდანაც იმართება მისი ორგანიზაციები, რუსული თემების კონგრესი და რუსული ფრონტი, რომლებსაც ის თავმჯდომარეობს. ამ ორგანიზაციების მიერ იყო მოწყობილი ნატოსა და ევროკავშირის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, როცა ნოემბერში კიევში არეულობა დაიწყო. ყირიმი უკრაინაში ერთადერთი რეგიონია, სადაც რუსები უმრავლესობას წარმოადგენენ. აქ მოქმედი პრორუსული ჯგუფების მიზანია უკრაინის დატოვება რუსულ ორბიტაზე და ევროპაში ინტეგრაციის თავიდან აცილება. ეს ჯგუფები ცდილობენ მოსახლეობაში, განსაკუთრებით რუს მართლმადიდებლებსა და ყირიმის თათრულ მოსახლეობაში, რომელიც მთელი მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენს, გააღვივონ შიში მომავლისა, თუ უკრაინა რუსეთს ჩამოშორდა და ევროპისკენ გადაიხარა. ყირიმის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება არანაირად არ არის ხელსაყრელი ყირიმელი თათრებისთვის, ეთნიკური უმცირესობისთვის, რომელიც ნახევარკუნძულიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლოს,1944 წელს, გადაასახლეს ნაცისტებისადმი მათი დამოკიდებულების, მათი დიდი ნაწილის ოკუპანტებთან კოლაბორაციის გამო. როგორც სხვა - ასევე მასობრივად დეპორტირებული - ერები საბჭოთა იმპერიაში, ყირიმელი თათრებიც დააბრუნეს ყირიმში, მაგრამ მხოლოდ 1988 წლიდან. ახლა ისინი შიშით მოელიან ხვალინდელ დღეს. მათი ერთ-ერთი ლიდერი, თვითგამოცხადებული „მეჯლისის“ არჩეული თავმჯდომარე რეფათ ჩუბაროვი, ამბობს, რომ რუსეთი რეგიონალურ დაძაბულობას პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს:

„როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოსკოვი ინტენსიურად ეძებდა საშუალებებს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა ეს ტერიტორიები: მთიანი ყარაბახი, სომხეთი, აზერბაიჯანი, დნესტრისპირეთი, მოლდავეთი. აწყობდა პროვოკაციებს თბილისთან, საქართველოში; ცდილობდა შეექმნა ინტერფრონტი ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. ცენტრი, ანუ მოსკოვი, ყირიმს განიხილავდა როგორც კაუჭს, რომლითაც შეინარჩუნებდა მთელ უკრაინას“.

პრორუსული ორგანიზაციების რიცხვი მხოლოდ შუვაინიკოვის „ფრონტით“ არ შემოიფარგლება. 12 თებერვალს სიმფეროპოლში, შენობაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ დააფინანსა, ყირიმში მოქმედი რუსული ორგანიზაციების - მათი რიცხვი ათზე მეტია - საერთო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სკაიპის მეშვეობით სტუმრობდა იური მეშკოვი, ყირიმელი რუსი სეპარატისტი, რომელიც 90-იან წლებში ყირიმის რეგიონის პრეზიდენტი იყო. ამ ჯგუფების საერთო წარმომადგენელია ვალერი პოლიახი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში აკრძალულია საჯაროდ სეპარატიზმისკენ მოწოდება, ამას არ ერიდება. ის მომხრეა, რომ ყირიმი, უკრაინის ვალების გაუქმების სანაცვლოდ, იჯარით რუსეთს გადაეცეს. როცა ჩვენმა კორესპონდენტმა მას ჰკითხა, რა მოხდება, როცა ასეთი იჯარის ვადა გავაო, პოლიახს პასუხი მზად ჰქონდა:

„არა მგონია, უკრაინამ 99 წელი იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. რუსეთი კი იქნება, რადგან ის წამყვანი გლობალური მოთამაშეა აშშ-თან, ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთად. ასე რომ, ცხადია, რუსეთი იარსებებს. მაგრამ უკრაინა იარსებებს კია? ამიტომაც, ვითარების მოგვარების ეს პრინციპი ყველას დააკმაყოფილებს“.

ყირიმის პრორუსული ჯგუფები უარყოფენ, რომ მოსკოვთან კავშირში არიან. მაგრამ რუსეთის ყოფნა ყველგან იგრძნობა. სიმფეროპოლის რუსული საკონსულო ეთნიკურ რუსებს ყირიმში შეუფერხებლად აძლევს რუსეთის მოქალაქის პასპორტებს. ეს უკანონო ქმედება კიევში პროტესტის მიზეზი გახდა. გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, კრემლის წამყვანი იდეოლოგი ვლადისლავ სურკოვი იყო იქ ჩასული და დახურულ კარს მიღმა შეხვედრები გამართა ყირიმის პრორუსულ მმართველებთან. ყირიმის გზებზე, როგორც ჩვენი კორესპონდენტი წერს, უამრავ ბილბორდს ნახავთ, რომლებიც დადგმულია არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერეთ მაიდანის“ მიერ. ბილბორდებზე წაიკიხავთ ლოზუნგებს: „არა ექსტრემიზმს“, „არა უცხოეთიდან ჩარევას“, „ჩვენ სტაბილურობა გვსურს“. „შეაჩერეთ მაიდანმა“ მთავრობის მომხრე ასობით აქტივისტი გაგზავნა კიევში და იქ დემონსტრაციაში მონაწილეობა დაავალა. ისინი იანუკოვიჩს მოუწოდებდნენ, უკომპრომისოდ ჩაეხშო საპროტესტო გამოსვლები. ისევე როგორც სხვა ბევრ რეგიონში, ყირიმშიც, ასე ფიქრობს თათართა მეჯლისის თავმჯდომარე. ყირიმს შიგნით ეთნიკური დაპირისპირების მიზეზი არ არსებობს, ასეთი ანტაგონიზმი მანიპულირებულია და ამას მაშინ ვამჩნევთ, როცა მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა იძაბებაო, ამბობს რეფათ ჩუბაროვი.
XS
SM
MD
LG