Accessibility links

logo-print
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახალხო კრებების გამართვა ხვალიდან დაიწყება. როგორც ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სოფლის მოსახლეობა კრებაზე, გასული წლის მსგავსად, ახლაც თავად აირჩევს, თანხის გამოყოფა კი სოფლებში დასახლებული მოქალაქეების ოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა და უკვე შემუშავებული აქვთ დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემების სია.

თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრამდე სოფელ კახათში, ოქტომბერსა და ლიაში მცხოვრებნი რადიო თავისუფლებას აცნობენ ძირითად პრობლემებს. მათი თქმით, რიგი პრობლემები გასულ წელს ჩატარებულ სოფლის კრებებზეც იყო დასახელებული, თუმცა, მათი მოუგვარებლობის მიზეზით, ისინი წელს კვლავ დადგება დღის წესრიგში:

უმუშევრობა, უსაქმურობა - აი, რ აწუხებს საზოგადოებას სოფელშიც და ქალაქშიც. გზებიც, შარშან კი თქვეს მოგიგვარებთო, მაგრამ არის ისევ ისე...
„სარწყავ სისტემას მოვითხოვთ, რომელიც ჩვენთან საერთოდ არ არის“, - ამბობს კახათში მცხოვრები კახა ლომაია. მისი თანასოფლელი მანანა მუშკუდიანი კი განმარტავს, „ნაგვის ყუთები ვერ დავადგმევინეთ, არადა განცხადება ოთხჯერ გვაქვს შეტანილი. თეთრი პეპლის საწინააღმდეგო შეწამვლა, გასხვლა - ეს სამუშაოები არ ტარდებაო“.

„გზების პრობლემაა, ასევე წყლის. მილებია დასამონტაჟებელი. ჩვენს სოფელს აქვს იმის რესურსი, რომ წყალი ყველა ოჯახში იყოს მიყვანილი“, - გვითხრა სოფელ ლიაში მცხოვრებმა ზაზა ქებურიამ.

„უმუშევრობა, უსაქმურობა - აი, რ აწუხებს საზოგადოებას სოფელშიც და ქალაქშიც. გზებიც, შარშან კი თქვეს მოგიგვარებთო, მაგრამ არის ისევ ისე“, - ამბობს ლალი აკობია, სოფელ ოქტომბერში მცხოვრები.

რესპონდენტებისგან განსხვავებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ეფექტურად მიიჩნევს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ზუგდიდში გასულ კვირაში იმყოფებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და გამგეობის შენობაში შეხვედრა ჰქონდათ. სამინისტროს თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსის ოთარ კონჯარიას განცხადებით, მათი საუბარი სწორედ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას შეეხო:

„პროექტი მიმდინარე წელსაც 50 მილიონი ლარით ფინანსდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და, მათ შორის, სოფლის რწმუნებულებს გავაცანით, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა მოხდეს პროექტის ფარგლებში თანხების გამოყენება“.

სოფლის რწმუნებულმა წინასწარ უნდა მოიკვლიოს რა სახის პრობლემის წინაშე დგას სოფლის მოსახლეობა. სოფლის კრების ჩატარებამდე გარკვეული საინფორმაციო სახის შეკრებები ჩაატაროს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგენ სართანიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელებისთვის თანხა უკვე გამოყოფილია:

„მილიონ რვაასი ათასი ლარია გამოყოფილი. გაწერილია გრაფიკი. მოიწვევენ კრებას, სოფლის მოსახლეობა განსაზღვრავს პრიორიტეტს. რასაც მოსახლეობა მოითხოვს, ის საკითხები მოგვარდება“.

ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელიც გასულ წელს პროგრამის მონიტორინგის მიზნით დაესწრო სოფლის კრებათა ნაწილს, მიაჩნიათ, რომ, მთლიანობაში, კრებები მოსახლეობის და თვითმმართველობის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა, თუმცა არის შენიშვნები დასახელებული პრიორიტეტების განხორციელების პროცესში.

„სოფლის რწმუნებულმა წინასწარ უნდა მოიკვლიოს რა სახის პრობლემის წინაშე დგას სოფლის მოსახლეობა. სოფლის კრების ჩატარებამდე გარკვეული საინფორმაციო სახის შეკრებები ჩაატაროს. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც სოფელ ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების ნაცვლად მათ აუშენეს რაღაც პატარა სკვერი“, აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა.

მისი განმარტებით, მთლიანობაში რამდენად ეფექტურად მუშაობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, შეფასება შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს, როცა გასულ და მიმდინარე წელს განხორციელებული შედეგები შეჯამდება.
XS
SM
MD
LG