Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებული და შესაძლო მეურვეების სასამართლო სარჩელები


“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოქმედი სამეურვეო საბჭოს 6 წევრის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და გადაწყვეტილების მიღებამდე მაუწყებლის შესახებ კანონის გარკვეული ნორმების მოქმედება შეაჩერა. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის კონკურსში მონაწილე იმ 8 პირის სარჩელი, რომლებიც პარლამენტმა ასარჩევად არ დაასახელა. ისინი დეპუტატებს კანონის დარღვევაში ადანაშულებენ. რა ხდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოსთან ირგვლივ?

საკონსტიტუციო სასამართლომ 19 თებერვალს დასაშვებად ცნო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოქმედი სამეურვეო საბჭოს 7-დან 6 წევრის სარჩელი. მეურვეები მათთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას ასაჩივრებენ, ვინაიდან „მაუწყებლის შესახებ კანონში“ 12 ივლისს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მათ უფლებამოსილება უწყდებათ მაშინვე, როგორც კი ახალი წესით არჩეული სამეურვეო საბჭო დაიწყებს მოქმედებას. მოქმედი სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გიორგი მელაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუგზავნია ცნობა იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე მიიღო საქმე წარმოებაში, ძნელია კომენტარის გაკეთება, თუმცა ფაქტია, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სანამ სასამართლო ამ სარჩელს განიხილავს, პარლამენტი ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ისედაც გაჭიანურებულ პროცესს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ განაგრძობს - ამდენი დრო აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორც მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ეს სარჩელი პარლამენტს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, რაკი ისედაც გაჭიანურებული და ჩიხში შესული პროცესიდან გამოსავალი მაინც არ ჩანდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ორი მოსმენით ახალი სამეურვეო საბჭოს მხოლოდ რამდენიმე წევრი დაამტკიცა. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გამოიყენა მისთვის კანონით განსაზღვრული კვოტა და, 3 კანდიდატის ნაცვლად, კენჭისყრაზე 1 დაასახელა. არც უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა გამოიყენეს თავიანთი კვოტა და, 3-ის ნაცვლად, ორი კანდიდატი დაასახელეს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ვაკანტურია სამეურვეო საბჭოს 5 წევრის ადგილი.
ზვიად ქორიძეს საკონსტიტუციო სასამართლოსგან მისაღები გადაწყვეტილების ორი ვარიანტი აქვს - ან დააკმაყოფილებს მოსარჩელე მხარის სარჩელს სასამართლო, ან არა:

მარტივად რომ ვთქვათ, უბრალო უმრავლესობა არის კოალიცია „ქართული ოცნება“ მხოლოდ, იმიტომ რომ მათ აქვთ უბრალო უმრავლესობა პარლამენტში და ისინი ირჩევენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებს. შესაბამისად, ერთი ჟესტით უკვე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭოში დღეს მმართველ კოალიციას ექნება უმრავლესობა...
ზვიად ქორიძე
„თუ უარყო, ეს ნიშნავს, რომ უბრუნდება პარლამენტი უკვე დაწყებულ პროცედურას და შემდეგ ან განაგრძობს ამ წარდგენილი 27 კანდიდატიდან ამორჩევას, ან, მართლაც, გამოაცხადებს ხელახალ კონკურსს, რადგან სადღაც ეს უნდა გადაწყდეს, და თუ მეორე ვარიანტი მოხდა, ანუ თუ კანონის ეს ჩანაწერები სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით უკანონოდ ცნო, უკვე უბრუნდება პროცესი 2013 წლის 12 ივლისამდე არსებულ ჩანაწერს“.

ეს უკანასკნელი ჩანაწერი კი ითვალისწინებს იმას, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა არის 15-კაციანი, საიდანაც თითო ადგილზე სამ კანდიდატურას ასახელებს პრეზიდენტი, რომელსაც დაამტკიცებს პრემიერი და შემდეგ პარლამენტის უბრალო უმრავლესობა თითო ადგილზე სამი კანდიდატიდან ერთს დაამტკიცებს.

„მარტივად რომ ვთქვათ, უბრალო უმრავლესობა არის კოალიცია „ქართული ოცნება“ მხოლოდ, იმიტომ რომ მათ აქვთ უბრალო უმრავლესობა პარლამენტში და ისინი ირჩევენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებს. შესაბამისად, ერთი ჟესტით უკვე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭოში დღეს მმართველ კოალიციას ექნება უმრავლესობა“, ამბობს ზვიად ქორიძე.
პარლამენტის ნაძალადევის რაიონის მაჟიორიტარი დეპუტატი, მაუწყებლის შესახებ კანონის ერთ-ერთი თანაავტორი თამარ კორძაია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ ერთი თვის განმავლობაში კი ნებისმიერი გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, - მათ შორის, ხელახალი კონკურსის გამოცხადება, - სულ მცირე, არაგონივრულია. ამასთან, თამარ კორძაია ამბობს, საპარლამენტო ხელისუფლებისთვის არც ხელსაყრელია არსებული ვითარება და არც არასასურველიო:

რომ წარმოვიდგინოთ ისეთი ვითარება, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენოს თავისი ვალდებულება და, მაგალითად, არ წარადგინოს პრემიერის კანდიდატურა, მაშინ სად მივა, საერთოდ, სახელმწიფო მმართველობა...
ნაზი ჯანეზაშვილი
„რატომ უნდა აწყობდეს ვინმეს? ვთქვათ, თუ ვინმეს საკუთარი კანდიდატურის ყოლა უნდოდა, მაშინ რატომ უნდა აძლევდეს ხელს? მაშინ ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს? არა მგონია. ერთი სიტყვით, ეგ არც ისე აძლევს ხელს და არც ასე არავის თავის საქმეში. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული სამართლიანობა, რადგან სასამართლოს აქვს უფლება შეაჩეროს კანონის მოქმედება, მაგრამ სასამართლო გარკვეულ ვადებშია შემოფარგლული ამ თავისი უფლებამოსილებით“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მოქმედი 6 წევრის გარდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილე 8 პირსაც. ისინი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტატებს უჩივიან იმის გამო, რომ მათ საკუთარი კვოტის გამოუყენებლობით დაარღვიეს მაუწყებლის შესახებ კანონი. სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილე ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა განუმარტოს დეპუტატებს კანონის ის ჩანაწერი, რომელიც მათ თავისებურად გაიგეს:

„სასამართლოს ყურადღებას ჩვენ ვამახვილებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ტერმინის „წარუდგენს“ განმარტება. რომ წარმოვიდგინოთ ისეთი ვითარება, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენოს თავისი ვალდებულება და, მაგალითად, არ წარადგინოს პრემიერის კანდიდატურა, მაშინ სად მივა, საერთოდ, სახელმწიფო მმართველობა, თუკი ასე განმარტავს პრეზიდენტიც, რომ „წარუდგენს“არის მხოლოდ უფლება და არა ვალდებულება?“

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ, სარჩელის მიუხედავად, პარლამენტი სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევას განაგრძობს ან ახალ კონკურსს გამოაცხადებს, კანონის მოქმედების შეჩერებაც მოითხოვონ სასამართლოს გზით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG