Accessibility links

logo-print

მავთულხლართები ატოცში და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის განხილვა ვაშინგტონში


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში თამაზ მისაბიშვილის მიწის ნაკვეთის ნახევარი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. რუსეთის მესაზღვრეები ატოცთან 1 თვის წინ გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. სოჭში ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას სამუშაოები შეაჩერეს, ახლა კი ისევ გამოჩნდნენ და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. სოფლის კუთვნილი, დაახლოებით, 10 ჰექტარი მიწა უკვე ოკუპირებულია. თამაზ მისაბიშვილმა ისიც არ იცის, განახევრებულ მიწის ნაკვეთში მუშაობის შესაძლებლობა თუ მიეცემა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს თეთრ სახლში ესაუბრა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მათ ამერიკულ მხარეს აცნობეს, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება. ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ არაერთ პროვოკაციას ამზადებს.

ატოცელებიც სოფელში მავთულხლართების მონტაჟის სამუშაოების განახლებას რუსეთში ოლიმპიადის დასრულებას უკავშირებენ. ატოცის მცხოვრები მალხაზ ზანაძე აცხადებს, რომ მესაზღვრეებს სამუშაოები 17 დღის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდათ, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მისი ვარაუდით, სოფლის 30 ჰექტარი მიწა მათთვის ხელმიუწვდომელი იქნება. ატოცში რუსეთის მესაზღვრეები თან ღობავენ და თან იქვე შეკრებილ ატოცელებს ფოტოებს უღებენ.

სოფლის წყლის რეზერვუარიც მავთულხლართების მიღმა მოექცა, ამიტომ, ატოცელების აზრით, მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება. გარდა ამისა, მინდორში გასვლა სახიფათო იქნება. ატოცელი ზემფირა ფილიევი ამბობს, რომ ამ ადგილებში ატოცელების დაკავება, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ხშირად ხდებოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის მესაზღვრეების მიერ ოლიმპიადის დღეებში სამუშაოების შეჩერება დროებითი მოვლენა იყო. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთის მოქმედებების განახლება მოსალოდნელი იყო. მისი აზრით, საქართველომ პროვოკაციაზე პროვოკაციით არ უნდა უპასუხოს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ატოცელების მიწის ნაკვეთები გაურკვეველმა პირებმა უკვე დაამუშავეს. ადგილობრივი მცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლებისგან სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და უკვე დაკარგული ნაკვეთების სანაცვლოდ ალტერნატიული მიწის ფართობების გამოყოფას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG