Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების საფუძველი განმარტა საქართველოს პროკურატურამ


ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების საფუძველი განმარტა დღეს საქართველოს პროკურატურამ. მისი განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების გაყალბების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული. "გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანმა 2011 წელს, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით უკანონოდ დააკავა შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, დაკავების მიზეზად იქცა ის ფაქტი, რომ "დაო-პრინტი" ამზადებდა "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს, რაც შათირიშვილს დაკავების შემდეგ უთხრა თავად ონიანმა. პროკურატურის განცხადებითვე, გიორგი ონიანმა მის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციელს დაავალა პატაკის შედგენა, რომ თითქოსდა დავით შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. „ონიანის ორგანიზებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს, თუმცა ნარკოტიკული საშუალება მას არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო, ის გიორგი ონიაინის ბრძანებით გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე ცნობით, შათირიშვილის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის საქმეზე მტკიცებულებათა გაყალბების მიზნით ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა საქმის მასალებში აესახა თითქოს ნარკოტიკი შათირიშვილს პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს. „გიორგი ონიანის ძალისხმევის შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით და საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, საქმის გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რაც 8 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG