Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ღრმავდება სამთავრობო კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი


პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთში ღრმავდება სამთავრობო კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი
აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოს თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და მის შვილს შორის საუბარს ასახავს და ეხება გამომძიებლებისგან თანხების დამალვას, წარმოადგენს ბოლო მოვლენას თურქეთის პოლიტიკურ კრიზისში. როგორ ვითარდება პროცესები? გთავაზობთ ჩვენი კოლეგის, ჩარლზ რეკნეიგელის მასალას.

თურქეთში მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი თვეების განმავლობაში კონცენტრირებული იყო პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გარემოცვაში მყოფ პირებზე - ისე, რომ თავად პრემიერს არ ეხებოდა.

მაგრამ ორშაბათს, 24 თებერვალს, გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც თითქოს სატელეფონო საუბარს ასახავს ერდოანსა და მის უფროს ვაჟ ბილალს შორის. ეს ჩანაწერი პრემიერს უშუალოდ აკავშირებს სკანდალთან.

ჩანაწერი ინტერნეტში ანონიმურად გავრცელდა. როგორც ამბობენ, ჩანაწერში ერდოანი თავის შვილს ეუბნება სახლიდან გაიტანოს ათეულობით მილიონი დოლარი, რადგან გამოძიება მალე მათაც შეეხება. თავად პრემიერი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს. თუმცა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადგინა.

ერდოანის რეჟიმი თითქოს საგანგებო მდგომარეობას ქმნის თავისი აღმასრულებელი ძალაუფლების გაძლიერებით. კორუფციის შესახებ ბრალდებების გავრცელების შემდეგ ის აქტიურად ერევა პროკურატურისა და სამართალდამცავების მუშაობაში, სამსახურიდან ათავისუფლებს ან გადააყენებს პროკურორებს და ახალი კანონმდებლობა შემოაქვს...
ტუნჩ აიბაკი
ჩანაწერი ამ დროისთვის ბოლო მოვლენაა პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. ამ კრიზისს თითქმის ყოველდღიურად ახლავს თან გაჟონვა ინფორმაციის, რომელიც თითქოს მთავრობის წარმომადგენლების კორუფციულ ქმედებებს ასახავს. ერდოანი აგრესიულად ცდილობს შეზღუდოს ამგვარი ინფორმაციის გაჟონვის ყველა შესაძლო წყარო.

არადა, ეს წყაროები, როგორც ჩანს, საკუთრივ მთავრობის ეშელონებშია წარმოდგენილი, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. ამის გამო კრიზისმა უცნაური ელფერი შეიძინა და მთავრობის შიგნით მიმდინარე ომს დაემსგავსა. ერდოანი ცდილობს თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლი გაამყაროს და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს.
ბრიტანეთის მიდლსექსის უნივერსიტეტში მომუშავე, თურქეთის პოლიტიკის ექსპერტი ტუნჩ აიბაკი ასე აფასებს ვითარებას:

„ერდოანის რეჟიმი თითქოს საგანგებო მდგომარეობას ქმნის თავისი აღმასრულებელი ძალაუფლების გაძლიერებით. კორუფციის შესახებ ბრალდებების გავრცელების შემდეგ ის აქტიურად ერევა პროკურატურისა და სამართალდამცავების მუშაობაში, სამსახურიდან ათავისუფლებს ან გადააყენებს პროკურორებს და ახალი კანონმდებლობა შემოაქვს. მაგალითად, მისი პარტია გამოდის ახალი მექანიზმის შემოღების ინიციატივით, რომელმაც ინტერნეტი უნდა გააკონტროლოს, სადაზვერვო სტრუქტურები მის ოფისს უნდა დაუქვემდებაროს და მათი ანგარიშვალდებულება შეამციროს სასამართლო პროცესებთან მიმართებით“.

გასული ზაფხულის შემდეგ მომსწრენი ვართ მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციებისა, რომლებიც ძირითადად დიდ ქალაქებში -ანკარასა და სტამბოლში - იყო. თურქეთის 11 თუ 12 ქალაქში მოქალაქეები ქუჩებში 25 თებერვალსაც გავიდნენ მთავრობაში კორუფციის შესახებ ცნობების გასაპროტესტებლად...
ვოლფანგო პიკოლი
ერდოანი კონტროლის გამკაცრებას ამართლებს არგუმენტით, რომ მთავრობას „პარალელური სახელმწიფო“ ესხმის თავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პარალელურმა ძალებმა შეაღწიეს სამართალდამცავ სტრუქტურებში, მედიაში და თურქეთის სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს. ერდოანს მტერი პირდაპირ არასოდეს დაუსახელებია, თუმცა თურქეთის მოქალაქეებისთვის მისი მინიშნებები საკმარისია იმის გასაგებად, რომ ერდოანი გულისხმობს აშშ-ში მცხოვრები გავლენიანი სასულიერო პირის, ფეტუალაჰ გულენის მომხრეებს.
გულენის მოძრაობას თურქეთში ფართომასშტაბიანი კერძო სკოლების ქსელი აქვს. პირველ ეტაპზე ეს მოძრაობა ერდოანის რელიგიურად კონსერვატიული, სამართლისა და განვითარების პარტიის გვერდით იდგა და მის ხელისუფლებაში მოსვლასაც შეუწყო ხელი. თუმცა მას შემდეგ მოკავშირეთა გზები გაიყარა - როგორც იუწყებიან, ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით უთანხმოებისა და ავტორიტარიზმისკენ ერდოანის მიდრეკილების გამო.

თურქეთის საკითხების ექსპერტის, აშშ-ში განთავსებულ ტენეოს სამსახურში მომუშავე ვოლფანგო პიკოლის ვარაუდით, ერდოანის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გულენის მოძრაობის სკოლებზე ზეწოლის განხორციელება და მათი სახელმწიფო კონტროლისთვის მეტად დაქვემდებარება.

თურქეთში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, თურქეთის მოქალაქეების ნაწილი არაერთ საკითხზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. მათ შორისაა კორუფცია, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხი და თავად პრემიერის ავტორიტარული სტილი.

კრიზისი დიდი ხანია გასცდა პირველი ეტაპისდროინდელ მცირე მასშტაბს. პირიქით - როგორც ვოლფანგო პიკოლი ვარაუდობს, ის თურქეთის ბევრი მოქალაქის მზარდი სიბრაზისა და დაბნეულობის გამომწვევი ფაქტორია:

„გასული ზაფხულის შემდეგ მომსწრენი ვართ მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციებისა, რომლებიც ძირითადად დიდ ქალაქებში -ანკარასა და სტამბოლში - იყო. თურქეთის 11 თუ 12 ქალაქში მოქალაქეები ქუჩებში 25 თებერვალსაც გავიდნენ მთავრობაში კორუფციის შესახებ ცნობების გასაპროტესტებლად. მაგრამ ხალხი, ვინც თურქეთში პროტესტს გამოთქვამს, დაბნეულია მიმდინარე პროცესებით - როგორც ჩანს, ორ ბნელ ძალას შორის მიმდინარე ბრძოლით. მათ ძალიან მობეზრდათ ეს პოლიტიკური დრამა და ცდილობენ განსაზღვრონ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში“.

თურქეთში მუნიციპალური არჩევნები მომავალ თვეშია დანიშნული. კრიზისის დაწყების შემდეგ ამომრჩეველს პირველად ექნება საშუალება თავისი პოზიცია საარჩევნო ყუთთან გამოხატოს. თუმცა ამ არჩევნებზე, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოქალაქეები ძირითადად ადგილობრივი საკითხებით იქნებიან მოტივირებულნი. შესაბამისად, ეს კენჭისყრა ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი კრიზისის შესახებ საზოგადოებრივ აზრს მხოლოდ ნაწილობრივ თუ გამოხატავს.
XS
SM
MD
LG