Accessibility links

logo-print

უკრაინაის მოვლენებს გამოეხმაურნენ საქართველოს ლიდერები


უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შაბათს, 1 მარტს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ „დაუშვებელია სახელმწიფოთა ბედი, მათი მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა წყდებოდის უცხო სახელმწიფოს ზეწოლითა და ძალისმიერი ჩარევით. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას ახალი კონფლიქტი ევროპაში და გამოიყენოს მის ხელში არსებული საშუალებები, რათა მოხდეს შესაძლო აგრესიის თავიდან აცილება და შენარჩუნებულ იქნას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ასე აფასებს შექმნილ ვითარებას: „დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო - საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი. 1 მარტის განცხადებაში ის გამოთქვამს რწმენას, რომ „ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
XS
SM
MD
LG