Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკოს ფაქტორი


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

ვიტალი კლიჩკო რომ არ ყოფილიყო უკრაინელთა ოპოზიციის ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ის, რაც კიევში დღეს ხდება, არ მოხდებოდა.

თუ არ ვცდები, 2003 წლის ადრიანი გაზაფხულია. მშვენიერი, პატარა, კოხტა ქალაქი პერესლავლი, 56 ეკლესია - მონასტრით, მოსკოვიდან 120 კილომეტრის დაშორებით. ჩემი სერბი მეგობარი მშენებლები „ახალი რუსისათვის“ მდინარის პირას, პლეშჩეევოს ტბის მახლობლად, სამსართულიან ფეშენებელურ კოტეჯს აშენებენ. სერბებს ათიოდე, ეგრეთ წოდებული, გასტარბაიტერი ეხმარება უკრაინიდან. ახალგაზრდა, ზრდილობიანი ბიჭები არიან, რომლებიც შედარებით ნაკლებ ხელფასს სჯერდებიან. მე, როგორც დამკვეთის წარმომადგენელი, ხშირად ვარ პერესლავში.

იმ დღეს უკრაინელები, რომლებიც უკრაინის ქალაქებიდან: ზაპოროჟიე, უჟგოროდი, ლვოვი და სხვა, იყვნენ ჩამოსულები, ერთად „მომვარდნენ“ თხოვნით: რამდენიმე დღეში კლიჩკოს ბრძოლაა ბრიტანელ ლიუისთან და როგორმე დაგვეხმარე, ძალიან გვინდა მატჩს ვუყუროთო. კრივისგან შორს ვიყავი, მაგრამ როდესაც ამ ბიჭების ანთებულ თვალებს შევხედე, მივხვდი, რომ მათ აუცილებლად უნდა დავხმარებოდი. მათი თხოვნისამებრ, მოსკოვიდან ჩამოვიტანე საანტენო და სხვა მოწყობილობები. საქმეს მაშინათვე შეუდგნენ, თეფში სახურავზე აიტანეს. ისე აიტაცეს სერბებიც - ძირითადი სპეციალისტებიც, რომ ოციოდე ადამიანი, ჯერ კიდევ მშენებარე სახლში, მთელი დღე ამონტაჟებდა სატელევიზიო მიმღებ მოწყობილობას. გვიან ღამით მორჩნენ ყველაფერს, სიგნალებიც მიიღეს და რომ გენახათ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

კლიჩკო - ლიუისის ორთაბრძოლა პროფესიონალებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის, მოსკოვის დროით დილით, ძალიან ადრე - 5 თუ 6 საათზე უნდა დაწყებულიყო. როგორც მერე გავიგე, უკრაინელ ახალგაზრდებს მთელი ცივი ღამე ღია, ყოველი მხრიდან გამჭოლ, მშენებარე სახლში, მატჩის მოლოდინში, თეთრად გაუთენებიათ.

დილის 5 საათზე მოსკოვში, ჩემი მობილური ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. - კოსტია ბიძია, გვაპატიეთ, რომ გაგაღვიძეთ, შუქი არ არის და რამე გვიშველეთო! როგორ უნდა მივშველებოდი? გონს უცებ მოვეგე, წამოვხტი და კომპიუტერი ჩავრთე. ბრძოლის მიმდინარეობა სად ვეძებო, არ ვიცი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ძებნის ამდენი საშუალება, როგორც დღეს არის. გადმოგირეკავთ-მეთქი, ვუთხარი. ავნერვიულდი და გამალებით დავიწყე ძიება. და აი, მივაგენი მხოლოდ ტექსტურ ონლაინკომენტარს. გადავრეკე პერესლავლში, ვკარნახობ, რასაც ვკითხულობ. დაახლოებით ასე იყო: კლიჩკო გადავიდა შეტევაზე, ორჯერ მოახერხა დარტყმის მიყენება, ლიუისმა მოიგერია და ა.შ. ჩემს ნათქვამს კი, ის ბიჭი, ვისაც ველაპარაკებოდი, ყველას გასაგონად ხმამაღლა იმეორებდა. ყიჟინა, შეძახილები, სასოწარკვეთილი ხმები ერთმანეთში ირეოდა...

დარწმუნებული ვარ, მთელი უკრაინა უყურებდა თავიანთი ლეგენდარული სპორტსმენისა და შვილის, ვიტალი კლიჩკოს ამ და შემდგომ შეუპოვარ ბრძოლებს. ბრძოლებს, რომლებითაც მან თავის ქვეყანას სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა. უკრაინელები არა მარტო უყურებდნენ, ქომაგობდნენ, განიცდიდნენ, არამედ მასთან ერთად გადადიოდნენ შეტევაზე, საშინელ დარტყმებსაც იღებდნენ.

და აი, კლიჩკო დგას მაიდანზე, ხალხთან ერთად, აბა, მიეკაროს ლიუისი... ბერკუტი თუ, ვინც გნებავთ. ბოლომდე იბრძოლებენ, გამარჯვებამდე!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG