Accessibility links

logo-print

ბათუმი „ხამსა“ და გარეუბნები


ავტორი: გიორგი ფირცხალაიშვილი

კოსმოპოლიტური მსოფლხედვა ლოკალური სივრციდან გაღწევას, უძრაობის მოძრაობით ცვლას გულისხმობს, რაც თავისთავად გარეუბნებიდან, პერიფერიებიდან, რეგიონებიდან იწყება და არა ცენტრიდან. იგი გახსნილი, ღია მოძრაობაა არა იურიდიული, არამედ გონებრივი საზღვრებისთვის. პროვინციალიზმი თავისი არსით ინტელექტუალურ-მენტალური მასშტაბის ვიწრო გეოგრაფიულ სივრცეზე დაქვემდებარება, აუთვისებლობაა. ის ჩაკეტილი, შემოღობილი წრეა. ზუსტად ასე იკეტებიან დედაქალაქის თუ ქვეყნის დიდი ქალაქების ცენტრალური უბნები. ისინი ვერ აღწევენ საკუთარი თავებიდან და მათი ჩაკეტილი წრე ცენტრალური უბნების საზღვარზე გადის. უხეში და მარტივი ფორმულირება, რომ მოვახდინოთ სწორედ ეს არის პროვინციალიზმი და არა დაბადების ადგილი.
დღესდღეობით ბათუმი თბილისის შემდეგ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამართული ქალაქია საქართველოში. დამსვენებლებისთვის ბათუმი არსებობს, როგორც მხოლოდ კიჩური ან მეტნაკლებად კიჩური არქიტექტურა თანმდევი დეკორაციებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ზღვით, მზით (ქვიშის ფუნქციას ქვები ასრულებენ) გართობით და „ნაშობით“. თუმცა ეს სტერეოტიპი, რომელიც ინტენსიური პიარმექანიზმებით იკვებება, აცდენილია ნამდვილობას და მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად ბუნებრივი, ყოფითი სინამდვილის გადავადებას ახდენს. ანუ ამ სტერეოტიპების ჯამი, არა ქალაქის სოციალურ-კულტურული პლატფორმა და სურათია, არამედ ტურიზმის სასაქონლო ფასეულობა. ეს პირობითობებია, რომლებიც სიმულაციების ხარჯზე არსებობენ. ბათუმსაც, როგორც ყველა ქალაქს თავისი გარეუბნები აქვს. ამ გარეუბნებში ცოცხალი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ასაზრდოებენ ქალაქის არსებობასა და ფუნქციონირებას. ზაფხულში ბათუმი ზღვის, მზის და წვიმის ქალაქია. მაგრამ რა ხდება ზამთარში? - ზამთარში ბათუმი „ხამსის“ და მანდარინების ქალაქია. სადაც არ გაივლი ყველგან ეს სუნი დგას, განსაკუთრებით პერიფერიულ ტერიტორიებზე.
ჩემს ბავშვობაში ერთი ჩემი მეზობელი ოჯახი მახსოვს. ზამთარში, რომ შევუვლიდი, უბათქაშო კედლის კუთხეში სამლიტრიან ქილაში დამარილებული „ხამსა“ ედგათ. ეს სავსებით საკმარისი იყო, რომ მათ თავი ბედნიერად თუარა უბედურად მაინც არ ეგრძნოთ, რადგან ამ თითისხელა და თანაც იაფი თევზის წყალობით შიმშილს რამოდენიმე დღით გადააგორებდნენ. დრო გავიდა, მაგრამ ასეთი ადამიანები არსად წასულან, ისინი ისევ ქალაქის ნაწილს შეადგენენ. ეს თემატური პრიზმა ხელოვანების მხრიდან რატომღაც ნიველირებულია, გასულია ყურადღების თუ ინტერესის არედან. ისინი მხოლოდ ან ძირითადად ზღვის ქაფზე, ჩახჩახა მზეზე და დაუსრულებელ, სევდიან წვიმებზე მოგვითხრობენ. ასეთ დროს ხელოვნება ან ახირებული გულუბრყვილობაა ან კომერციული კვამლი, ოღონდ ლეგალური. ამ ტიპის ხელოვნური არტიკულაცია ვერასდროს იქცევა ნამდვილი ხელოვნების კალაპოტად, რადგან მას არ ძალუძს ან ვერ ახერხებს ფსკერთან მიახლოებას, ქვედა დონეებში შეღწევას და ორკესტრის თანხლებით თუ მის გარეშე მხოლოდ ზედაპირით კმაყოფილდება. იგი ჩანასახშივე ეფემერულია. დასავლური კულტურის თავისთავადობა პერიფერიული უპეებიდან (ამერიკის მაგალითზე ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ სამხრეთი, ფოლკნერითა და ბლუზით) და ამ ნიადაგზე არსებული კულტურული რელიეფიდან ამოიზარდა. თავის დროზე პანკკულტურამ კლასიკურ ესთეტიკას მახინჯი, შეულამაზებელი სინამდვილე, ანთიესთეტიკა დაუპირსპირა, რომელიც შემდგომში ესთეტიკად თუარა მეინსტრიმად მაინც იქცა. ჩვენ ყოველთვის მაღალი მატერიებისკენ (მზე და მთვარე მართლაც მაღლაა, მატერიაცაა) გაგვირბის თვალი, თუმცა აქაც რამდენად კარგი მხედველობითი უნარი გვაქვს ესეც ცალკე საკითხია. ხელოვნება სუბიექტური ეგზისტენციის პირობითობებში, დაშვებებში, ფიქციებში განხორციელებაა მხატვრულ ფორმაზე და სხეულზე სუბლიმაციით. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ხელოვნებაზე, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების არა რეფორმატორზე, არამედ სიყალბისკენ, ფასადებისკენ მიმართულ დესტრუქციაზე. ხელოვნებაზე, როგორც მიმოსვლაზე, ფენომენთა, ადამიანთა და ყოფით მოვლენათა უშუალო ურთიერთობა, კავშირი. სანამ ტყიბული, თერჯოლა, ხონი თუ სხვა ქალაქები კულტურული გააზრების ობიექტებად არ იქცევიან ხელოვანთა ხელში, ვერასდროს გავაღწევთ საკუთარი სარკოფაგებიდან და ყოველთვის ქალაქელ კოლორიტობანას და სხვა ნიღბებს ამოფარებულ სნობიზმისა და პროვინზიალიზმის ჭაობში გავიჭედებით. ჭაობის ორნამენტულობა, რომელიც რიტუალურ ხასიათს ატარებს ანუ მეორდება უკვე არსებული წრეების ზუსტ ტრაექტორიათა მიბაძვით, ყოველთვის მოგვატყუებს თითქოს ოაზისში ვიმყოფებოდეთ.
XX საუკუნის შუა წლებში ბიტნიკების თაობამ სწორედ ეს გააკეთა. მათმა ლიტერატურამ აბსოლუტურად სხვა, ცათამბჯენების, ჰოლივუდისა და თეთრი სახლის მიღმა არსებული, არა ბიჟუტერიული, არამედ ნამდვილი მუშების, მაწანწალების, სტუდენტების, პერიფერიული თუ ურბანული ამერიკა აჩვენა, როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე მთელს მსოფლიოს. რამაც ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების გადააზრება, სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური პროტესტის და ცვლილებებისადმი მოთხნოვნის ზრდა გამოიწვია.
ზესტაფონი მხოლოდ ფეროა, რუსთავი მეტალურგიული ქარხანა, პარიზი ეიფელის კოშკი. ზუსტად ეს არის საბჭოური აზროვნების კლასიკური ნიმუში, ადამიანთა წარმოსახვითი დასაფლავება შენობებით.
ბათუმი ზღვაა, მზეა, წვიმაა, „ხამსა“, და მანდარინები... თუმცა ესეც პირობითობა, ახალი სტერეოტიპი იქნება, თუ სიტყვების უკან მდგარ მნიშვნელობებთან მხოლოდ თეორიული, ინტელექტუალური კომუნიკაცია გვექნება და არა თანაგანცდა მათ ორგანულ სულთან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG