Accessibility links

logo-print
მსოფლიოს მუსიკოსებში ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც მთელი თავისი ჟანრის ჟღერადობა შეცვალა. პაკო დე ლუსია ნამდვილად მათ შორისაა.

“ფლამენკოს ყველაზე უნივერსალური მუსიკოსი“, „ესპანური კულტურის ელჩი მთელ მსოფლიოში“, „ესპანური მფეთქავი რიტმის ოსტატი“.

ასე ახასიათებდნენ პაკო დე ლუსიას - ვირტუოზ ესპანელ გიტარისტს, რომელიც 26 თებერვალს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც იუწყებიან, მას მექსიკის კურორტ კანკუნზე ყოფნისას გულმა უმტყუნა, სანაპიროზე შვილებთან თამაშის დროს.

მუსიკოსის გარდაცვალება მსოფლიოს მისი მშობლიური ქალაქის, ესპანეთის სამხრეთში მდებარე ალხესირასის მერმა აუწყა. „პაკო დე ლუსიას სიკვდილი მის გენიას ლეგენდად აქცევსო“, თქვა მერმა, ხოსე იგნასიო ლანდალუსემ, და ალხესირასში სამდღიანი ოფიციალური გლოვა გამოაცხადა.ფლამენკოს მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციის გარდა, პაკო დე ლუსიას მთავარ, ლამის რევოლუციურ მიღწევად უთვლიან ესპანური ბოშური ტრადიციის ახალი ფორმებით გამდიდრებას და მის ჯაზთან, კლასიკურ მუსიკასთან თუ ბოსა ნოვასთან შერწყმას.

პაკო დე ლუსია ხელმოკლე ოჯახში 1947 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ფრანსისკო სანჩეს გომესი იყო. სასცენო სახელი დედის, ლუსია გომესის, პატივსაცემად დაირქვა.



როგორც ამბობენ, გიტარაზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. გიტარისტად ქცევას მამას უმადლოდა - ბოშური წარმომავლობის მუსიკოს ანტონიო სანჩესს, რომელმაც შვილს ფლამენკოს მაგიური სამყარო გააცნო და მოუწოდებდა ყოველდღიურად საათობით ევარჯიშა დაკვრაში.

„ბოშებს ეს უკეთ გამოსდით, რადგან მუსიკას დაბადებიდან უსმენენ. მამაჩემის ოჯახში რომ არ დავბადებულიყავი, დღეს არავინ არ ვიქნებოდი. გენიის სპონტანურობის არ მწამსო“, - ნათქვამი აქვს პაკო დე ლუსიას.

„გიტარაზე მამაჩემიც და ჩემი ყველა ძმაც უკრავდა. მუსიკას უკვე მაშინ ვუსმენდი, სანამ გიტარას პირველად ავიღებდი ხელში, სანამ საერთოდ ლაპარაკს დავიწყებდი. დაკვრის სწავლამდე უკვე ვიცოდი ფლამენკოს ყველა რიტმი, ვიცოდი მუსიკის განცდა და მნიშვნელობა და დაკვრა როცა დავიწყე, ის ჟღერადობა გადმოვეცი, რომელსაც ჩემი ყური უკვე მიჩვეული იყო“, - იხსენებდა ის 1994 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი ჟღერადობა ყოველთვის ფლამენკო იქნება, რადგან მე ის ვარ, რაც ვარ. ფლამენკოს მუსიკოსად ყოფნაა ის, რაც ძალას მაძლევს...

12 წლის ასაკიდან პაკო დე ლუსია უკვე ფულს შოულობდა დაკვრით ფლამენკოს „ტაბლაოებში“ - ვიწრო, სიგარეტის კვამლით გაბუღულ ბარებში, სადაც ბოშების ტრაგიკული მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ტრადიციას ყველაზე ავთენტური ფორმით შეხვდებით.

15 წლის ასაკში საცხოვრებლად მადრიდში გადავიდა, 18 წლისამ კი პირველი ალბომი გამოუშვა.

პაკო დე ლუსია სწორედ მადრიდში შეხვდა 15 წლის ბოშას, კამარონ დე ლა ისლას, რომელიც ამ ქალაქში თავადაც სულ ახალი ჩასული იყო. 1992 წელს 41 წლის ასაკში გარდაცვლილი კამარონი დღეს უდიდეს მომღერლად, ანუ „კანტაორად“, ითვლება ფლამენკოს იდუმალ, ვნებიან და რთულ ჟანრში, რომელიც უამრავ გავლენას აერთიანებს, მათ შორის - აფრიკელი მავრებისას, პანჯაბის რეგიონის სასიმღერო ტრადიციისას, ისევე როგორც სპარსული, არაბული და ებრაული კულტურების ელემენტებს.

1969-დან 1977 წლამდე პაკომ და კამარონმა ერთობლივი ალბომების მთელი ციკლი ჩაწერეს. მათმა ლეგენდარულმა დუეტმა სრულიად ახალი ენერგია და ჟღერადობა შესძინა საუკუნეების მანძილზე ფორმირებულ ტრადიციას და ფლამენკო გლობალურად პოპულარულ ჟანრად აქცია.



პაკო დე ლუსიას მუსიკალური კარიერა ათწლეულებს ითვლის. ის ესპანეთში და მექსიკაში ცხოვრობდა და მთელ მსოფლიოში აწყობდა ტურნეებს.

1980-იან წლებში პაკო დე ლუსია გაერთიანდა კიდევ ორ ვირტუოზ გიტარისტთან, ჯონ მაკლაფლინთან და ალ დი მეოლასთან. სამი მუსიკოსის თანამშრობლობა არაერთ პროექტს მოიცავს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ იყო 1981 წელს ჩატარებული კონცერტის საფუძველზე გამოშვებული ალბომი, სახელწოდებით “Friday Night In San Fransisco”. მუსიკის კრიტიკოსები მას აკუსტიკური გიტარის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ალბომად მიიჩნევენ.



პაკო დე ლუსია კინოშიც მოღვაწეობდა, თანამშრომლობდა ესპანელ რეჟისორთან, კარლოს საურასთან. გიტარისტი თავად გამოჩნდა საურას მიერ 1983 წელს გადაღებულ „კარმენში“, რომელსაც კარგად იცნობენ მსოფლიოს კინოს მოყვარულები.



ტრადიციული ფლამენკოს ჯაზში, ბოსა ნოვაში, კლასიკურ თუ პოპულარულ მუსიკაში შერწყმის გამო პაკო დე ლუსიას კრიტიკოსებიც ჰყავდა ტრადიციონალისტი კონსერვატორების მხრიდან.

მაგრამ თავად მუსიკოსი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი შემოქმედების მთავარი მასაზრდოებელი ძალა ფლამენკოს „დუენდე“, ანუ ფლამენკოს სული იყო.

„რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი ჟღერადობა ყოველთვის ფლამენკო იქნება, რადგან მე ის ვარ, რაც ვარ. ფლამენკოს მუსიკოსად ყოფნაა ის, რაც ძალას მაძლევს“, – ამბობდა პაკო დე ლუსია.
XS
SM
MD
LG