Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 21 თებერვალი


„რატომ გაახსენდა მაინცდამაინც ახლა „ოცნების“ მხარდამჭერები ღარიბაშვილს?“ - ეს შეკითხვა გაზეთმა „ალიამ“ დღეს ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძეს დაუსვა. საქმე კი ეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას თანამებრძოლებისადმი, რომ „ვინც ერთგულად და თავდაუზოგავად იბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება“. რამაზ საყვარელიძის თანახმად, ღარიბაშვილის ასეთი განცხადება გამოწვეულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და, კერძოდ, ღარიბაშვილმა შეამჩნიეს საზოგადოებაში გაზრდილი კრიტიკული დამოკიდებულება და შეამჩნიეს ისიც, რომ გახშირდა იმედგაცრუებაზე საუბარი. „სასურველია, თუ აუცილებელი არა, - ამბობს რამაზ საყვარელიძე, - რომ ის, რაც ითქვა ღარიბაშვილის ტექსტში, გახდეს მათი მუდმივი მდგომარეობა და არ იყოს სეზონური“.

გაზეთ „ვერსიის“ რესპონდენტი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი კითხვაზე, არის თუ არა „რუსთავი-2“ „ნაციონალური მოძრაობის“ დასაყრდენი და ეწევა თუ არა პარტიის პროპაგანდას, პასუხობს: „ არა, ეს კრიტიკული ტელევიზიაა და მთავრობის პრობლემების წარმოჩენა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია. ჩვენი ბრალი არაა, თუ მთავარი ოპოზიცია ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც დღემდე განაპირობებს „ნიუსებს“ საქართველოში. ამის არგაშვება წარმოუდგენელია. რაც შეეხება სამთავრობო ამბებს, ამას შექმნა უნდა და ამ კუთხით, ვფიქრობ, მთავრობას პრობლემები აქვს“.

„ვის დაჭერას აპირებს პროკურატურა?“-ამ საკითხით კი დღეს გაზეთი „ახალი თაობა“ დაინტერესდა. სტატია შეეხება ერთ კონკრეტულ საქმეს - 2010 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლებად მყოფთა საქმეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დამკვირვებლებად რეგისტრირებულ პირთა სია გამოითხოვა. პროკურატურის წერილიდანვე ირკვევა, რომ სადავო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტია, კერძოდ, ცესკოში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტს შეეხება. „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი თაობის“ თანახმად, ეჭვობს, რომ პროკურატურა ახლო მომავალში იმ პირთა დაწიოკებას გეგმავს, ვინც უკრაინაში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფებოდა. არჩევნებზე საქართველოდან, „ახალი თაობის“ ცნობით, 2000 დამკვირვებელი გაემგზავრა. ისინი ძირითადად თბილისის საკრებულოს, პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ.

„ეკონომიკა იზრდება... ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე“ - სტატიას ამ სათაურით გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. მასში გამოთქმულია აზრი, რომ ახალი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ციფრებით მანიპულირებს, რაზეც მეტყველებს ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დაასახელა. „ნოდარ ხადურის ინფორმაციით, - ვკითხულობთ სტატიაში, - იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა“. „რეზონანსის“ თანახმად, ეკონომიკის სფეროს ექსპერტების ერთი ნაწილი ამ მონაცემებს ემხრობა, თუმცა სპეციალისტების ნაწილს ასეთი ნახტომი ეეჭვება. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი ხელისუფლება აზვიადებს და ეკონომიკური ზრდის გადაჭარბებულ მაჩვენებელს გვთავაზობს. ამ აზრს, სტატიის თანახმად, ამყარებს ის ფაქტიც, რომ ერთბაშად მზარდმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე ადეკვატური ასახვა ვერ პოვა. ყოველ შემთხვევაში, ეს არსად იგრძნობა.
XS
SM
MD
LG