Accessibility links

თუკი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს ქვეყნების გაკვირვებით იწონებდა თავს, ახალი ხელისუფლება სულ მალე ევროკავშირს გააოცებს.

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და, ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა ელვის უსწრაფესად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სტილში - ყოველგვარი კამათისა და განხილვის გარეშე დაამტკიცა გადაწყვეტილება საქართველოს სამხედრო ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნის შესახებ.
ამ გადაწყვეტილების რეალიზების შემთხვევაში, საქართველოს, სამხედროების რაოდენობით, ცენტრალურ აფრიკაში საფრანგეთის შემდეგ სიდიდით მეორე ქვედანაყოფი ეყოლება.

საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონია და საქართველოს შეიარაღებული ძალები სულ რამდენიმე კვირაში ვალდებულნი იქნებიან ჩაებან კიდევ ერთ სახიფათო მისიაში, რომელმაც მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ წერტილში სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.

10 წლიანი კოშმარი და სისხლისღვრა

20 თებერვალს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კატასტროფული უწოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას და საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა იმოქმედოს სწრაფად, რათა ქვეყანა იხსნას კოშმარისა და სისხლისღვრისგან, რომელშიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა სამოქალაქო ომისა და რელიგიური დაპირისპირების შედეგად აღმოჩნდა:

„ქვეყანაში [ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში] შექმნილი ვითარება წლების განმავლობაში დგას გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. მაგრამ დღევანდელი კრიტიკული მდგომარეობა განსხვავებულია და უფრო შემაშფოთებელი ძალის. ეს არის კატასტროფა, რომელიც მძიმედ აისახება კაცობრიობის შეგნებაზე. უკანასკნელი წლის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ერთიმეორის მიყოლებით მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი და გადავარდნა უკანონობასა და რელიგიური შუღლის საფუძველზე მომხდარ ძალადობაში. კრიზისმა უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, უსახლკაროდ დარჩა მილიონამდე ადამიანი, ხოლო 2.5 მილიონი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს“.

უამრავი სამოქალაქო პირი იღუპება. და ეს მსხვერპლი არ არის პარტიზანულ ჯგუფებს შორის ბრძოლის ეგრეთ წოდებული კოლატერალური, თანმდევი შედეგი. მათ გამიზნულად ხოცავენ - რელიგიური რწმენისა და აღმსარებლობის, მათი ვინაობისა და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის წევრობის გამო...
სამოქალაქო ომი და რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფების დაპირისპირება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სხვადასხვა ინტენსივობით, სულ მცირე, 10 წელია გრძელდება. 2003 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოვიდა ფრანსუა ბოზიზე, რომელმაც პრეზიდენტი ანჟ ფელიქს პატასე დაამხო. მართალია, გადატრიალებიდან ორი წლის შემდეგ ბოზიზემ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ სულ მალე მასაც აუმხედრდნენ უკმაყოფილი ქრისტიანული და მუსლიმანური პარამილისტარისტული დაჯგუფებები, რომლებმაც ხელისუფლება სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

მყიფე მშვიდობა საბოლოოდ 2012 წლის დეკემბერში დაირღვა, როდესაც „სელეკას“ სახელწოდებით მოქმედმა ალიანსმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბევრი მსხვილი ქალაქი ჩაიგდო ხელში. ერთწლიანი ბრძოლების შემდეგ პრეზიდენტი ბოზიზე იძულებული გახდა ჯერ კონგოში, შემდეგ კი კამერუნში გაქცეულიყო, ქვეყანა კი ქაოსმა და დაპირისპირებამ მოიცვა, რაც, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შეფასებით, უბრალო ადამიანების განურჩეველ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა:

“უამრავი სამოქალაქო პირი იღუპება. და ეს მსხვერპლი არ არის პარტიზანულ ჯგუფებს შორის ბრძოლის ეგრეთ წოდებული კოლატერალური, თანმდევი შედეგი. მათ გამიზნულად ხოცავენ - რელიგიური რწმენისა და აღმსარებლობის, მათი ვინაობისა და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის წევრობის გამო. ექსტრემისტული დაჯგუფება „სელეკას“ სამიზნეს მუსლიმები წარმოადგენენ, თუმცა ისინი ქრისტიანებსაც ხოცავენ“.

„სელეკა“ VC მაჩეტებიანი ექსტრემისტები

თავის მხრივ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქრისტიანულმა მოსახლეობამ საკუთარი თავდაცვითი რაზმი შექმნა, გასამხედროებული დაჯგუფება „ანტი-ბალაკა“, რომლის მაჩეტეთი შეიარაღებული წევრები მუსლიმანურ უმცირესობას სასტიკად უსწორდებიან. რელიგიური ბრძოლებისა და გენოციდის შესაჩერებლად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საფრანგეთისა და აფრიკის კავშირის სამხედრო ქვედანაყოფების გადასროლის შესახებ.

შეიარაღება იქნება ისეთი, როგორიც ტრადიციულად გვხვდება აფრიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. ჩვენ გვექნება მანევრისათვის საჭირო ელემენტები, შესაბამისი კავშირგაბმულობის მოწყობილობით, საინჟინრო, ლოგისტიკური და სამედიცინო საშუალებებით...
მაგრამ ეს ძალები საკმარისი არ არის და გაეროს დახმარების ხელი ევროკავშირმაც გაუწოდა. როგორც სებასტიან ბრაბანტმა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის პრესმდივნის თანაშემწემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირის სამშვიდობო ქვედანაყოფის დაკომპლექტება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასაგზავნად ფორსირებულად მიმდინარეობს:

„ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას. მაგრამ გარდა ამისა, ევროკავშირმა, მთლიანობაში, ერთსულოვნად გადაწყვიტა სამხედრო ოპერაციის დაწყება, რაც იქნება დროებითი მისია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის, მათ შორის, ადგილზე საფრანგეთისა და აფრიკის კავშირისა, მისიების მხარდასაჭერად. ჩვენ ამ ოპერაციის დაგეგმვის ბოლო ეტაპზე ვართ, რაც მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება“.

საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო და ევროკავშირი ჩქარობენ სამშვიდობო ოპერაციის გაფართოებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც მუსლიმანები და ქრისტიანები ერთმანეთს არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ მაჩეტეებითაც ხოცავენ. ამა წლის 20 იანვარს ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიის გაგზავნას. ევროპამ ასევე გამოყო ნახევარი მილიარდი დოლარი, რაც ცენტრალური აფრიკის მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას, მოქმედი პრეზიდენტის მიშელ ჯოტოდიას ძალაუფლების განმტკიცებას და ევროპის კონტინგენტის შესაბამის აღჭურვილობას მოხმარდება:

„შეიარაღება იქნება ისეთი, როგორიც ტრადიციულად გვხვდება აფრიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. ჩვენ გვექნება მანევრისათვის საჭირო ელემენტები, შესაბამისი კავშირგაბმულობის მოწყობილობით, საინჟინრო, ლოგისტიკური და სამედიცინო საშუალებებით. ასევე მთავარია უშუალოდ მოვლენის ეპიცენტრში ყოფნა, რათა დავიცვათ ადამიანები, შევაჩეროთ და აღვკვეთოთ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტები“.

„საქართველო - კვლავ ავანგარდში!“

ამბობს სებასტიან ბრაბანტი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის პრესმდივნის თანაშემწე, რომელმაც ჩვენთან საუბარში ევროკავშირის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტს, რომელმაც 21 თებერვალს, 106 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სამხედრო მისიაში.

ასეთი წვლილის გაღება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველომ ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობაზე თანხმობა გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში განაცხადა, როდესაც ხელი მოაწერა შესაბამის შეთანხმებას.

თუმცა, როგორც ირკვევა, სამოქალაქო ომში ჩაფლულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო დანაყოფის გაგზავნის შემთხვევაშიც, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც ზუსტად ისეთი ექსტრავაგანტური მიდგომა აქვს, როგორიც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მიმართ ჰქონდა საქართველოს წინა ხელისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სამხედრო მისიის რაოდენობა, რომლის დაკომპლექტებაში ესტონეთი, ლიტვა, სლოვენია, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი და შვეცია მონაწილეობენ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისათვის 500 კაცით განისაზღვრა. პატარა საქართველო კი სულ მალე მთლიანი ევროპული ქვედანაყოფის მეხუთედს - ერთ ასეულ სამხედრო მოსამსახურეს - გაგზავნის სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეულ და გენოციდის ზღვარზე მყოფ აფრიკულ ქვეყანაში, რომლის ადგილმდებარეობაც კი შესაძლოა არ იცოდეს ამ გადაწყვეტილების მიმღებმა ბევრმა ქართველმა კანონმდებელმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG