Accessibility links

logo-print

რატომ სჭირდება უკრაინას დასავლეთის დახმარება


უკრაინის კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის. ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება ეკონომიკური დახმარება და დასავლეთიდან აქვს მისი მიღების იმედი. რა პერსპექტივა აქვს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას?

მაინც რა თანხა სჭირდება უკრაინას?

ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერებმა უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების გამოყოფაზე დაიწყეს ფიქრი. არის ვარაუდი, რომ მოსკოვი აღარ გააგრძელებს გადარიცხვებს ამჟამად გადაყენებული ვიქტორ იანუკოვიჩისთვის დაპირებული 15 მილიარდი დოლარიდან.

თუმცა კონკრეტულად რა თანხა დასჭირდება უკრაინის ახალ მთავრობას, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია.

უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იური კოლობოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანას 2014-დან 2015 წლამდე დახმარების სახით 35 მილიარდი დოლარის მიღების იმედი აქვს.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები თავს იკავებენ კონკრეტული თანხების დასახელებისგან, თუმცა ევროკავშირს ისინიც მოუწოდებენ მსხვილმასშტაბიან დახმარებაზე იფიქრონ. ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლი რენმა კვირას თქვა, დახმარება მილიარდებით უნდა გაიზომოს და არა ასობით მილიონითო.

უკრაინის საჭიროების საჩვენებლად მხოლოდ ერთი მაგალითი რომ მოვიტანოთ, ქვეყნის საგარეო და საშინაო დავალიანებიდან, ანუ 73 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით 12 მილიარდი უკვე წელსაა გადასახდელი.

ვინ გამოყოფს ამ თანხას?

ახალი დახმარების სახით გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი მოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდზე და სხვა საფინანსო ორგანიზაციებზე. ამას შესაძლოა დაემატოს ევროკავშირისა და დასავლეთის სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი დახმარება.

თუმცა ამგვარი დახმარების პაკეტის გამოყოფა დაკავშირებული იქნება გარკვეული პირობების დაკმაყოფილებასთან, რაც შესაძლოა კიევისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

რა უნდა გააკეთოს უკრაინამ დახმარების მისაღებად?

როცა პრეზიდენტ იანუკოვიჩის პირობებში განიხილავდა უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მკაცრ პირობებს აყენებდა. ეს რთული რეფორმები, რომელთა გატარებას ევროკავშირიც მოითხოვს, დაასახელა იანუკოვიჩმა იმის ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც უარყო ბრიუსელთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და ამის ნაცვლად მოსკოვის მხრიდან შეთავაზებულ დახმარებაზე დათანხმდა. სწორედ იანუკოვიჩის ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია უკრაინაში მასობრივი მღელვარება, რასაც მისი გადაყენება მოჰყვა.

ვაშინგტონში განთავსებულ პიტერსონის ინსტიტუტში მომუშავე ეკონომისტი ანდერს ასლუნდი ფიქრობს, რომ დახმარების ნებისმიერი ახალი პაკეტი კიევს პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს: „უკრაინის შიდა და საგარეო ფინანსების მისაზიდად უკრაინამ ოდნავ უნდა შეასუსტოს ეროვნული ვალუტის კურსი, ვიდრე ის ერთ დოლარში, დაახლოებით, 10 გრივნას მიაღწევს. ვალუტა უკვე ადგას ამ გზას, მაგრამ მეტია საჭირო. კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება - ამას, პირველ რიგში, სჭირდება საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და მავნე სუბსიდიების გაუქმება“.
სუბსიდიების გაუქმება მოიცავს კიევის მხრიდან ბუნებრივი აირის ფასის აქტიურად სუბსიდირების მოხსნასაც - აირის, რომელიც უკრაინის მრეწველობას და მოქალაქეთა სახლებს მიეწოდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კიევის მიერ სუბსიდიებში 2012 წელს გადახდილი თანხა უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 7.5 პროცენტის ეკვივალენტური იყო. შესაბამისად, უკრაინის მოსახლეობა გაზში 3-ჯერ ან 5-ჯერ ნაკლებს იხდის, ვიდრე მისი ბალტიისპირელი მეზობლები ან პოლონეთის მოქალაქეები. იაფი გაზის პროგრამა მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია და მთავრობები მის გაუქმებას უფრთხიან.

ახალი მთავრობა რამდენად შეძლებს მოსახლეობის დარწმუნებას ამ ზომის საჭიროებაში, ცხადია, ჯერჯერობით გაურკვეველია.

არსებობს შესაძლებლობა, რომ სესხის პირობები შემსუბუქდეს?

ამ კითხვის პასუხად საერთაშორისო სავალუტო ფონდს და დასავლეთის ოფიციალურ პირებს ორი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს კიევისთვის დახმარების შეთავაზება სურთ იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს პოლიტიკური და ფინანსური სტაბილურობა. დასავლეთის მთავრობების სურვილია უკრაინაში დემოკრატიული სტრუქტურები განვითარდეს და ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს.

მაგრამ სესხების გამცემებმა იციან, რომ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად, არამედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალ-ახალი დახმარებები არ ჩაიკარგოს კორუფციულ გარიგებებსა და ეკონომიკის ზოგად გაუმართაობაში.

ბრიუსელში განთავსებული ეკონომიკის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ამანდა პოლი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

„წინა, ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმთან მიმართებით ნამდვილად იყო საჭირო მკაცრი მიდგომა, რადგან ეს იყო კაცი, რომლის ნდობა არ შეიძლებოდა და რომელსაც პოკერის თამაში უყვარდა. მაგრამ ბრიუსელმა შესაძლოა ასეთი სიმკაცრე საჭიროდ აღარ ჩათვალოს ახალ მთავრობასთან მიმართებით, როცა ის შეიქმნება. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, უკრაინას რეფორმები სჭირდება და ეს ფული სწორად უნდა იქნეს დახარჯული“.

თავად დასავლეთს რამდენად აქვს უკრაინის დახმარების შესაძლებლობა?
ევროკავშირმა და აშშ-მა ამ შეკითხვის პასუხადაც ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ.

პირველ რიგში, მათ თავიანთი ეკონომიკური საჭიროებები უნდა შეაფასონ - დასავლეთი განაგრძობს მკაცრი რეცესიიდან გამოსვლის პროცესს. აშშ-ში მთავრობამ მხოლოდ ახლა დაიწყო ეკონომიკაში დიდძალი თანხების ჩადების პროცესის შესუსტება, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა კი მკაცრი ხელმომჭირნეობის პირობებშია.

მაგრამ, პოლის თქმით, დასავლეთის ლიდერები, სავარაუდოდ, იხელმძღვანელებენ სტაბილურობის მიღწევის აუცილებლობით ევროკავშირის საზღვრებთან მდებარე ქვეყანაში და იმ დიდძალ მსხვერპლს დააფასებენ, რომელიც უკრაინელმა ხალხმა ევროპული მომავლისთვის გაიღო:
„ბრიუსელს და ევროკავშირის ლიდერებს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ისინი, ალბათ, თავს თითქმის მოვალედ გრძნობენ, რომ ეს თანხა გამოყონ, იმის გათვალისწინებით, რაც გამოიარეს ჩვენმა მეზობლებმა უკრაინაში. ხალხი იხოცებოდა თავისუფლებისთვის და, იმედია, ევროპული მომავლისთვის. ახლა რომ ხელმომჭირნეები გახდნენ და თქვან, რა ვქნათ, ფული არ გვაქვსო, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი მესიჯი იქნება“.
XS
SM
MD
LG