Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ეხმაურება უკრაინის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება „უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“. საგარეო უწყება გამოთქვამს „უკიდურეს შეშფოთებას უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“ და თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ყირიმში დამატებით სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ ფაქტობრივად „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას ნიშნავს და ამას აკეთებს რუსეთი, რომელიც 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის დეკლარაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის გარანტორია“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „სასწრაფოდ მიიღოს გადაუდებელი ზომები სიტუაციის ესკალაციის აღსაკვეთად და მიმართოს ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა არ დაუშვას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა“, - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება და საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენებს, რომ „ასე იწყებოდა რუსული აგრესია საქართველოშიც, რაც ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგებით - ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა და დღემდე საერთაშორისო საზოგადოება უძლურია, აიძულოს რუსეთი შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება საქართველოდან ჯარის გაყვანის შესახებ“.
XS
SM
MD
LG