Accessibility links

თბილისის აეროპორტში დააკავეს კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც 2006 წლის ივლისიდან იძებნებოდა სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით. რუსეთიდან დეპორტირებულ ემზარ კვიციანს თბილისის აეროპორტში, პოლიციის თანამშრომლების გარდა, ოჯახის წევრებიც დახვდნენ. რატომ გადაწყვიტა ემზარ კვიციანმა სამშობლოში დაბრუნება და რა ბედი ელის მას?

„სამშობლოს ერთგულება დანაშაული არ არის!“ - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით ელოდნენ თბილისის აეროპორტში შეკრებილი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ემზარ კვიციანს, რომელიც, მოსკოვი-თბილისის რეისის ერთ-ერთი მგზავრის თქმით, სასაზღვრო პოლიციამ საბაჟო კონტროლის გავლისას დააკავა.

ემზარ კვიციანის დაკავება დაადასტურა მისმა ადვოკატმა კობა კობახიძემ, რომელიც იმას ჩიოდა, რომ, კანონის დარღვევით, საშუალება არ მისცეს თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა:

„დაკავებული არის, მაგრამ დაკავების ოქმი მე არ მომცეს. იციან, რომ ადვოკატი ვარ, მაგრამ არ მომცეს. ამ დროს დაკავების ოქმის ასლის არმოცემა იძლევა მისი გათავისუფლების საფუძველს.“

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა მისი ნათესავებისა და ოჯახის წევრებისათვის. აი, რა განაცხადა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ემზარ კვიციანის მეუღლემ თეთნულდ ანსიანმა:

„ვიცით, რომ, სავარაუდოდ, დააკავებენ, მაგრამ მზად არის ამისთვის. იმედი აქვს დღევანდელი ხელისუფლებისა და გამოძიების სწორი კუთხით წარმართვისა“.

უფრო ადრე ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმაც განაცხადა, რომ მის ძმას საქართველოში დაბრუნების სურვილი ჰქონდა..

ემზარ კვიციანის მომხრეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

ემზარ კვიციანის მომხრეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

„დროულად მიიღონ საქართველოში ჩემი ძმის ჩამოსვლის გადაწყვეტილება. ნუ გამაკეთებინებენ იმას, რაც არ მინდა, რომ ვაკადრო ამ ხელისუფლებას. ნუ გამომაყვანინებენ ხალხს ქუჩაში“.

ქუჩაში ხალხის გამოყვანით იმუქრებოდა თავად ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისში, როდესაც მან საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ემზარ კვიციანის ხმის ჩანაწერი, რომელშიც ის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების თანამდებობებზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დანიშვნას აპროტესტებს:

”არ გამოვრიცხავ, - თუ ხვალ, ორშაბათს, ისევ დანიშნა ეს ორი მინისტრი პარლამენტმა, - გამოვა ხალხი პარლამენტის გაშვების მოთხოვნით და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. სად გამოვა და, თბილისში. აქ, კოდორში, ხომ არ ჩამოვა?”

ემზარ კვიციანი და მისი ახლობლები არ მალავენ, რომ პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა დაბრუნება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ემზარ კვიციანი ვერ მოხვდა პოლიტდევნილთა სიაში, მას მაინც აქვს იმედი, რომ შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებული მართლმსაჯულება თავის მართლების საშუალებას მისცემს. კვიციანის ამ მოლოდინს დადებითად უპასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე:

კვიციანი ეჭვმიტანილია სამხედრო ამბოხების მოწყობაში. 2006 წელს მან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, გაუხსნა ცეცხლი საქართველოს პოლიციას, რომელიც შედიოდა კოდორის ხეობაში, და ამბოხების ჩაშლის შემდეგ ის მიიმალა ჯერ აფხაზეთში...
„მიმაჩნია, რომ ემზარ კვიციანი ჩამოდის იმისათვის, რომ პასუხი გასცეს გარკვეულ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კოდორის ხეობაში, მნიშვნელოვანწილად პროვოცირებული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიერ და არ მგონია, რომ ემზარ კვიციანი არის საქართველოს მტერი“.

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ემზარ კვიციანს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავედ მიიჩნევს:

„კვიციანი ეჭვმიტანილია სამხედრო ამბოხების მოწყობაში. 2006 წელს მან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, გაუხსნა ცეცხლი საქართველოს პოლიციას, რომელიც შედიოდა კოდორის ხეობაში, და ამბოხების ჩაშლის შემდეგ ის მიიმალა ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი რუსეთში, საიდანაც იყო დაგეგმილი მისი ეს ამბოხება. გარდა ამისა, ის ეჭვმიტანილია სხვა არაერთ დანაშაულში, მაგალითად, გაეროს დამკვირვებლების გატაცებაში გამოსასყიდის მიღების მიზნით“.

თუმცა, ამგვარი ბრალდებების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციას არ უკვირს, რომ ემზარ კვიციანი საქართველოში მოქმედი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა.

საინტერესოა, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი და, მეორე, ასევე საინტერესოა, თუ რა მოხდა ამ ხეობაში 2008 წლის აგვისტოში და რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სერიოზულად გამაგრებული...
„რეალურად არ არის გასაკვირი ასეთ ტენდენციაზე საუბარი. როცა პოლიტპატიმრის სტატუსით ათავისუფლებენ სკრილნიკოვს, გევორქიანს და ა.შ., სხვებსაც უჩნდებათ სურვილი, რომ ამ კონტექსტში იქნენ მოხსენიებული. ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა, რაც უახლოეს მომავალში თავს იჩენს“, უთხრა შოთა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ემზარ კვიციანის სამშობლოში დაბრუნება ასევე უკავშირდება მოლოდინს, ნათელი მოეფინოს 2006 წლის ზაფხულის მოვლენებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში კოდორის ხეობაში, რატომ გაუქმდა თავის დროზე ადგილობრივებისაგან შემდგარი ბატალიონი „მონადირე“, რომელსაც ემზარ კვიციანი მეთაურობდა და რომელიც წარმატებით იცავდა ხეობას წლების განმავლობაში. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი აინტერესებს ირაკლი ალადაშვილსაც, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს.

„საინტერესოა, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი და, მეორე, ასევე საინტერესოა, თუ რა მოხდა ამ ხეობაში 2008 წლის აგვისტოში და რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სერიოზულად გამაგრებული და არაერთი მილიონი დაიხარჯა საჭურვლის, საწვავის შეტანასა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრებაზე. საინტერესო იქნებოდა ყველაფერ ამაზე პასუხის მიღება“, უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ემზარ კვიციანი თბილისის აეროპორტიდან გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მან მოასწრო მეუღლესთან ტელეფონით დალაპარაკება. თეთნულდ ანსიანის თქმით, ემზარ კვიციანს სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს.
XS
SM
MD
LG