Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


უკრაინის პარლამენტმა პროევროპული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, არსენი იაცენიუკი დაამტკიცა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელზეც ის დღეს (ხუთშაბათს) წარდგინეს. პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინის მთავრობის დანარჩენი წევრებიც, რის შემდეგაც გაიმართა ფიცის დადების ცერემონია. მანამდე, პრემიერ-მინისტრად ნომინაციის შემდეგ იაცენიუკმა დეპუტატებს მიმართა და ისაუბრა „არაპოპულარული“ გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე, უკრაინაში ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად. ჟურნალისტებთან საუბრისას, ის შეეხო ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასაც: „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობისა და ერთიანობას. და ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს ყირიმში ვითარების სტაბილიზაციისათვის და მთელი მსოფლიოსა და უკრაინის მეზობლების დასარწმუნებლად, რომ უკრაინა არის სუვერენული, ერთიანი ქვეყანა და დაუშვებელია სეპარატიზმი“, აღნიშნა არსენი იაცენიუკმა. უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ შეიარაღებული პირების ჯგუფმა კონტროლი დაამყარა ყირიმში ადგილობრივი პარლამენტისა და მთავრობის შენობებზე და მათზე რუსეთის დროშები აღმართა.
XS
SM
MD
LG