Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი ამერიკაში - საქართველო მეტი ყურადღების მოლოდინში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვაშინგტონს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით სტუმრობს, შეხვედრებს გამართავს როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა თუ მედიის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტს ანალიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, მით უმეტეს, რომ, მათი ერთი ნაწილის შთაბეჭდილებით, ბოლო პერიოდში ამერიკამ საქართველოს მიმართ ყურადღება მოადუნა.

შეხვედრები თეთრ სახლში, მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და მასთან ერთად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომის გახსნა; შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა" და ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელებთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, სავაჭრო პალატის პირველ პირებთან, აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო ცენტრის მკვლევარებთან, ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან (NDI), ამერიკელ ბიზნესმენებთან; სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში; შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან - ეს არის არასრული ჩამონათვალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განრიგისა, რომლითაც, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მან 28 თებერვლამდე უნდა იხელმძღვანელოს.

ეს არის შესანიშნავი შანსი საქართველოს მთავრობისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი ხელისუფლების დემოკრატიული, მშვიდობიანი, ისტორიული ცვლილების შემდეგ, უთხრა ჟურნალისტებს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ამჟამად თავადაც ვაშინგტონში მყოფმა, რიჩარდ ნორლანდმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მონისტრის გაცნობას მასპინძელი მხარე დიდი ინტერესით ელოდება.

დაგეგმილი გვაქვს ვისაუბროთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მაგრამ, რასაკვირველია, ასევე საშინაო პრიორიტეტებზეც. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამოსაყოფია, რასაკვირველია, ევროპასთან ინტეგრაცია...
მაია ფანჯიკიძე
იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებში ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი პირველია ახალი ხელისუფლებისთვის და ასევე პირველია თავად პრემიერ-მინისტრისთვის, მის მნიშვნელობას საგანგებოდ უსვამენ ხაზს საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებიც. ირაკლი ღარიბაშვილის თანმხლებ სამთავრობო დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მედიასთან საუბრისას ვაშინგტონში განსახილველ პრიორიტეტულ თემებს გამოყოფს:

”დაგეგმილი გვაქვს ვისაუბროთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მაგრამ, რასაკვირველია, ასევე საშინაო პრიორიტეტებზეც. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამოსაყოფია, რასაკვირველია, ევროპასთან ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და, ალბათ, რუსეთთან ურთიერთობა ძალიან დააინტერესებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს”.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ჭრილში ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს მხარეები რუსეთის ფაქტორს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და, საერთოდ, რეგიონში შექმნილ სიტუაციას გვერდს რომ ვერ აუვლიან, ეს ცხადია ანალიტიკოსებისთვის. მაგალითად, როგორც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრემიერის ვიზიტი გამორჩეულ ფონზე მიმდინარეობს:

ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც, წესით, უნდა იყოს. აშკარაა, რომ ჩვენ რაღაცას ვაკლებთ... და ღარიბაშვილს შეუძლია, რომ ხელახლა ამოქოქოს ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა. საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა კონგრესმენებთან, საჭიროა განახლება ძველი კონტაქტებისა...
თორნიკე შარაშენიძე
”უკრაინამ და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთელი რეგიონი წამოსწია მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციაზე და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან სკრუპულოზურად ადევნებს თვალყურს მოვლენათა განვითარებას, საერთოდ, მსოფლიოს ამ ნაწილში და მისი განუყოფელი ნაწილი არის საქართველო”.

ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების, როგორც საგანგებო პარტნიორის, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატოს 2014 წლის სამიტის წინ. თანაც, ანალიტიკოსისთვის მოსალოდნელია, რომ, კიევში განვითარებული მოვლენების ნიადაგზე, უკრაინის ახალი ხელისუფლება გადახედავს იანუკოვიჩის ხელისუფლების პოზიციას და უკრაინა კვლავ იქცევა საქართველოს მეწყვილედ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაში იყო მოხსენიებული.

როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონში შეკითხვებს აუცილებლად დაუსვამენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, კერძოდ, მაგალითად, შერჩევით სამართალთან დაკავშირებულ ეჭვებთან მიმართებით და ბევრი რამ სამომავლოდ სწორედ ამგვარ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით განისაზღვრება, მით უფრო, რომ, ანალიტიკოსის შთაბეჭდილებით, ორი ქვეყნის ურთიერთობა ბოლო დროს არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება:

”ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც, წესით, უნდა იყოს. აშკარაა, რომ ჩვენ რაღაცას ვაკლებთ... და ღარიბაშვილს შეუძლია, რომ ხელახლა ამოქოქოს ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა. საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა კონგრესმენებთან, საჭიროა განახლება ძველი კონტაქტებისა, რაც, როგორც ჩანს, აღარ მუშაობს. ამერიკა არის ჩვენთვის შეუცვლელი პარტნიორი, რადგანაც მას აქვს ძალაც და პოლიტიკური ნებაც, რომ დაგვეხმაროს - განსხვავებით ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან. ზოგს ნება აქვს, მაგრამ არა აქვს ძალა, ანდა - პირიქით”.

საქართველოსთან მიმართებით შეერთებული შტატების ყურადღება ბოლო პერიოდში მართლაც რომ შესუსტდა, ეს შესამჩნევია ირაკლი მენაღარიშვილისთვისაც. თუმცა ამის მიზეზად ანალიტიკოსი გლობალური განზომილების პრობლემებს მიიჩნევს, რომელთა მოგვარების აუცილებლობაც ერთბაშად დადგა შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ამ შემთხვევაში საუბარია პრობლემებზე ავღანეთში, ერაყში, ირანსა თუ სირიაში. ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების ჭრილში, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში უნდა გამოიკვეთოს მესიჯები, რომ საქართველო შეერთებული შტატების ერთგული პარტნიორია და რომ ქვეყანა მტკიცედ ადგას დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG