Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეხვდა პრეზიდენტი ობამა პრემიერ ღარიბაშვილს?


ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი საქართველოს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობენ
ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი საქართველოს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ცენტრალურ მოვლენად იქცა 20-წუთიანი შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარაკ ობამა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შეხვედრას შეუერთდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამერიკასთან ურთიერთობებში საქართველო ”რეალურად ახალ ეტაპზე გადადის”. რით არის განპირობებული გაძლიერებული ყურადღება და რამ წარმოშვა ახალი მუხტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში?

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთელმა მთავრობამ მასპინძლების მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო:

”მათ დაგვიდასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა იმისთვის, რომ გაღრმავდეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. მთლიანობაში, ეს იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა”.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ”ახალ ეტაპზე” გადასვლაზე ლაპარაკობს და ამ ქვეყანას ”ყველაზე მნიშვნელოვან” სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სთხოვეს მას, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად...
იმას, რომ, თავის მხრივ, შეერთებული შტატებიც მადლიერია საქართველოსი ”სამაგალითო მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისათვის”, 24 თებერვალს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროსაც გაესვა ხაზი. ითქვა, რომ ამ დასაფასებელ პარტნიორობას საქართველო ”შეერთებული შტატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური და გლობალური პრიორიტეტების” მხარდაჭერით გამოხატავს. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებთან საუბრისას პრეზიდენტმა ობამამ ”გამოთქვა შეერთებული შტატების დიდი მადლიერება ავღანეთის ნატოს მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისათვის და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს”.

იმავე წყაროს ცნობით, „პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობა, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ზრდა. პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” და დაარწმუნეს პრემიერ-მინისტრი, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იყო დაპირება, რომ ”შეერთებული შტატები გააგრძელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის რეფორმებში საქართველოს მთავრობის დახმარებას”.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვხვდებით ასევე რეკომენდაციებსაც:

”პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სთხოვეს მას, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისათვის”.

ასეთი ტიპის პროტოკოლურ შეხვედრებზე ხდება ხოლმე, როცა ის რამდენიმე წუთით პატივს მიაგებს სტუმარს, შედის შეხვედრაზე ბოლოსკენ და ემშვიდობება კიდევაც მათ. ამით, რა თქმა უნდა, ვაშინგტონმა ხაზი გაუსვა ჩვენი კურსის უცვლელობას, შეუქცევადობას და ეს ძალიან მისასალმებელია...
მამუკა კუდავა
საგარეო უწყების განმარტებით, ბარაკ ობამასთან შეხვედრა ადრევე იყო დაგეგმილი, მაგრამ იყო შეთანხმება, რომ წინასწარ არაფერი გახმაურებულიყო. თუმცა როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ”პრეზიდენტი ობამა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შეხვედრას შეუერთდა”.

იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს პირველ პირად არ მიიჩნევა და მისი მიღება შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ ევალება, სტუმრის მიმართ ყურადღების გამოსახატავად თეთრ სახლში გამოყენებული იქნა სხვა ნაცადი ხერხი, - განუმარტა რადიო თავისუფლებას საზოგადოება ”ივერიის” დამფუძნებელმა, ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ:

”ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაზე პრეზიდენტ ობამას გამოჩენა პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი ტიპის პროტოკოლურ შეხვედრებზე ხდება ხოლმე, როცა ის რამდენიმე წუთით პატივს მიაგებს სტუმარს, შედის შეხვედრაზე ბოლოსკენ და ემშვიდობება კიდევაც მათ. ამით, რა თქმა უნდა, ვაშინგტონმა ხაზი გაუსვა ჩვენი კურსის უცვლელობას, შეუქცევადობას და ეს ძალიან მისასალმებელია”.

შეერთებული შტატების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაღალ ყურადღებას მამუკა კუდავა დიდწილად უკრაინაში განვითარებული მოვლენებით ხსნის. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი გამოხატავს აშკარა მხარდაჭერას ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული ქვეყნების თავისუფალი არჩევანის მიმართ.

ვაშინგტონის ყურადღებაში გაჩენილ ახალ მუხტს დიდწილად ასევე უკრაინის ფაქტორს უკავშირებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ”შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ რუსეთმა, უკრაინის მსგავსად, შესაძლოა ძალადობრივი ბერკეტები საქართველოსთან მიმართებითაც აამოქმედოს” და, შესაბამისად, ვაშინგტონი აჩვენებს რუსეთს, რომ ის კვლავაც დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდება საქართველოს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG