Accessibility links

logo-print
16 თებერვალი, კვირა
კვირაა, მაგრამ მუშაობა მიწევს. „რელიგიური უმცირესობების საჭიროებების კვლევა“, წესით, უკვე დასრულებული უნდა მქონდეს. წელს, და 2013-შიც, ხელისუფლებამ მათთვის განსაკუთრებულად „მოიცალა“. იმდენი რამ მოხდა, ყველაფრის შესწავლას, რეაგირებას, პარალელურად კვლევას და პროექტის კოორდინაციას ვერ ვასწრებდით.

12 საათზე შემოდის მეზობელი, სამი წლის ანასტასია - ინგლისურში ვამეცადინებ. ანასტასია მაგიდაზე ამბობს - „book“, თოჯინაზე - „table“. დედაჩემი ასკვნის, რომ, „ენების ნიჭი“ არ აქვს. არ ესმის, რომ უბრალოდ პატარაა, და არც მე ვარ გადასარევი მასწავლებელი.

ორისთვის „პროსპეროში“ მივდივარ. სახლში ვერ ვმუშაობ. ოფისი ჯერ არ გვაქვს, ამიტომ ხან სახლში ვრჩები, ხან კაფე-კაფე დავბოდიალობ. საღამომდე პატიოსნად გავშიფრე ყველა დარჩენილი ინტერვიუ. გზაში მხვდება ნაცნობი, ერთმანეთს ვუღიმით, ვცვლით სტანდარტულ ფრაზებს: „როგორ ხარ-კარგად-შეენ?“ არადა, დარწმუნებული ვარ, სულ არ აინტერესებს, როგორ ვარ.

გადავხედე ახალ ამბებს. მხვდება სტატია: „მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვლიდან გაიხსნება“. შიდა ტურიზმს ვავითარებთ?

17 თებერვალი, ორშაბათი
ათის ნახევარზე მე და ეკას, TDI-ის იურისტს, ინტერვიუ გვაქვს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წარმომადგენლებთან. იანვრიდან ახალი პროექტი დავიწყეთ: კონსტიტუციური სეკულარიზმისა და რელიგიური დისკრიმინაციის კვლევა. უნდა ჩავატაროთ მედიის დისკურს-ანალიზი, ვაჩვენოთ, რამდენად არღვევენ ქართველი პოლიტიკოსები სეკულარიზმის პრინციპს და როგორი მიკერძოებულები არიან მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. კიდევ, უნდა შევისწავლოთ ბოლო სამი წლის განმავლობაში რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევები.

შეხვედრაზე ადვენტისტები თავიანთ პრობლემებზე გვიყვებიან. უკვე რამდენიმე თვეა, თეთრიწყაროში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას ვერ ახერხებენ. შენობა საკულტო ნაგებობა არაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი მაინც ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს უქმნის. თავიდან, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა უარის არგუმენტად დაასახელეს წერილი, რომელსაც 400 მეზობელი აწერს ხელს. განცხადება დაახლოებით ასეთი შინაარსისაა: ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, და „სექტანტებს“ უფლებას არ მივცემთ, რაღაც საეჭვო შენობა წამოჭიმონო.

ნაცნობი რიტორიკაა. საქართველოში მსგავს პრობლემას აწყდება თითქმის ყველა არამართლმადიდებელი რელიგიური გაერთიანება. რა გასაკვირია?! რელიგიურ ნაციონალიზმს საპატრიარქო წლებია, წარმატებით ნერგავს. გაუნათლებელი სასულიერო პირები განსხვავებულის მიმართ სიძულვილს ქადაგებენ. ისე, მაინც მგონია, რომ 17 მაისი გარდამტეხი იყო, და ფუნდამენტალიზმის საფრთხე ბევრმა გააცნობიერა.

ინტერვიუს მერე მედიათეკაში მივდივარ სამუშაოდ. ფეისბუკზე გაჩაღებულია დისკუსია საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ. ისე, მე მარიხუანის ლეგალიზაციას ვემხრობი.

საღამოს მივდივარ კოორდინატორთან, პროექტის დასრულების ვადა ერთი თვით გადამიწია და ნეპალში კარგი სასტუმროც მირჩია. აპრილში მეგობრებთან ერთად, ნეპალში ვაპირებ წასვლას.

სახლში ვბრუნდები. დედა მოწყენილია. მსაყვედურობს, რომ დღის განმავლობაში ერთხელაც არ დავურეკე, რომ გულცივი ადამიანი ვარ, მარტო მეგობრები და სამსახური მაინტერესებს. დედისერთობა ძნელია. თან ხანშიშესულია. მეც ვიცი, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ. სინდისიც მქენჯნის. სულ მარტომ გამზარდა 90-იანებში, შემაყვარა წიგნები და თავისუფლება, რომლის წართმევასაც უნებურად ცდილობს. დედაჩემი ჩემთვის წიგნივითაა. მასში მარტოობის შესახებ ერთ დიდ რომანს ვკითხულობ. ამიტომაც არ მეშინია მარტოობის. ეს ჩემთვის მოცემულობაა, და არა აღმოჩენა.

ძილის წინ ვუყურებ პოლ ანდერსონის ფილმს The Master. ქართულად რატომღაც „მბრძანებლად“ თარგმნეს. კარგი ფილმია, ხოაკინ ფენიქსი და ფილიპ სეიმურ ჰოფმანი თამაშობენ. მინდა რეცენზიები წავიკითხო, მაგრამ თვალები მეხუჭება. ტომ კრუზის აღშფოთებულ კომენტარს მოვკარი თვალი, რეჟისორმა საიენტოლოგიური მოძღვრება დამახინჯებულად წარმოაჩინაო...

18 თებერვალი, სამშაბათი
9 საათზე მე და ეკა იეჰოვას მოწმეებს ვხდებით. 90-იანებისგან განსხვავებით, წიგნებს აღარ უწვავენ და სასიკვდილოდ არ იმეტებენ, თუმცა, 2013 წელს მათ წინააღმდეგ სამართალდარღვევის 40-ზე მეტი შემთხვევა მოხდა. 2012 წელს მხოლოდ ათი ასეთი შემთხვევა აღირიცხა, რაც ნიშნავს, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. პრობლემა ბევრია: გამოუძიებელი საქმეები; სკოლებში ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა; დარბაზის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები სურამში, ხაშურსა და დედოფლისწყაროში . თავიდან, ხაშურის მუნიციპალიტეტმა მათ სასაცილო არგუმენტი დაუსახელა: აქ ახლოს სასაფლაოა და ვერ აგაშენებინებთო.

ინტერვიუს მერე მედიათეკაში მივდივარ. დღეს მართლმადიდებელი ეკლესიების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოვაქვეყნოთ. როცა საპატრიარქოს დაფინანსებაზე ვლაპარაკობთ, ძირითადად, 25 მილიონს ვახსენებთ ხოლმე. არადა, სასულიერო პირები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებიდან, სამინისტროებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ბევრად მეტ მატერიალურ სარგებელს იღებენ. მაგალითად, 2013 წელს მარტო თბილისის რაიონულმა გამგეობებმა ეკლესიებს დახმარების სახით თითქმის მილიონნახევარი ლარი გადაურიცხეს. რეგიონებში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ცალკე პროგრამაც კია გამოყოფილი: „ეკლესიის მხარდაჭერა“ და შეფასების ინდიკატორად მითითებულია „ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცება“. პრიორიტეტებიც კარგად ჩანს: სახელმწიფოს ურჩევნია უსინათლოთა დახმარების პროგრამაზე 12 ათასი ლარი დახარჯოს, პატრიარქის ეპისტოლეების გამოცემაზე კი - 272 ათასი!

სახლში ადრე დაბრუნდი. მგონი, ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, ათზე დავიძინო. ამასობაში, თურმე, უკრაინაში სამოქალაქო ომი იწყება. „ბერკუტმა“ აქტივისტები დაარბია. ცხრა ადამიანია დაჭრილი და უამრავი - დაშავებული. ცოტა ხანში, ფეისბუკზე მერაბ ბასილაიას სტატუსს ვკითხულობ: „მე მივდივარ პარლამენტთან. ახლავე დავდგეთ“. რამდენიმე წუთში მეგობრები ღამის 12-ისთვის ორგანიზებას ვუკეთებთ აქციას. თამუნა გურჩიანი მწერს, რომ აუცილებლად მივა. ტაქსიში ვჯდები და მივდივარ. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანია.

19 თებერვალი, ოთხშაბათი
ჩემი დილა „ტრიფიდების დღის“ შესავალივითაა: „როცა ოთხშაბათი კვირადღესავით იწყება, რაღაც რიგზე ვერ არის“. წუხელ აქციიდან ორზე დავბრუნდი. დილას მაღვიძარა ისე გამითიშავს, რომ ვერც გავიგე. დამესიზმრა, თითქოს კვირა იყო. ბალიშიდან თავი ათზე ავწიე, არადა 11-ის ნახევარზე შეხვედრა მაქვს ასურელ კათოლიკეებთან. შეწუხებული ვურეკავ ბატონ ბენიამინს, ვუბოდიშებ და ინტერვიუს პარასკევს ვნიშნავთ.

მერე მოდის უკრაინის ამბები. სხვაზე ვერც ვერაფერზე ვფიქრობ. 25-მდე დაღუპული, რამდენიმე ასეული დაჭრილი... იანუკოვიჩი ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს. დასავლეთი დუმს.

ჩვენთან კი რა ხდება? კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იმართება რუსული რომანსების საღამო „Это было недавно“. უკრაინის მოვლენების ფონზე, რა „დროული“ და „ადეკვატური“ ღონისძიებაა! ალბათ, საღამოზე ბეწვის ქურქებში გამოწყობილი „ინტელიგენცია“ მივა და ნოსტალგიური სახით დაიწყებს მტკიცებას, რომ კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა განზომილებებია.

დედა მახსენებს, რომ ტელეფონის ფულის გადახდა ისევ დამავიწყდა. „ჰო, აი დღეს გადავიხდი უეჭველი!“ - ვამშვიდებ.

შვიდზე პარლამენტის წინ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე მივდივარ. თამუნა გურჩიანი ამბობს, რომ ასეთი აქციები უკვე უინტერესო გახდა და რაღაც უფრო ეფექტური და კრეატიული უნდა მოვიფიქროთ.

აქციის მერე ვიკრიბებით და სამომავლო აქტივობებს ვგეგმავთ. ბევრი საინტერესო იდეა „ჩამოვყარეთ“. მათ შორის, უკრაინაში აქტივისტების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-კონცერტის გამართვა. შემოსული თანხა უკრაინაში დაზარალებული დემონსტრანტების დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება; არტ-აქცია - ქალაქის რომელიმე ცარიელი შენობის კედელს უკრაინის დროშის ფერებში შევღებავთ. ეს მონახაზია. შეიძლება მხატვრებმა რამე უკეთესიც მოიფიქრონ. ორგანიზატორები როლებს ვინაწილებთ. მე ყველაზე ადვილი დავალება მაქვს: მედიასთან ურთიერთობა და ჩვენი ყველა ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

20 თებერვალი, ხუთშაბათი
დილა ყავით და თავის ტკივილის გამაყუჩებლებით იწყება. „კინდლში“ ახალი წიგნი ჩავიწერე - ტერი პრატჩეტის და ნილ გეიმანის Good Omens. რა კარგი გამოგონებაა ეს „კინდლი“, მსუბუქი და კომფორტული. თორემ, ჩვიდმეტინჩიან ლეპტოპთან და ბლოკნოტებთან ერთად, სქელტანიან წიგნს რა ათრევდა!

დღისით მონაცემებს ვამუშავებ კვლევისთვის და თან უკრაინის ამბებს ვადევნებ თვალს.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს ხალხი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს ვიწრო, პარტიულ ჭრილში განიხილავს. ასეთი ადამიანი ან სულელია, ან მენტალურად ისევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს. ეს აქციები გასცდა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის თემას. ესაა ღია ბრძოლა ღირებულებებს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საღამოს შვიდზე კიდევ ერთი აქციაა პარლამენტის წინ. მხატვრებს ვხვდებით, იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს. იმედგაცრუებული დავრჩით ზოგიერთი მათგანის ნაკლები ენთუზიაზმის გამო.

სახლში ვბრუნდები. ვაპირებ, კომპიუტერი არ ჩავრთო, მაგრამ ტელეფონში შეტყობინება მომდის, ბუდაპეშტელი მეგობარი მწერს. გამიხარდა, დიდი ხანია არ გვილაპარაკია. მენატრება ბუდაპეშტი. ჩემი „დორმი“, კერეპეშის ქუჩა და CEU-ს ბიბლიოთეკა. როგორც ერთი ჩემი მეგობარი წერს, ბუდაპეშტმა დაუკითხავად იცის მოსვლა და მობუდაპეშტებაო. ჰოდა, ამ საღამოს მეც ზუსტად ასე მომებუდაპეშტა.

21 თებერვალი, პარასკევი
დილას მე და ეკა ასირიულ-ქალდეური წესის კათოლიკური ეკლესიის მღვდელს, ბენიამინ ბეთიადეგარს ვხდებით. ეკლესია ქავთარაძეზეა. 2009-ში იქ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სასულიერო პირები შენობის გახსნას აპროტესტებდნენ. ხელში ეჭირათ პლაკატები: „ვგმობთ ვატიკანის აგრესიას!“ ბენიამინი ამბობს, რომ მართლმადიდებელი მრევლის წევრები დღემდე დადიან ბიბლიით ხელში და ეკლესიის დანგრევისთვის ლოცულობენ.

დღისით კვლევას ვწერ. საღამოს MDF-ის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაციაზე მივდივარ: „ქალები წარსულიდან“; მერე - აქციაზე.

ისევ დამავიწყდა ტელეფონის ფულის გადახდა.

სახლში გვიან ღამით ვბრუნდები. 12-ის მერე დაბადების დღე აღვნიშნესავით.

22 თებერვალი, შაბათი
დღეს ჩემი დაბადების დღეა. 28 წლის გავხდი. ნახევრად ოკუპანტი ვარ, ანუ, ნახევრად რუსი. უფრო სწორად, პოლონური წარმოშობის რუსი. ბავშვობაში დედამ თავის გვარზე გადამიყვანა, თორემ, ვიქნებოდი ახლა მალინოვსკაია.

როგორიც იქნა, ტელეფონის ფული გადავიხადე!

მოლოცვებს ვიღებ. უღიმღამო ამინდია. წვიმიანი. Good Omens-ს ვკითხულობ.

დღეს ისტორიული დღეა, მამა გაბრიელის საფლავზე პილიგრიმობაა. ყველას კი არ უმართლებს ჩემსავით. ისე, რა დამთხვევაა, და ცნობილი „მასონის“, და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანის, ბექა მინდიაშვილის შვილის დაბადების დღეცაა.

დღიურების წერასაც ვამთავრებ.

ხუთზე რაგბია: საქართველო-რუსეთი, საღამოს - უკრაინელების მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი.

იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, უკრაინაშიც და ჩვენთანაც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG