Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიციის წინასაარჩევნო სამზადისი


არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კოალიციად გაერთიანების თაობაზე კონსულტაციებს მართავს. პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიების ნაწილი ამგვარ გაერთიანებას არ ემხრობა და, შესაბამისად, არც მასში მონაწილეობის მიღებას აპირებს. არსებობს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების რესურსი და რას შეცვლის ამგვარი გაერთიანების შექმნა ამომრჩევლისთვის?
მის ხელთ არსებული პარტიული რეიტინგები „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს, აძლევს იმის საფუძველს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო გაერთიანებაზე იფიქროს:

„დღეს, სხვადასხვა კვლევებით, რაც მე მაქვს ხელთ, რეგიონებში „ქართული ოცნების“ რეიტინგი მერყეობს 35-38% -დან 50%-მდე იმის მიხედვით, თუ რომელი მუნიციპალიტეტია. „ნაციონალური მოძრაობის“ მერყეობს 5-7%-დან 13-15%-მდე და ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება გაერთიანება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდწილად შეგვიძლია სწორედ კონკურენცია გავუწიოთ „ქართულ ოცნებას“. მე აღარ ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმიტომ რომ, მაღალი ალბათობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ეს პოლიტიკური გაერთიანება გაინაწილებენ პირველ-მეორე ადგილებს ამ არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით“.

განსხვავებების მიუხედავად, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში არასაპარლამენტო პარტიებს შორის თანამშრომლობის ფორმატი მაინც შექმნა რამდენიმე თემამ, მათ შორის, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსზე მუშაობამ, ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე მუშაობამაც. აქედან გამომდინარე, სათანამშრომლო არეალს ის კარგად ხედავს. იმავე აზრისაა კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, რომელიც კოალიციაში რამდენიმე პარტიის გაერთიანებას ისურვებდა:

„დაინტერესებულები ვართ, რომ, პირველ რიგში, იყოს მოლაპარაკება „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, „ქართულ დასთან“, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთერთობები. ჩვენ დაინტერესებული ვართ შედგეს მოლაპარაკება „ლეიბორისტულ პარტიასთან“, თუ მათი სურვილიც იქნება“.

იმას, რომ ლეიბორისტები ამგვარ გაერთიანებაში მონაწილეობას არ აპირებენ, ადასტურებენ პარტიის ლიდერები. ისინი ფიქრობენ დამოუკიდებლად მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ჯერჯერობით პარტიები მხოლოდ მოლაპარაკების პროცესში არიან. როგორც მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები ამბობენ, საუბარი ნაადრევია იმაზე, ერთიანი კანდიდატები ეყოლებათ თუ არა მუნიციპალიტეტებში ან რა გზით მოხდება საერთო კანდიდატებზე შეჯერება - შიდა განხილვების შედეგად გამოიკვეთებიან კანდიდატები თუ პრაიმერის გზით.

საერთო კანდიდატებზე ფიქრის დაწყებამდე, კოალიციის შექმნის ალბათობას ეჭვქვეშ აყენებენ ახალი მემარჯვენეები. პარტიის წარმომადგენლის მამუკა კაციტაძისთვის, პარტიებს შორის იდეოლოგიური სხვაობა ერთიანი გუნდის შეკვრის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს:

„ფორმულა „ყველა ერთად“ არ გამოვა, იმიტომ რომ ეკლექტიკური გაერთიანებაა. გაერთიანება, რომელსაც ფუნდამენტში და საფუძველში საერთო არაფერი აქვს, ვერ იქნება ეფექტური“.

კოალიციის ჩამოყალიბების წინააღმდეგი არ არის „ეროვნულ-დემოკრატილი პარტია“. ამასთან, როგორც პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, ყველა რეგიონში თუ არა, თბილისის მერის საერთო კანდიდატის დასახელება არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ალბათ, უნდა შეძლოს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია 15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა კახიშვილს. მისი თქმით, უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა პარტია გაკოტრდა როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად, გარდა ორი პოლიტიკური ძალისა. ეს არის კოალიცია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ ფონზე, კახა კახიშვილის თქმით, არჩევნებში რეალური გამარჯვების იმედი მარტო ამ ორ პარტიას შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, არჩევნების ამგვარი პროგნოზირებადი შედეგის შეცვლის შესაძლებლობა მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებას აქვს.

„არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთადერთი რამ დარჩენია - ეს არის გაერთიანება. პრაიმერიზის შედეგად უნდა გამოკვეთონ სხვადასხვა ოლქებში მერების და გამგებლების კანდიდატები, რეიტინგული კანდიდატები, ისეთი კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებთან ოპონირებას. სხვა შემთხვევაში მივიღებთ სურათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ პირველ ადგილზე გავა „ქართული ოცნება“ და მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - ამბობს კახა კახიშვილი და იქვე დასძენს, რომ ეს არ იქნება საზოგადოების განწყობის რეალური მაჩვენებელი. უბრალოდ, ამის შესაძლებლობას იძლევა თუნდაც სრულიად ლეგალური პოლიტიკური ტექნოლოგიები.

აზრს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის კოალიციად გაერთიანების გარეშე ამომრჩეველი ზარალდება, ვინაიდან მას არჩევანი ეზღუდება, იზიარებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი. მისი თქმით, დაახლოებით 40 %-ია ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც არც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ემხრობა და არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა სოსო გალუმაშვილი ფიქრობს, რომ თავად არასაპარლამენტო ოპოზიციაში ძნელად მოიძებნება გაერთიანებისთვის საჭირო თემატიკა და პოლიტიკური რესურსი, ვინაიდან საერთო იდეა ამ პარტიებს არა აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ მათი პრაფორმების რადიკალურ სხვაობაზე, ამბობს სოსო გალუმაშვილი:

„ამ ეტაპზე არასაპარლამენტო ოპოზიცია დაქსაქსულია და არა მარტო ერთიანი იდეა, სამწუხაროდ, მათ საკუთარი იდეებიც კი არ აქვთ და მათი გამოჩენა პოლიტიკურ ლანდშაფტში ყოველვის იმპულსური და რეაქტიულია და არა პროაქტიული“.

ასეა თუ ისე, კვირის ბოლოსაა ნავარაუდევი იმის გარკვევა, შეძლებს თუ არა არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი მაინც გაერთიანებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამ, არჩევნებამდე დარჩენილ, სამ თვეში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG