Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო რუსული პრესისთვის. „საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ“ - ასეთი სათაურით სტატიას „არგუმენტი ი ფაქტი“ აქვეყნებს. „იტარ-ტასის“ ახალ ამბავზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციისთვის.

„არტუმენტი ი ფაქტის“ პრეზიდენტის გამოსვლიდან შემდეგი ციტატა მოჰყავს: „საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკაზე, რითაც ძირითადად წინა მთავრობა იყო დაკავებული“. პრეზიდენტმა ისაუბრა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზეც და განაცხადა, რომ ამ ფორმატის შეხვედრებზე კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებაზე. „ყველას კარგად ესმის, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა შეამსუბუქებს პოლიტიკურ დაძაბულობასაც ორ ქვეყანას შორის“.

იმავე თემაზე წერს გიორგი დვალი „კომერსანტში“. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დროს დარბაზში მთავრობის წევრები არ იმყოფებოდნენ.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იგნორირება გაუკეთეს პრეზიდენტის გამოსვლას იმის სადემონსტრაციოდ, რომ, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს, მეტწილად, სიმბოლური როლი აქვს სახელმწიფოში და ყველა გადაწყვეტილებას საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მთავრობის მეთაური იღებს. პარლამენტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ მხოლოდ არბიტრის ფუნქციას ასრულებს“, - წერს გიორგი დვალი.
სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული მარგველაშვილის გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტს პრეზიდენტის შემდეგი ციტატა მოჰყავს: „ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოსთვის პრობლემების შექმნით საკუთარ პრობლემებს ვერ მოიგვარებს“.

„სააკაშვილის პარტია საქართველოს ივნისში „ევრომაიდნით“ დაემუქრა“ - სტატიას ასეთი სათაურით „იზვესტია“ აქვეყნებს. მიხაილ ვიგნანსკის სტატიაში საუბარია 15 ივნისს საქართველოში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ივნისში საქართველოს 12 ქალაქს, პირველად, არჩეული მერი ეყოლება. ვიგნანსკი სტატიის დასაწყისში ყურადღებას ამახვილებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო სამზადისზე.

ვიგნანსკი ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა: „უკვე დაიწყო ჩვენი მხარდამჭერების დევნა რეგიონებში. სხვადასხვა მიზეზებით დაკავებულნი არიან ჩვენი აქტივისტები ბათუმში, ხონში და დუშეთში. თუ ხალხს წაართმევენ გამოხატვის თავისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ კარგი დღე არ დაუდგება“.

წიკლაურმა ასევე უთხრა „იზვესტიას“, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებმა ახალი იმპულსი შესძინეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არჩევნებისთვის მზადებას ზუგდიდან დაიწყებს და აპრილსა და მაისში თბილისში მასობრივი დემონსტრაციების გამართვას გეგმავს.

ვიგნანსკი ესაუბრა „ქართული ოცნების“ წევრს, დავით ბერძენიშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარმატებაში ყველა რეგიონში. დეპუტატის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების იმედი ჰქონდეს, ხოლო თბილისში თუ მათი კანდიდატი 20 %-ზე მეტს მიიღებს, ესეც წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

სტატიის ბოლოს ვიგნანსკი წერს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის შანსი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც ჩრდილში გადანაცვლება მოუხდათ, რომ ისევ დაბრუნდნენ დიდ პოლიტიკაში. ჟურნალისტი ყურადღებას ირაკლი ოქრუაშვილზე ამახვილებს, რომელმაც შესაძლოა გორის მერის პოსტზე იყაროს კენჭი.
XS
SM
MD
LG