Accessibility links

logo-print
ავტორი: სალომე ბელქანია

წმინდანები, გახრწნილები, გვამები, უკრაინელები, რუსები, სპორტსმენები.... ახალი ამბები, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ფოტოები, ვიდეოები. დილიდან საღამომდე, შუაღამიდან გათენებამდე, ყველგან და ყოველთვის! ეს სიტყვები ლიდერობენ, იწერებიან, იკითხებიან, შუქდებიან მედიაში. თებერვალი მძიმეა 2014 წელს, საქართველოსთვის და უკრაინისთვის განსაკუთრებით მძიმე, რუსეთისთვის ეგოისტური, საკუთარი სტრატეგიების, გეგმების, იდეების, მზაკვრობების განსახორციელებელი თვეა. ხალხი დაიღალა, ხალხს არ უნდა იყოს ბრბო, უკრაინა იბრძვის, საქართველო ვერ, მაგრამ გულში მაინც იბრძვის, სტადიონზე მაინც აფრიალებს დროშებს, რუსებს რაგბში ვუგებთ, მაგარია!
მცხეთაში წმინდანები არიან, არ გახრწნილანო ამბობენ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, გაიხრწნა... არ გაიხრწნა.... განკურნების იმედით, უსასრულო რიგია, სოჭი აქ რა მოსატანია, უკრაინა იქით იყოს, გვამები მოიცდიან, რიგი უსასრულოა, მოძრაობა შეფერხებული, ამინდი წვიმიანი და იქ მისული ადამიანები ეკლესიურები.
სოჭში ქართველები არიან, სპორტსმენები იბრძვიან, მედლები არ ჩანს, იმედი დიდია. თოვლზე, ყინულზე, თხილამურებით და ციგურებით, ისინი ხიდებივით არიან, რუსეთსა და საქართველოს შორის გადებული ხიდივით. კარგია? მმჰჰ თუ ცუდი?... პრინციპში ახლა პასუხს მნიშვნელობა აღარ აქვს.
ევრომაიდანი იწვის, უკრაინა იბრძვის, დემონსტრანტები სნაიპერების დახმარებით მოცელილებივით ეცემიან, კიევში ადამიანები იბრძვიან, ბოლო საბურავის დაწვამდე იბრძვიან. ყინვები მინუს ოცს აღწევს, თვეები გარბის, უკრაინა კვლავ კვამლშია, ხელისუფლება არ ნებდება, რუსეთი დიდია!
ირინა შეიკს ვუტევთ, ლიონელ მესისთანაც მაგრები ვართ, ვწერთ და ვუმტკიცებთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა და საერთოდაც, სოციალურ ქსელებში, ვირტუალურ სამყაროში და ფორუმებზე, გინება, ტელეფონის ნომრების დატოვება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსასრულოდ შეგვიძლია. ადამიანების გაღმერთება, კერპთაყვანისმცემლობა, გარეთ უსუსურობა და შინ დედის გინება, დიახ! რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!
თებერვალი მთავრდება, უკრაინაში შეთანხმებას მიაღწიეს, სოჭში ოლიმპიადა დამთავრდება, მამა გაბრიელის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, უკრაინაში გვამებს დაასაფლავებენ, ირინა შეიკი შემდეგ მოდის კვირეულზე გამოვა, ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაში თამაშს გააგრძელებს, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი კი კვლავ ოკუპირებული იქნება. და მაინც, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!
მარტიც მოვა...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG