Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკმაყოფილების ფონზე გამართული “ქართული ოცნების” კონფერენცია გორში


“ქართული ოცნების” კონფერენცია გორში
“ქართული ოცნების” კონფერენცია გორში
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მეორე კონფერენციამ გორში ხმაურის ფონზე ჩაიარა. გორის თეატრის ეზოში შეკრებილი პარტიის წევრების ნაწილი შიდა საკადრო პოლიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ვლადიმერ შუღლიაშვილი დაარსების დღიდან “ქართული ოცნების” წევრია. საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული აქტიურობის გამო იგი დაკავებულიც კი იყო. ახლა შუღლიაშვილი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ არ დაფასდა. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ახალმა წევრებმა მმართველობა მიიტაცეს.

გიორგი ციცილაშვილი „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი კონფერენციაზე დელეგატად გუშინ მიიწვიეს, მას შემდეგ, რაც თანამოაზრეებთან ერთად პარტიის ცენტრალურ ოფისში წერილი გაგზავნა და ორგანიზაციაში შექმნილ ვითარებაზე პარტიის ლიდერებს ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს რეაგირება სთხოვა. ციცილაშვილი პროტესტის ნიშნად დღეს დარბაზში არ შესულა.

საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ ვეტერანთა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ. კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ დოლიაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მათ იგნორირებას გააგრძელებს, მრავალი წევრი პარტიის რიგებს დატოვებს.

„ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ კონფერენციამ ნინო ზურაბიშვილი აირჩია. კონფერენციას პარტიის აღმასრულებელი მდივანი კახი კალაძე და პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ. კონფერენციის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ გაუგებრობაში გაერკვევა და უკმაყოფილოს არავის დატოვებს.

პარტიის გორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარტია წინასაარჩევნო რეჟიმში მოქმედებას იწყებს და მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაა, უკმაყოფილო თანაპარტიელებს კი მოუწოდებს, რომ პრობლემების განხილვა დიალოგის რეჟიმში გააგრძელონ და ყველა სადავო საკითხი კომპრომისის გზით გადაწყვიტონ.

შეხვედრის დასასრულს კახი კალაძე თეატრის ეზოში მომლოდინე პარტიის წევრებს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ გაირკვა, რომ უკმაყოფილო წევრები პარტიის რიგებს აღარ დატოვებენ და პარტიის ხელმძღვანელობასთან დიალოგს გააგრძელებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG