Accessibility links

logo-print

ყირიმი: ტრაგიკული ისტორია და კომპლექსური აწმყო


ყირიმი

ყირიმი

ეთნიკურ რუსებსა და ყირიმელ თათრებს შორის დაძაბულობამ ამ კვირაში დრამატული ესკალაცია განიცადა.

ყირიმში შექმნილ დაძაბულობას, რომელსაც ბიძგი მისცა ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული ხელისუფლების დამხობამ და სეპარატიზმზე ეთნიკური რუსების გახშირებულმა საუბრებმა, ხანგრძლივი ისტორია აქვს.

კრიზისი, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, მოსკოვთან ინტეგრაციის მოსურნე ეთნიკური რუსები, მეორე მხრივ კი, უკრაინაში დარჩენის მსურველი ყირიმელი თათრები, სიმბოლურია იმ ხანგრძლივი ისტორიის მქონე დაძაბულობისთვის, რომელიც ამ მზიან ნახევარკუნძულზე თითქმის ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

რეგიონის უნიკალური და ტრაგიკული ისტორიის გამო, ყირიმელ თათრებში შიშმა დაისადგურაო, ამბობს კიევში განთავსებული ახლო აღმოსავლეთის შესწავლის ცენტრის დირექტორი იგორ სემივოლოსი: „ისინი მათკენ მიმართულ მუქარასა და საფრთხეს, მათ შორის, ფიზიკურ საფრთხეს, ხედავენ რუსულენოვანი მოსახლეობის ან, ასე ვთქვათ, კონკრეტული ჯგუფების - კაზაკების - და ამჟამინდელი პოლიტიკური ისტერიის ფონზე შექმნილი სხვა ფორმირებების მხრიდან“.

ნებისმიერი საფრთხე, რომელსაც, ჩვენი აზრით, შეიძლება მოჰყვეს უკრაინის დანაწევრება, მისი სუვერენიტეტის ან სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა, ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ გვესმის: თუკი, ღმერთმა დაგვიფაროს და, ასეთი რამ მართლაც მოხდა, პირველ რიგში ვიზარალებთ ჩვენ, ყირიმელი თათრები...
ამავე დროს, დასძენს სემივოლოსი, ყირიმში მცხოვრები რუსებიც თავს იზოლირებულად გრძნობენ თავიანთი სამშობლოსგან და ფიქრობენ, რომ მათ და მათ კულტურას უკრაინული ნაციონალიზმი და თათართა ინტერესები უქმნის საფრთხეს: „ვფიქრობ, რუსებიც ასევე აღიქვამენ ყირიმელი თათრების ნაბიჯებს, როგორც მათზე შეტევას. საქმე გვაქვს კლასიკურ კონფლიქტურ სიტუაციასთან. ყველა მხარე თვლის, რომ თავს იცავს“.

რეფატ ჩუბაროვმა - თათართა თვითმმართველი ორგანოს, მეჯლისის ხელმძღვანელმა და ყირიმის პარლამენტის წევრმა - რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თათრები ამჟამინდელ კრიზისს ეგზისტენციურ საფრთხედ აღიქვამენ:

„ნებისმიერი საფრთხე, რომელსაც, ჩვენი აზრით, შეიძლება მოჰყვეს უკრაინის დანაწევრება, მისი სუვერენიტეტის ან სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა, ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ გვესმის: თუკი, ღმერთმა დაგვიფაროს და, ასეთი რამ მართლაც მოხდა, პირველ რიგში ვიზარალებთ ჩვენ, ყირიმელი თათრები. ისევ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა ასეთი კატაკლიზმები ჩვენი უფლებების აღდგენას, ზოგადად, ჩვენს არსებობას გახდის შეუძლებელს“.

წარსულში, უფრო მშვიდ პერიოდებში, ყირიმში ეთნიკური რუსები და თათრები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და ზოგჯერ ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ კიდეც. უძველეს ქალაქ ბახჩისარაიში რუსი ტურისტები აკითხავდნენ ყირიმის ყოფილი ხანის სასახლეს - ფოტოებს იღებდნენ შადრევანთან, რომელიც ალექსანდრ პუშკინმა თავის ცნობილ პოემაში უკვდავყო.

ბახჩისარაი ჩვენმა კორესპონდენტმაც მოინახულა. იმ მომენტში, როცა ექსკურსიამძღოლი ტურისტებს „ცრემლების შადრევანზე“ უყვებოდა, ახლომდებარე მეჩეთიდან ლოცვისკენ მოწოდების ხმა გაისმა.

ამ რეგიონის ისტორია არაერთ ტრაგიკულ მონაკვეთს მოიცავს. 1944 წლის მაისში წითელმა არმიამ ყირიმელი თათრების მთელი მოსახლეობა, 200,000 ადამიანი, შუა აზიაში გადაასახლა. დეპორტირებულთა დაახლოებით ნახევარი პირველივე წელს დაიღუპა. შემდეგ სტალინმა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ნახევარკუნძული რუსებით დაასახლა - ისინი თათრების სახლებში შეუშვა და თათართა საკუთრება გადაულოცა.

ყირიმელი თათრები დიდწილად კვლავაც განიცდიან იმ გენოციდის შედეგებს, რომელიც გამოიარეს. მათთვის დაბრუნების პროცესი დამთავრებული არ არის, ის ბევრი თვალსაზრისით კვლავაც გრძელდება...
თუმცა თათრებმა გადასახლების ადგილებში ფესვები არ გაიდგეს და ბოლომდე შეინარჩუნეს ყირიმში დაბრუნების ოცნება. სიმფეროპოლის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი მუდესერ ჯელიალოვი იხსენებს, რომ ყოველთვის იცოდა - მოვიდოდა დღე, როცა ის სახლში დაბრუნდებოდა: „წერა ვისწავლე თუ არა, მამაჩემის კარნახით უკვე ბრეჟნევს ვწერდი წერილებს - ძვირფასო ბაბუა ბრეჟნევ, დაეხმარე ჩემს ხალხს დაბრუნდეს სამშობლოში, ყირიმში-მეთქი“.

თათრებმა ყირიმში დაბრუნება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყეს. ამჟამად ისინი მოსახლეობის დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენენ.

განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა პოზიციების მოპოვება რუს მოსახლეობაში, რომელიც დიდწილად უარყოფს თათართა ტანჯვას საბჭოთა მთავრობის პირობებში და კვლავაც სწამს სტალინის მიერ შექმნილი მითისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს თათართა მთელი ეთნოსი ნაცისტების კოლაბორაციონისტი იყო.

ანალიტიკოს სემივოლოსის თქმით, ყირიმელ თათრებს „პოსტგენოციდური მენტალიტეტი“ აქვთ: „ყირიმელი თათრები დიდწილად კვლავაც განიცდიან იმ გენოციდის შედეგებს, რომელიც გამოიარეს. მათთვის დაბრუნების პროცესი დამთავრებული არ არის, ის ბევრი თვალსაზრისით კვლავაც გრძელდება. ამიტომაც აქვთ ეს ეგზისტენციური საფრთხის განცდა - სიცოცხლისთვის, ფიზიკური არსებობისთვის შექმნილი საფრთხისა. ისინი თავდასხმად აღიქვამენ ყველა ნაბიჯს - მათ შორის, ნაბიჯებს, რომლებსაც რუსები თავდაცვად მიიჩნევენ“.

თათრებს დაბრუნების პროცესში არაერთი წინაღობა შეხვდათ ადგილობრივი ადმინისტრაციისგან, რომელშიც წამყვან ძალას ეთნიკური რუსები წარმოადგენენ. თათრებს ბრძოლა უწევდათ მიწისა და სახლების მოსაპოვებლად, სკოლების გასახსნელად, მეჩეთების ასაშენებლად.

სწორედ ეს კომპლექსური ვითარება და ტრაგიკული წარსულია ის, რაც უკრაინის ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს განსაკუთრებულ სიმწვავეს ანიჭებს ყირიმის ნახევარკუნძულზე.
XS
SM
MD
LG