Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაიას ადვოკატის პოლიციური წარსული


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავა ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ინტერესებს იცავს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ონიანმა დანაშაული ჩაიდინა 2011 წელს, როცა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მსახურობდა.

გიორგი ონიანი 23 თებერვალს, გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს, თუმცა ვიდრე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდნენ, ადვოკატმა განცხადების გაკეთება მოასწრო:

„ვაზისუბანში ვაპირებდი კენჭისყრას მაჟორიტარად, მაგრამ როდესაც ეს გაიგეს პრკურატურაში, ყველა ჩემი თანამშრომელი დაიბარეს, საშინელ დღეში ჩააგდეს და სთხოვეს მათ დაეწერათ ჩემზე რაღაც სისულელეები“.

თუმცა ის, რასაც დაკავებულმა ადვოკატმა „სისულელე“ უწოდა, მოგვიანებით მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებას ბრალდების სახით წარუდგინა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, გიორგი ონიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობისას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავა კომპანია „დუო პრინტის“ ხელმძღვანელი დავით შათირიშვილი:

ბატონმა ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში, დადო მაგიდაზე ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა ასეთი რამ: იცი, რაც მოგივაო. მან ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა დიდი საფრთხე, რადგანაც ოჯახიდანაც ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისევე როგორც ჩემი მეუღლის ოფისიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკებს...
დავით შათირიშვილი
„დავით შათირიშვილს ჩაუტარდა ჩხრეკა, მაგრამ არანაირი ნარკოტიკული საშუალება მას არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შათირიშვილი ასეთ სიტუაციაში განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო, გიორგი ონიანის ბრძანებით, იგი უკანონოდ იქნა გადაყვანილი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დავით შათირიშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს მისცა მითითება, რომ საქმის მასალებში აესახა შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია“.

პროკურორის თქმით, გიორგი ონიანის ძალისხმევის შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 24 თებერვალს სამიწლისწინანდელი თავგადასავალი გაიხსენა დავით შათირიშვილმა, რომლის თქმითაც, კომპანია „დუო პრინტმა“, რომელშიც ის მენეჯერად მუშაობდა, ბერა ივანიშვილის შეკვეთით, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი მაისურები დაამზადა:

„ბატონმა ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში, დადო მაგიდაზე ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა ასეთი რამ: იცი, რაც მოგივაო. მან ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა დიდი საფრთხე, რადგანაც ოჯახიდანაც ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისევე როგორც ჩემი მეუღლის ოფისიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკებს... ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ ამეღო იქვე შეთავაზებული მარიხუანა“.

დავით შათირიშვილის თქმით, ყოველივე ეს 2011 წლის 15 ოქტომბერს მოხდა, თუმცა პროკურატურას მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმართა. ადვოკატის დაკავებას მყისიერად გამოეხმაურა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი, რომლის თქმითაც, სამართალდამცავი ორგანოები თვეების განმავლობაში ხელს უშლიდნენ გიორგი ონიანს ადვოკატის უფლება-მოვალეობის განხორციელებაში:

როგორც ჩანს, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივი ლიდერების დაპატიმრების შემდეგ, ახლა უკვე დადგა ადვოკატების ჯერი, ხოლო საქართველო გადაიქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც მოქმედებს ერთადერთი კანონი - ხელისუფლების უკანონო სურვილების ასრულება...
ნუგზარ წიკლაური
„საბოლოოდ, გოგა ონიანი რომ მოეშორებინათ ამ საქმისათვის, ორი კვირის წინ მოწმედ დაკითხეს. ანუ მისი დევნა პირდაპირ კავშირშია მის საქმიანობასთან. ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის სამოქალქო სექტორს. ეს არის სკანდალი, როცა „ევროპის ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ითხოვს ამ ადამიანზე განხორციელებული ზეწოლის გამოძიებას და ამის სანაცვლოდ, პირიქით, აკავებენ გოგა ონიანს. ვაპირებ ხვალიდან დავიწყოთ აქციები და მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს“.

ზაზა ხატიაშვილმა ასევე გამოაქვეყნა 18 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომელიც „ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა“ და სამართლის საზოგადოებების საბჭოს ხელმძღვანელმა ალდო ბალგარელიმ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა და რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ქართველი ადვოკატების, მათ შორის, გიორგი ონიანის დევნა-შევიწროებაზე. გიორგი ონიანის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობაც“. ნუგზარ წიკლაურის თქმით, ხელისუფლებამ შური იძია ბაჩო ახალაიას ადვოკატზე, რომელმაც რამდენიმე პროცესის მოგება შეძლო:

„როგორც ჩანს, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივი ლიდერების დაპატიმრების შემდეგ, ახლა უკვე დადგა ადვოკატების ჯერი, ხოლო საქართველო გადაიქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც მოქმედებს ერთადერთი კანონი - ხელისუფლების უკანონო სურვილების ასრულება და მათი ბოღმა-შურისძიების ასრულება იმ გზით, რომ დაკავებული იქნეს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები“.

თუკი გოგა ონიანი უკანონო ბრძანებებს გასცემდა, მაშინ მისი ხელქვეითი ალექსანდრე ჭიკაიძე უთუოდ იქნებოდა ერთ-ერთი შემსრულებელი ამ ყველაფრისა...
თეა თუთბერიძე
გიორგი ონიანის დაკავებაში შერჩევითი სამართლის ნიშნებს ხედავს „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, რომლის თქმითაც, პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც გიორგი ონიანის ყოფილი ხელქვეითი:

„თუკი გოგა ონიანი უკანონო ბრძანებებს გასცემდა, მაშინ მისი ხელქვეითი ალექსანდრე ჭიკაიძე უთუოდ იქნებოდა ერთ-ერთი შემსრულებელი ამ ყველაფრისა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურისგან მოვისმინოთ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგი“, უთხრა თეა თუთბერიძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი ონიანის დაკავების გამო ხელისუფლების მისამართით კრიტიკას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ სამართალდამცველებს აქვთ კითხვები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ეგონათ, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“ აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადვოკატებისთვის განსაკუთრებულ ნორმებს, გამონაკლისსა და განსხვავებულ რეგულაციას არ ცნობს.

თამარ გიმრაძის თქმით, კანონმდებლობით, პროკურატურას ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა ადვოკატის დაკავებაზე ნებართვის გაცემა. რაც შეეხება დაკავებისა და ჩხრეკის აუცილებლობას, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია მას შემდეგ იმსჯელებს, რაც პროკურატურის შუამდგომლობასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნობა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG