Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თეთრ სახლში ისაუბრეს


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს თეთრ სახლში ესაუბრა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მათ ამერიკულ მხარეს აცნობეს, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება. ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთი სავარაუდოდ, ამზადებს კიდევ არაერთ პროვოკაციას. „ის 11 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც თითქოსდა შეიქმნა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, შესაძლოა აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც დღეს არის“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეთრ სახლში შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გავლება 24 თებერვალს განაახლეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან.
XS
SM
MD
LG