Accessibility links

”იანუკოვიჩები” და დასავლეთის ყურადღება საქართველოსკენ


ირაკლი ღარიბაშვილი, ჯონ კერი

ირაკლი ღარიბაშვილი, ჯონ კერი

აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გააქტიურების ფონზე, რაც დიდწილად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს მწვავე ბრალდებებით უპირისპირდებიან. პარალელები ივლება უკრაინის გადაყენებულ პრეზიდენტ ვიქტორ უანუკოვიჩთან, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფალ არჩევანს დაუპირისპირდა და სისხლიც დაღვარა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე ”ვიქტორ იანუკოვიჩი” სალანძღავ სიტყვად დამკვიდრდა. პოლიტიკური ოპონენტების ქმედებათა შეფასებისას უკრაინის გადაყენებული და განდევნილი პრეზიდენტის სახელი პირველმა გიგა ბოკერიამ ახსენა, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა და ამჟამად ”ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივანმა. "ახალი ხელისუფლება თბილისში ვიქტორ იანუკოვიჩის ნაკვალევს მიჰყვება" - ამ სათაურის სტატიაში, რომელიც 26 თებერვალს გამოცემა ”ფორინ პოლისმა” გამოაქვეყნა, ბოკერია ხაზს უსვამს საჭიროებას დასავლეთის მხრიდან ძლიერი პასუხი გაეცეს ვლადიმირ პუტინის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, მით უმეტეს, რომ კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსი სამხედროები განაგრძობენ ოკუპაციის ხაზთან ახალი მავთულხლართების გაბმას. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ძველი ლიდერის გზას ადგას:

"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველო იმავე ტრაექტორიით მოძრაობს, რომლითაც მოძრაობს უკრაინა, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიდრეკილებამ ციხეში გამოემწყვდია თავისი პროდასავლელი ოპოზიცია, დააჩქარა ამჟამინდელი კრიზისი. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, 2012 და 2013 წლებში ხელისუფლების პირველად მშვიდობიანი გადაცემის შემდეგ, ახალმა მთავრობამ სასამართლოები გამოიყენა დასაკავებლად რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტისა, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დასაკავებლად, რომელიც ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", გენერალური მდივანია. სასამართლო ასევე გამოყენებულ იქნა იმისათვის, რომ თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი, პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი. "ჰიუმან რაითს ვოჩის" თანხმად, გამოძიება მიმდინარეობს 35 ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ"ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან და დაიკითხა ”ნაციონალური მოძრაობის" 6 ათასი აქტივისტი, თუმცა, თავად პარტიის მონაცემებით, ორჯერ მეტი წევრი იქნა დაკითხული".

სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა... სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, დასვენების და კეთილდღეობის მოგვარება...
პოლიტიკური ოპონენტების შეფასებისას ვიქტორ იანუკოვიჩთან და მის რეჟიმთან პარალელებს ავლებს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე განცხადებაში, რომელიც მან 27 თებერვალს გააკეთა. ის აქ კონკრეტულად გიგა ბოკერიას არ ახსენებს, თუმცა კრიტიკის სამიზნე მთელი ძველი ხელისუფლებაა, ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სახით:

”სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა... სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, დასვენების და კეთილდღეობის მოგვარება - ეს არის სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. „ნაციონალური მოძრაობის“ თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები უკვე სასაცილოს ფაზიდან გადავიდა იდიოტიზმისა და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე”.

კახი კალაძის გამოსვლაში ასახულ ცალკეულ ბრალდებებს არაადეკვატური, აბსურდული, უცოდინრობისა და უმწიფრობის მაჩვენებელი უწოდეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. თუმცა, თავის მხრივ, ვიცე-პრემიერი კალაძე მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ”ისტერიკულ” მდგომარეობაში არიან და რომ ეს განპირობებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტით აშშ-ში.

საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე გამოვლენილი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მისამართით ვაშინგტონმა მოსალოდნელზე ძლიერი ყურადღება გამოავლინა. პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან თუ სახელმწიფო მიდივან ჯონ კერისთან შეხვედრებზე და მათი მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერაზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცნობის ინტერესი და ქვეყნის მხარდაჭერის გამომჟღავნება მოისურვა საკანონმდებლო ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების საფუძველზე ასევე გამოითქვა იმედი, რომ ამიერიდან საქართველოთი უფრო მეტი ამერიკელი ინვესტორი დაინტერესდება.

როგორც გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეერთებულ შტატებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ”ძალიან ნათლად დადასტურდა”, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითად ჩარჩო ხელშეკრულებას წარმოადგენს, განვითარების უზარმაზარი რესურსი აქვს.

შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის წარმატებულ ვიზიტს ანალიტიკოსები განიხილავენ მტკიცე გზავნილად ევროკავშირისთვის - რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული და დემოკრატიული განვითარების გზით მავალი პარტნიორია. როგორც მაგალითად, ჯონ კერიმ აღნიშნა 27 თებერვალს, აშშ-ის სურვილია დაეხმაროს საქართველოს მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან.

ცხადია, ვაშინგტონის მხარდაჭერის ძლიერი გამოვლინება არასახარბიელოა რუსეთისთვის, თუმცა, როგორც თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, რუსეთის გულს საქართველო მაინც ვერაფრით მოიგებს და ამ კონტექსტში მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა წარმოადგენს კრემლის აგრესიის ”შეკავებისა და პრევენციის” მთავარ მექანიზმს.
XS
SM
MD
LG