Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი:" რუსეთი განაგრძობს პროვოკაციებს"


„სოჭის ოლიმპიადა დასრულდა და ჩვენ მოველით, რომ რუსეთი საქართველოზე გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე,” განაცხადა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რუსეთისადმი სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა კეთილი ნების სახით და ნათლად ჩანს ურთიერთობის გაუმჯობესების ზოგიერთი პოზიტიური შედეგი, თუმცა ფუნდამენტური უთანხმოებები ჯერ კიდევ არსებობს. „რუსეთი განაგრძობს პროვოკაციებს, კერძოდ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვას, რითიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის შეფასებით, ეს მხოლოდ ნაწილია ყოვლისმომცველი მოქმედებისა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მხრიდან საქართველოზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებზე ზეწოლას ევროპული ინტეგრაციისაკენ მათი სწრაფვის გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული საერთაშორისო მხარდაჭერა რუსეთის პროვოკაციების აღკვეთის ერთადერთი საშუალებაა. "თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ გაუძლოს შესაძლო გარეშე ზეწოლასა და ძალდატანებას, რადგან არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას და ჩვენი ევროპული მომავლის ასე უბრალოდ დათმობას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან დასავლეთს მოუწოდა დახმარებისკენ გარედან ზეწოლის გამო, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ რეგიონში თავისუფალი მსოფლიოს მიღწევებს შეცვლით და უკან დაბრუნებით ემუქრება.
XS
SM
MD
LG