Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი მინისტრი სოფელ აბანოში


აგარის გადასახვევიდან სოფელ აბანომდე ათიოდე კილომეტრია, მაგრამ დაზიანებული გზის მონაკვეთის გავლას მანქანა ნახევარ საათს ანდომებს. სოფელ აბანოში ტრაქტორები მომავალი სკოლის საძირკველს ჭრიან. იქვე მოსახლეობა იკრიბება და ერთბაშად სამი მინისტრის დანახვისას საკუთარ პრობლემებზე იწყებს საუბარს. სოფელი აბანო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, რუსმა მესაზღვრეებმა მეზობელ სოფელ წნელისთან მავთულხლართები გაავლეს. გზის გარდა, სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივი მცხოვრები როინ მიქელაძე მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა მიწის დამუშავება დაჩქარდეს.

აბანოელებს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესტუმრნენ. ისინი სოფლის სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. აბანოს სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა. ბოლო 13 წლის განმავლობაში სკოლის 50 მოსწავლე ერთ ძველ შენობაში სწავლობდა, თუმცა რთული პირობების გამო ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ. უკვე რამდენიმე თვეა აბანოს მოსწავლეები საციხურის სკოლაში აგრძელებენ სწავლას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის მშენებლობა დასრულდება და 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სკოლის მშენებლობა პასუხია მავთულხლართებზე. მას იმედი აქვს, რომ ამ სკოლაში ახლო მომავალში ქართველ ბავშვებთან ერთად ეთნიკურად ოსი მოსწავლეებიც ისწავლიან.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია
ადგილობრივი პრობლემების მოსმენის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების გარდა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებაც გაუმჯობესდება.

აბანოელები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და იქ არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაჩქარებული ტემპებით აღადგინონ, თორემ ასეთი სოფლებიდან შიდა მიგრაცია წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება.
XS
SM
MD
LG