Accessibility links

logo-print

ღოღეთელებს ოკუპირებულ ნაკვეთებში მოსავლის აღების საშუალება მიეცემათ


ერგნეთი

ერგნეთი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დილით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის სპეციალური კარავი გაშალეს თოვლში, მაგრამ მალე მზე გამოვიდა და თოვლიც დადნა. კარავთან მისულ ჟურნალისტებს თვალში მოგვხვდა რუსულ საგუშაგოზე ახლად გამოკიდებული რუსული და ოსური დროშები. ერთი თვის წინ ამ საგუშაგოზე ოსური დროშის მცირე ნაწილიღა ფრიალებდა, რაც ქართველი ჟურნალისტების ფოტოობიექტივში მოხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ჟურნალისტების პირველივე თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა, დათანხმდა და განაცხადა, რომ იგი მზად იყო ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები განეხილა. შეხვედრის განმავლობაში ქართულმა მხარემ სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა, წყლის სათავე ნაგებობების გაწმენდის საკითხში დახმარება და, ამასთანავე, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორისა და პერევის მიმართულებით დაგეგმილი ახალი საშვთა სისტემის შემოღების თაობაზე განმარტება მოითხოვა. ოსური სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება გადაადგილების რეჟიმისთვის ახალ საშვთა სისტემას შემოიღებს და ყველა მოქალაქეს, ვისაც ჯავისა და ახალგორის რაიონებისკენ გადაადგილების უფლება აქვს, ამ ახალი საშვების აღება მოუწევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ საშვთა ახალ სისტემაზე ოსური მხარის პასუხი ვერ მიიღო. მისი თქმით, შეთანხმება მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოების დროს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ფერმერთა უსაფრთხო გადაადგილებაზე მოხდა. რატიანის თქმით, ოსურმა მხარემ ბოდიში პერევის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე მოიხადა და ამის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის ხოხ გაგლოითის თქმით, სოფელ ღოღეთის მცხოვრებლებს, რომელთა მიწის ნაკვეთები მავთულხლართებს მიღმა მოექცა, მოსავლის აღების საშუალება ექნებათ. გაგლოითიმ ქართულ მხარეს იმ მოქალაქეების მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვა, რომელთა ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ნოემბერში ღოღეთში რუსეთის მესაზღვრეებმა მინდვრებში მავთულხლართების გავლება დაიწყეს. ადგილობრივ მოსახლეობას კი უკვე დათესილი ჰქონდა საშემოდგომო ხორბალი, ქერი და ნიორი. გაგლოითის განცხადებით, სიების დაზუსტების შემდეგ ამ ადამიანებს მოსავლის აღების უფლებას მისცემენ. ოსურ მხარეს სიები დღესვე გადაეცა.

ერგნეთი

ერგნეთი

ოსურმა მხარემ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მათ მიერ ძებნილი პირების სია გადასცა და მათი დაკავება მოითხოვა. მათი თქმით, ეს ძებნილები ჯგუფური გაუპატიურების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმალებიან. ამის პასუხად, ქართულმა მხარემ საქართველოს პროკურატურაში დაზარალებულის გამოცხადება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირობა დადო. ჯერჯერობით ღიად რჩება სარწყავი და სასმელი წყლის სათავე ნაგებობების გაწმენდის საკითხი. მოლაპარაკებები ამ თემაზე მომავალ შეხვედრაზეც გაგრძელდება, რომელიც ერგნეთში 21 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG