Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პუტინს სთხოვა, საჭირო ზომები მიიღოს ყირიმში ვითარების სტაბილიზაციისთვის


რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, „მიიღოს ზომები ვითარების სტაბილიზაციისთვის“ უკრაინის ყირიმის რეგიონში და „ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს ტირანიისა და ძალადობისგან ყირიმის დასაცავად.“ სახელმწიფო დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ დუმის საბჭომ შაბათს მიიღო მიმართვა, რომელშიც ის პუტინს მოქმედებისკენ მოუწოდებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ დღეს უკრაინაში შეუძლებელია კანონიერი, დემოკრატიული არჩევნების გამართვა. ნარიშკინის თქმით, რუსეთის კანონმდებლები შეშფოთებული არიან ცნობებით სიმფეროპოლში „უცნობი შეიარაღებული პირების“ მიერ ადგილობრივი სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდების მცდელობის შესახებ. „დღეს ჩვენ შეშფოთებით მივიღეთ ინფორმაცია შეირაღებული დაჯგუფებების მხრიდან ყირიმის სხვადასხვა ობიექტზე შეღწევის მცდელობის შესახებ. კერძოდ, მცდელობაზე, ხელში ჩაეგდოთ ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. გასაგებია, ეს კეთდება იმის სურვილით, რომ მოხდეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მუშაობის დესტაბილიზაცია, მოხდეს მთლიანობაში ყირიმში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია,“ თქვა ნარიშკინმა. კიევში ოფიციალურ პირთა თანახმად, კრემლმა პარასკევს უკვე განალაგა ყირიმში რუსეთის 6000-ზე მეტი ჯარისკაცი და სულ ცოტა 30 ჯავშანტრასპორტიორი, ასევე კონტროლი დააწესა იქ მდებარე სამ აეროპორტზე. შაბათს ყირიმის პრორუსული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის ძალები ამჟამად ყირიმში „საკვანძო მნიშვნელობის“ შენობებს იცავენ.
XS
SM
MD
LG