Accessibility links

logo-print

აშშ მოუწოდებს რუსეთს არ დაუშვას პროვოკაციები უკრაინასთან დაკავშირებით


აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნებიც ამგვარი მიდგომის მომხრეები არიან, განაცხადა ხუთშაბათს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კარნიმ. კარნის სიტყვებით, შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის სამხედროების წვრთნებს უკრაინის მოსაზღვრო ტერიტორიაზე და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი თავს აარიდებს პროვოკაციულ ქმედებებს. ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელია არასწორად იქნას ინტერპრეტირებული. ხუთშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უკრაინაში არსებული სიტუაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. კერის სიტყვებით, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს, რომ სამხედრო სწავლებები გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და არაფერი აქვს მას საერთო ამჟამად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან. ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ნაბიჯებსა და იმ არჩევანს, რასაც ის უკრაინასთან მიმართებაში გააკეთებს „სიტყვები სიტყვებია, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მოქმედებებია მთავარი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG