Accessibility links

logo-print
ქუთაისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელი დავით ბახტაძე თავის და სასახლის 24 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს. როგორც ბახტაძე აცხადებს, 21 თებერვალს მას დაუკავშირდა მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების იურისტი და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, რის შემდეგაც სპორტის სასახლის თანამშრომლებს სიტყვიერად აცნობეს, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან.
როგორც ბახტაძე აცხადებს, გათავისუფლების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ამ დრომდე არც ერთ თანამშრომელს არ ჩაბარებია. დავით ბახტაძისვე განმარტებით, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ გასული წლის ბოლოს მერიას განცხადებით მიმართა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოყოფისა და ცალკე არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით ჩამოყალიბების თაობაზე. 21 თებერვალს, მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლე გამოეყო აღნიშნულ გაერთიანებას და ააიპი-ს სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც რეორგანიზაცია გამოცხადდა.

როგორც დავით ბახტაძე განმარტავს, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოყოფა იმ მიზეზით მოითხოვა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ვერ ხერხდებოდა სასახლის ეფექტური მართვა. სპორტის სასახლე 2008 წლიდან 2011 წლამდე არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით ფუნქციონირებდა და საკუთარ საჭიროებებს უკეთ განსაზღვრავდა.

ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, სპორტის სასახლის რეორგანიზაცია განაპირობა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოყოფამ და ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს თანამშრომელთა შტატების ოპტიმიზაციისთვის.

თავის მხრივ, სპორტის სასახლის ხელმძღვანელი დავით ბახტაძე ეჭვობს, რეორგანიზაციის მოტივით თანამშრომელთა დათხოვნა პოლიტიკურად არ იყოს მოტივირებული.

ქუთაისის სპორტის სასახლე ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარეობს და მისი გახსნის იდეა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG