Accessibility links

logo-print

კიევში ახალ მთავრობას ევროკომისია აღიარებს, მოსკოვი აკრიტიკებს


ევროკომისიამ ალექსანდრ ტურჩინოვი, პატიმრობიდან ახლახან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ახლო მოკავშირე, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმურ შემსრულებლად მიიჩნია. როგორც ევროკომისიის პრესმდივანმა ოლივიე ბეიიმ ორშაბათს ბრიუსელში განაცხადა, უკრაინის პარლამენტმა „ლეგიტიმური და დემოკრატიული გადაწყვეტილება“ მიიღო იანუკოვიჩის შემცვლელად ტურჩინოვის დანიშვნით.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი კი აცხადებს, რომ მოსკოვს „სერიოზული ეჭვები“ აქვს უკრაინის ამჟამინდელ მმართველ ძალებთან დაკავშირებით. მედვედევის შეფასებით, უკრაინაში არავინაა ისეთი, ვისთანაც საქმის დაჭერა შეიძლება, რადგან ნიღბიანი და იარაღიანი კაცები დიალოგში პარტნიორები ვერ იქნებიან. უკრაინის დროებითი მმართველი ძალების ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ აღიარებას მედვედევმა „გადახრა“ უწოდა.

კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც - მისი შეფასებით, უკრაინაში „დიქტატორულ და ზოგჯერ ტერორისტულ მეთოდებს“ იყენებენ ახლად ფორმირებული ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ. სამინისტრო უკრაინის პარლამენტს აკრიტიკებს საკონსტიტუციო ცვლილებების დებატების გარეშე მიღებისა და ეთნიკური რუსების უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის შემოღების გამო. სამინისტროს განცხადებაში გაკრიტიკებულია დასავლეთის ქვეყნებიც - ნათქვამია, რომ მათ უკრაინის ბედი არ აღელვებთ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად „ცალმხრივ გეოპოლიტიკურ გათვლებს“ მიმართავენ.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი უკრაინაში იმყოფება და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების გზების შესახებ მართავს მოლაპარაკებებს.

ჩვენი შეხედულებით, უკრაინაში უნდა განვითარდეს დაწყებული გარდამავალი პროცესი და ქვეყანა 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მივიდეს საბოლოო წერტილის მისაღწევად. როდესაც უკვე ახალი არჩევნებით ფორმირებული მთავრობა მოვა, უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვასაც შევძლებთ...
ბეიის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების რამდენიმე ფორმას განიხილავს, თუმცა დახმარების გამოყოფის პირობა ეკონომიკური რეფორმების გატარება იქნება.

ბეიიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს კვლავაც სურს უკრაინასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ოღონდ ეს უკვე ახალ, არჩევნების შემდეგ ფორმირებულ მთავრობასთან უნდა მოხდეს:

„ჩვენი შეხედულებით, უკრაინაში უნდა განვითარდეს დაწყებული გარდამავალი პროცესი და ქვეყანა 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მივიდეს საბოლოო წერტილის მისაღწევად. როდესაც უკვე ახალი არჩევნებით ფორმირებული მთავრობა მოვა, უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვასაც შევძლებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამჟამინდელ მთავრობას არალეგიტიმურად მივიჩნევთ, მაგრამ ჩვენი სურვილია არჩევნებით მოსულ ხელისუფლებასთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, რათა საქმე გვქონდეს უკრაინელების მკაფიო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ, სუვერენულ არჩევანთან“.

ევროკავშირთან სწორედ ამ შეთანხმების გაფორმებაზე თქვა უარი გადაყენებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მისცა ბიძგი უკრაინაში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იური კოლობოვი აცხადებს, რომ ქვეყანას უახლოესი ორი წლის განმავლობაში დახმარების სახით, სულ მცირე, 35 მილიარდი დოლარი დასჭირდება. კოლობოვი საერთაშორისო დონორებს მოუწოდებს სასწრაფოდ მოაწყონ ამ საკითხის განხილვა.

უკრაინაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე რუსეთმა შეაჩერა დახმარების სახით იანუკოვიჩისთვის შეთავაზებული 15 მილიარდი დოლარიდან გადარიცხვები.

დარწმუნებული ვარ, რომ დაპატიმრების ორდერი იანუკოვიჩზეცაა გაცემული. ჩემი ინფორმაციით, ასეა. ვერ წარმომიდგენია ეს ორდერი რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ არ ცნოს...
პარალელურად, ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გაიცა გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაპატიმრების ორდერი, მასობრივი მკვლელობების ბრალდების საფუძველზე.

ამის შესახებ განცხადება „ფეისბუქით“ გაავრცელა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა. „მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის თაობაზე ოფიციალურად აღიძრა საქმე“, - განაცხადა მან და დასძინა: „იანუკოვიჩი და სხვა პირები, ვისაც ამაზე პასუხისმგებლობა აკისრია, ძებნილებად არიან გამოცხადებულნი“.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში უკრაინაში ძალადობამ 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათი უმრავლესობა დემონსტრანტი იყო.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა კიევში ჟურნალისტებთან თქვა:

„დარწმუნებული ვარ, რომ დაპატიმრების ორდერი იანუკოვიჩზეცაა გაცემული. ჩემი ინფორმაციით, ასეა. ვერ წარმომიდგენია ეს ორდერი რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ არ ცნოს“.

ყოფილი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს, განცხადებით, იანუკოვიჩი იმალება და ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს:

„ძალიან უცნაური ვითარებაა, როცა დღეისათვის უკრაინაში ყველაზე აქტიურად ძებნილი პერსონაჟი უკრაინის პრეზიდენტია, რომელიც იმალება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინიდან გაიქცეს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას, რომელიც მას უნდა დაეკისროს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ის ასობით მსხვერპლი, რომელიც მივიღეთ, იანუკოვიჩის კისერზეა, რადგან ბრძანებას ის გასცემდა“.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ავაკოვის თქმით, იანუკოვიჩი ბოლო კვირას ყირიმში ნახეს - ბალაკლავას რეგიონში მდებარე კერძო რეზიდენციაში.
XS
SM
MD
LG