Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეხვდა ქართული უნივერსიტეტი 1921 წლის ოკუპაციას


ამ კვირაში 93 წელი შესრულდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დაწყებიდან. ამ თარიღს დაამთხვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც 25 თებერვალს გაიმართა.

მიუხედავად სათაურისა, „უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის წიგნი მხოლოდ თებერვლის მოვლენებს არ ასახავს. იმ პერიოდის პრესის მასალების მიხედვით ავტორი აღწერს, თუ როგორ იცხოვრა უნივერსიტეტმა 1921 წლის პირველ სამ თვეს. მალხაზ მაცაბერიძე ამბობს, რომ საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს კარგად შესწავლა სჭირდება, რადგან „საბჭოთა პერიოდის შვიდი ათეული წლის განმავლობაში ბევრი რამ განადგურდა და ბევრი რამ დამახინჯდა. თუ აღვადგენთ სიმართლეს 1918-1921 წლების შესახებ, ეს, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის არის აუცილებელი“.

ამ დიდი თემის ნაწილს უწოდებს მალხაზ მაცაბერიძე წიგნს, რომელიც 1921 წლის იანვრის მოვლენების აღწერით იწყება. საბჭოთა ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე თბილისის უნივერსიტეტმა დაარსებიდან მესამე წლისთავი იზეიმა. 26 იანვარს ქართულ უნივერსიტეტში ტრადიციად ქცეული სტუდენტთა დღე აღნიშნეს. იმ პერიოდის მასალები ცხადყოფენ, რომ სტუდენტები მათი ყოველთვიური ჟურნალისთვის სტატიებს ამზადებდნენ, სტუდენტურ კრებებს მართავდნენ და სხვადასხვა თემაზე რეფერატებს კითხულობდნენ. როგორც პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ამბობს, სწორედ 1921 წლის იანვარი იყო ქართული უნივერსიტეტის მშვიდობიანი ცხოვრების ბოლო თვე. შემდეგ დაიწყო თებერვალ-მარტის ომი. მალხაზ მაცაბერიძის თქმით, უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი ფრონტზე წავიდა. რამდენიმე მათგანი 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან, მარტში კი ბათუმში დაიღუპა. „მათ შორის ყველაზე ცნობილია მარიამ, მარო მაყაშვილი. მასთან ერთად დაიღუპა პავლე ბეშკენაძე. მარო მაყაშვილსა და პავლე ბეშკენაძესთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი სტუდენტი, რომლის ვინაობა უცნობია. ასევე, მოკლე სამგლოვიარო განცხადებებით ცნობილია კიდევ რამდენიმე სტუდენტი, რომელიც თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. შემდეგ სტუდენტების ნაწილი თავის სამხედრო ნაწილებს გაჰყვა დასავლეთ საქართველოში და რამდენიმე სტუდენტი ბათუმისთვის ბრძოლაში დაიღუპა“, - უამბო რადიო თავისუფლებას მალხაზ მაცაბერიძემ. ბათუმისთვის ბრძოლაში 1921 წლის მარტში დაღუპულ სტუდენტებს შორის იყვნენ შოთა ვადაჭკორია, კირილე ცომაია და შალვა ტურაბელიძე. თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელაში დაიღუპა ნიკოლოზ კალანდარიშვილი, მძიმედ დაჭრილი გიორგი გამყრელიძე კი მოგვიანებით გარდაიცვალა თავის მშობლიურ ონში. 1921 წლის თებერვალ-მარტში დაღუპული სტუდენტების მეტ-ნაკლებად ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. მწირია სხვა შინაარსის ცნობებიც. პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის წიგნი ამ ვაკუუმის თუნდაც მცირედით შევსებას უწყობს ხელს. მასში ერთი თავი აქვს დათმობილი მოგონებებს 1921 წლის 12 თებერვალზე, როცა ჯერ თბილისის უნივერსიტეტის შენობაში, შემდეგ კი ეზოში გაიმართა ხალხმრავალი და საკმაოდ ემოციური მიტინგი, რომელსაც უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და იმჟამინდელმა რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მიმართა და სტუდენტებს მტერთან ბრძოლისკენ მოუწოდა. პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ამბობს, რომ იმ პერიოდის შესახებ დღევანდელ საქართველოში რაც შეიძლება მეტი რამ უნდა ვიცოდეთ: „ამით არამხოლოდ პატივს მივაგებთ. თუკი ასეთ რამეებზე ვიფიქრებთ, ალბათ, ჩვენც უფრო უკეთესი გავხდებით. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი მაგალითის გამოყენება დასჭირდეთ ჩვენ სტუდენტებს და უნივერსიტეტის რექტორს მოუწიოს მიტინგზე გამოსვლა და სწავლის ნაცვლად სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდოს. მაგრამ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ისინი იყვნენ 18-19 წლის ახალგაზრდები, რომლებიც სულაც არ აპირებდნენ გმირები გამხდარიყვნენ და დაღუპულიყვნენ. მათ ჰქონდათ თავიანთი ცხოვრებისეული გეგმები. მაგრამ მაშინ საერთოდ ყველა ადამიანი დადგა მძიმე განსაცდელის წინაშე - შერიგებოდა საოკუპაციო რეჟიმს თუ ბრძოლა გაეგრძელებინა“. მალხაზ მაცაბერიძის თქმით, მისი წიგნი სწორედ იმ სტუდენტებზეა, რომლებმაც საოკუპაციო რეჟიმთან შერიგებას ბრძოლა არჩიეს.

უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაარსებული თბილისის უნივერსიტეტი ქვეყნის დამოუკიდებლობის ავანგარდში იყო: „ფაქტიურად აქ ტრიალებდა არა მარტო ქართული აზრი, არამედ ქართული სულიც. 1921 წელს, როცა დამოუკიდებელ საქართველოს უმძიმესი ვითარება შეექმნა, უნივერსიტეტის სტუდენტობა იყო იმ საზოგადოებრივი აზრის ავანგარდში, რომელიც მტერთან ბრძოლას მოითხოვდა. სხვა საქმეა, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა მარტო სტუდენტების მოქმედება, როცა მთავრობა რელურად უმოქმედო იყო. ეს არც შეეძლო სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. მაგრამ მაშინ უნივერსიტეტი გამოჩნდა ისე, როგორც უნდა გამოჩენილიყო ქართველი ხალხის წინაშე“. რევაზ გაჩეჩილაძისავე შეფასებით, მალხაზ მაცაბერიძის ახალი წიგნის გამოცემა ორი მიზეზითაა მნიშვნელოვანი: „ჩვენ დავინახავთ უნივერსიტეტის სახეს, იმას, თუ რას წარმოადგენდა უნივერსიტეტი, და ეს იქნება იმის მაჩვენებელიც, თუ რას უნდა წარმოადგენდეს“.

1921 წლის მარტში, როცა თბილისი უკვე ოკუპირებული იყო, თუმცა საქართველოში ომი გრძელდებოდა, რუსული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალი, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში სცადეს მიეღწიათ ქართული უნივერსიტეტის გაუქმებისთვის. ამ ვითარების გათვალისწინებით, თბილისის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა 4 მარტიდან განეახლებინა გარკვეული პერიოდით შეჩერებული მუშაობა. 1921 წლის მარტში გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მეცადინეობას იწყებს პროფესორ შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური წრე და ლექციები წაკითხული იქნება ქართულ და რუსულ ენებზე.“ მეორე დღეს გაზეთმა მკითხველს ამცნო, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან შალვა ნუცუბიძე ლექციებს მხოლოდ ქართულად წაიკითხავდა.

„1921 წლის მოვლენების შესახებ დღევანდელი სტუდენტების ცოდნა მწირია“, - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი გიორგი ვახტანგიშვილი. მისივე თქმით, პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის ახალ წიგნში ბევრი რამ ახლებურადაა დანახული იმ პერიოდიდან, რომელიც დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ნაკლებად ცნობილია და სტუდენტებს აძლევს კარგ საშუალებას, რომ რეალური წარმოდგენა ჰქონდეთ. გიორგი ვახტანგიშვილი მათ შორისაა, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში იუნკერთა მემორიალის გახსნის იდეას ემხრობა.

პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე თავისი წიგნის ახალი მასალებით შევსებას აპირებს. ამბობს, რომ წიგნზე მუშაობისას ვერ მოიპოვა, მაგალითად, ტაბახმელასთან დაღუპული სტუდენტის, პავლე ბეშკენაძის, ფოტოსურათი. „ვიცი, რომ პავლე ბეშკენაძე ქუთაისში დაკრძალეს, მაგრამ ვერც მისი საფლავი ვიპოვნე. ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. ცხადია, სანამ მშობლები ცოცხალი იყვნენ, საფლავს უვლიდნენ და შემდეგ, როგორც ჩანს, დაიკარგა. იქნებ, ვინმეს საოჯახო ალბომში იყოს პავლე ბეშკენაძის ფოტოსურათი, ან იქნებ ვინმემ იცოდეს სხვა სტუდენტების შესახებ, რომლებიც 1921 წელს ფრონტზე წავიდნენ და დაიღუპნენ ან დაიჭრნენ. ასეთ საქმეში რადიომსმენელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG