Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი - სიმბოლოების თვალით


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

ბიბლია - ღვთის საჩუქარი ადამიანებს, ყველაზე პოპულარული, ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოცემა - ათასწლეულებია იპყრობს კაცობრიობის გულსა და გონებას. ის სამყაროს შემოქმედთან ურთიერთობას გვიადვილებს. ივრითი ენაა, რომელზეც დაიწერა თორა, იგი ითვლება ყველა ენის დასაბამად. მასში არაფერია შემთხვევითი, მისი შემადგენელი სიტყვები, თვით ცალკეული ასოებიც შეიცავენ არა მარტო თითოეული ენისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, არამედ ღრმა სიმბოლოებს, ღვთის ენერგიის უნიკალურ ტრანსფორმატორს, რამაც შექმნა და რაც განაგებს ცხოვრებას.
სახელი - მისი მფლობელის მამოძრავებელი ძალის ფუძეა. ბიბლიურმა იაკობმა ღმერთისგან მიიღო სახელი ისრაელი მას შემდეგ, რაც დაამარცხა უფლის ანგელოზი.მაშინ ღმერთმა უთხრა მას: „იაკობი არ იქნება შენი სახელი, არამედ შენი სახელი იქნება ისრაელი, რადგან შენ ებრძოდი ანგელოზს და ადამიანებს და გაიმარჯვე“ (დაბად. 32:28). სიტყვა იაკობი ივრითზე - ეკევ - ქუსლს ნიშნავს, რაც მიანიშნებს ჩაგრულ მდგომარეობაზე, ხოლო ისრაელი თავს, ანუ დროთა შემდეგ ყველა ხალხების თავს, მეგზურს.
მხოლოდ მას მერე, რაც ღმერთმა სახელებში - აბრამი და სარა, შეცვალა ასოები, მათ შეეძინათ შვილი და შემდგომ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა.
ბიბლიაში მრავალი მაგალითია იმისა, რაოდენ დიდ მნიშვნელობას, სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს ღმერთი არა მარტო ადამიანების, ერების, ქვეყნების, არამედ ცხოველების სახელებსაც. თითოეულ მათგანში ზედმიწევნით ზუსტად არის ჩადებული საკუთარი არსი, მიმართება ამ სახელის პატრონთან.
ებრაელი ბრძენები, კაბალისტები, მრავალი საუკუნის განმავლობაში იკვლევდნენ და იკვლევენ ამ საოცრებას - ივრითს ბიბლიასთან, თორასთან, თალმუდთან მიმართებაში. სახელი, ნებისმიერ ენაზე, სრულიად ახასიათებს მის მფლობელს, გასაღები კი თორას ენაში დევს. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობამ ერთ საგულისხმო დასკვნამდე მიმიყვანა: რუსეთი საერთაშორისო ენაზე გამოითქმება, როგორც „რაშა“ – Russia. „რაშა“ კი ივრითზე ნიშნავს ავკაცს, ცოდვილს, ბოროტმოქმედს, დამნაშავეს, ხოლო ამ სიტყვის ფუძედ მიჩნეულია ასო, რომელიც სამშტოიანია და ადამიანის ( ან ქვეყნის ) სამ უარყოფით თვისებას გამოხატავს: ეჭვიანობა, არაკონტროლირებადი მადა, პატივისცემაში ყოფნის სურვილი ( რაბი გლაზერსონი ).
„რაშა“ ყველაფერს თავის ნებაზე აქცევს და ყველაფერს თავისი სურვილისამებრ აკეთებს. ის არ ემორჩილება ზეციურ და ბუნებრივ კანონებს და ამიტომაც ხდება ცოდვილი და ავკაცი. სიბრძნის წიგნი „თოსეფეთ ზრახი“ ასე ხსნის „რაშას“: „აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ცოდვილი, რომელიც პანიკაშია, ეშინია, ხელიდან არ გაექცეს თავისი გაუმაძღარი სურვილი, წადილი, რადგან მას არ ძალუძს კონტროლი გაუწიოს თავის გრძნობებსა და გატაცების ქარიშხალს“. თუ თვალს მივადევნებთ, რუსეთი თავისი ისტორიის განმავლობაში, ერთი შეხედვით, მართლაც ამ თვისებების მატარებელი ჩანს. რევოლუციის აჩრდილი, რომელიც ევროპაში „დაბოგინობდა“,1917 წელს შემთხვევით არ გამოსდებია მაინცდამაინც რუსეთს. ყოველივე ზემოთ თქმული ეხება სახელმწიფოს და არავითარი კავშირი არ აქვს მის მოსახლეობასთან.
რუსეთი ჩვენი მძლავრი მეზობელია. ორსაუკუნოვანი საერთო ისტორია გვაკავშირებს მასთან, კულტურა, მეგობრობა, მათ შორის მტრობაც. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს მჭიდრო, მისტიკური კავშირი. რუსეთს აქვს პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან, სხვა ქვეყნებთან. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, როგორც წესი ითხოვდა, წამყვანი ქვეყნების პირველი პირები არ ჩამოვიდნენ. მრავალეროვან რუსეთს აქვს დიდი პრობლემები ქვეყნის შიგნითაც. იქნებ, რუსეთს სჭირდება თანადგომა, მორალური დახმარება, რათა თავიდან მოიშოროს ცოდვილის სახე, მოინანიოს და არა კიჟინი, თუ რა ბოროტია ის და ქვების სროლა მისი მიმართულებით. ვფიქრობ, მას მსოფლიოში ძალზედ ცოტა მეგობარი შემორჩა. არ ჩანს არავინ, ვინც მას საერთაშორისოდ მიღებული წესებით თამაშზე დაიყოლიებს. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველო იქნება ეს ქვეყანა?
P.S. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ყაზახეთი აპირებს სახელის შეცვლას, „ყაზახ ელი“ უნდა დაირქვას...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG