Accessibility links

logo-print
ვასილ ბესელიას ლექსების ახალი კრებული ,,კარდიოლექსები” შარშან გამოსცა გამომცემლობა ,,შემეცნებამ.” ახალი-მეთქი, ვამბობ და ეს ამ პოეტის რიგით მეორე კრებულია. მის პოეტურ დებიუტს, გასული საუკუნის 80-იანებში, გაზეთ ,,ახალგაზრდა კომუნისტის” ფურცლებზე პაატა ნაცვლიშვილის წინასიტყვაობითა და მხარდაჭერით რომ შედგა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პირველი წიგნი ,,წვიმიანი მაისიც” მალევე დაისტამბა. თუმცა ასევე მალე გაქრა მაღაზიის დახლებიდან, რადგან მაშინ ის კრებული ნამდვილ ბესტსელერად იქცა.

იშვიათად ხდება ხოლმე, რომელიმე ახალგაზრდა პოეტმა თანაბრად დაიმსახუროს ჩვეულებრივი მკითხველისა და კოლეგა მწერლების ერთნაირი ყურადღება. ვასილ ბესელია სწორედ ეს ბედნიერი გამონაკლისი აღმოჩნდა. მისი მისამართით საქებარ სიტყვებს არც უფროსი თანამოკალმეები იშურებდნენ და, საერთოდ, არც ჩვეულებრივი საზოგადოება დარჩენილა გულგრილი.

მე პირადად მინახავს, როგორ ჰქონდათ გადაწერილი სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს ვასილ ბესელიას ლექსები თავიანთ ბლოკნოტებში, შევსწრებივარ, როგორ დეკლამირებდნენ ეს ქალები მის სტრიქონებს იმდროინდელ თბილისურ ოჯახებში ჯერ კიდევ შემორჩენილ პოეტურ სალონებში.

მაშინაც და მას მერეც ხშირად მიფიქრია, მაინც რა იყო ვასილ ბესელიას ასეთი უზომო პოპულარობის საიდუმლო. მისი ლექსები ტრადიციულია, თითქმის არსად გადაუხვევს ქართული პოეზიის კარგად გაკვალულ გეზს და არც შინაარსისეული სიახლეები მოგვხვდება თვალში.

ამის მიუხედავად კი მაინც იყო ისეთი რამ, რაც ვასილ ბესელიას ლექსებს საერთო ფონიდან მაშინაც გამოარჩევდა და ახლაც გამოარჩევს.

ჩემი ფიქრით, უპირველესად ეს არის, უფაქიზესი, ძალზე შინაგანი დამოკიდებულება გარემომცველ საგნებთან და მოვლენებთან, რაც ისეთი ლირიზმის შეგრძნებას ბადებს, კარგა ხანია, სხვა თაობების, გარდასულ საუკუნეთა კუთვნილება რომ გვგონია და აღარაფრით მოველით, ჩვენს დროში თუნდაც სიყვარულს ვინმე ასე მძაფრად აღიქვამდეს.

ასეთი ლირიზმი მით უფრო გააკვირვებდა ადამიანს, ვინც ვასილ ბესელიას ბიოგრაფიას თვალს ზერელედ მაინც გადაავლებს.

ვასილ ბესელია

ვასილ ბესელია

1953 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის თემში დაბადებული ვასილ ბესელია განათლებით ინჟინერია. დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის) მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. მუშაობდა მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, სათავო-სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიურო ,,საქკვებმანქანის” განყოფილების გამგედ, მოგვიანებთ კი - ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორად. რა გასაკვირია, ამ ბიოგრაფიის მიღმა ადამიანმა ვინმე მარიფათიანი კაცი წარმოისახოს, რომელიც, ვთქვათ, მაშინდელი ანუ წინა საუკუნის 80-იანი წლების შესაბამისი მოდის კვალობაზე, ახალთახალ ,,ოცდაოთხში” ზის და ამქვეყნიური ,,მაჩოური” საზრუნავების გარდა არაფერი ადარდებს.

ვასილ ბესელია კი სინამდვილეში ასეთ ლექსებს წერდა:

,,ვინ იცის, იქნებ ასეც მიჯობდა, / უმწეოდ დაღლილს და სულგაკმენდილს, / ოდნავშეღებულ კარის ღრიჭოდან / მოჩანდა ჩემი სულის ფრაგმენტი. / ოღონდ გახსოვდეს, როცა, ერთხელაც, / ზეცაში წავა სული ტანიდან, / მე სული მქონდა სამყაროსხელა, / შენ ვერ ხედავდი ჭუჭრუტანიდან...”

,,კარდიოლექსების” წინათქმაში პოეტი გივი ალხაზიშვილი აღნიშნავს:

,,ვასილ ბესელია ქართული პოეზიის ტრადიციის ერთგულია და კი არ იმეორებს არსებულ მოდელებს, არამედ ამდიდრებს და აღავსებს საკუთარი სიხალასით, რაც ასე მნიშვნელოვანია პოეზიაში. კანონიკური ფორმები თავის თავში გულისხმობს არსებული ფორმალისტური შესაძლებლობების ფლობას და, რაც მთავარია, სულის ანაბეჭდის დატოვებას იმ სიტყვების მეშვეობით, ათასჯერ რომ თქმულა ან დაწერილა, მაგრამ მათი ახლებური განლაგება, სიტყვების ახალი სამეზობლო აჩენს ახალ სულისკვეთებას, ახალ სტილს და სრულიად მოულოდნელ განცდას.”

ამ სიტყვებით, არსებითად, შესანიშნავად არის ახსნილი ვასილ ბესელიას პოეზიის ყველა ძირითადი თავისებურება, რადგან მთავარი პრობლემა, რომელიც მისი ლექსების კითხვისას პროფესიონალი ლიტერატორის წინაშე დაისმის ალბათ, ისიც არის, რას გულისხმობს სიახლე პოეზიაში და არის თუ არა მნიშვნელოვანი აქამდე არსებულ მიღწევათა გააზრება იმისათვის, რომ პოეტმა საკუთარი ხმა და შესაძლებლობები გამოკვეთოს.

ვასილ ბესელიას შემთხვევა ლირიკის უპირატესობას გვიდასტურებს და უბრალოების, როგორც ძალზე მდიდრული პოეტური სამკაულის, ხიბლს მთელი სისავსით გვაგრძნობინებს. თვითონ პოეტი სალექსო ფორმებთან თავისი დამოკიდებულების შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:
,,მე ნოვაციებს არ ვეტანები. არც მიცდია, ვერც ვერლიბრს შევეგუე. მე ვაღიარებ ვერლიბრს, მაგრამ მე არც მიცდია. რომ ვცადო, ალბათ არც გამომივა.”

ცხადია, აქ სულაც არ გვინდა, ხელახლა წამოვიწყოთ იმ არსებითად უაზრო საკითხზე დავა, არის თუ არა ვერლიბრი პოეზია, რამაც ერთ დროს სრულიად არაპოეტური პოლემიკა გამოიწვია მაშინდელ ქართველ პოეტებში.

მას შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა და თუკი გასული საუკუნის 70-იან წლებში ვერლიბრს უხდებოდა არსებობისათვის ბრძოლა და ადამიანს იმ ელემენტარული ჭეშმარიტების დამტკიცება უწევდა, რომ ფორმას პოეზიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ის არსისეულად არის მიბმული შინაარსზე, და, ამდენად, ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი თუ ვერბლანი მხოლოდ გამოხატვის საშუალებებია, დღეს ლამის ტრადიციული ლექსის დაცვა და მხარდაჭერა გვიწევს, რადგან ორმა ძირითადმა საფრთხემ კონვენციური ლექსი თითქმის მთლიანად გააძევა ქართული სალიტერატურო ყოფიერებიდან. ერთი ის არის, რომ ფორმის ფლობამ ხშირ შემთხვევაში სათანადო შედეგი ვერ მოიტანა. ლექსის წერა ბევრმა ისწავლა, გარითმვის საიდუმლო ამოიხსნა, მაგრამ პოეზიის არსი შეუღწეველი დარჩა და ეს რითმიანი ნიმუშები უსიცოცხლო კლიშეებად აქცია. მეორე - ჩვეულებრივი მოდაა, რომლის ,,ძალითაც”, მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ლექსი მხოლოდ არაკონვენციური შეიძლება იყოს.

ორივე ეს პოსტულატი საბოლოოდ უნიჭობას ამართლებს, თორემ ნიჭიერი კაცის ხელში ყველაფერი, ყველა ფორმა ნამდვილ პოეზიად იქცევა. უფრო სწორად, როცა სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი ადეკვატური საშუალება პოეზიაა, მაშინ ნებისმიერი ფორმა მთლიანად ემთხვევა შინაარსს და სათქმელს უდანაკარგოდ გამოხატავს.

ამასვე გულისხმობს კრიტიკოსი გია მურღულია, როდესაც ვასილ ბესელიას შესახებ წერს:

,,ნამდვილი რამ ყოველთვის განუმეორებელია – არ შეიძლება გამორჩეულობისა და ინდივიდუალობის გამოხატულება არ იყოს. ვასილ ბესელიას ლექსებიც ასეთია – ორიგინალურობისა და გემოვნებიანი ჰარმონიის ნიმუში. აქ ვერსად ნახავთ სიყალბესა და მანერულობას, რითაც ასე ,,მდიდარია” დღევანდელი შემოქმედებითი გარემო. მის ლექსებში პოეზიას არაფერი ეწინააღმდეგება და ყველაფერი მას გამოხატავს.”

ვასილ ბესელიას პოეზიის ერთ-ერთი უძლიერესი მხარე დეტალის, ნიუანსის მნიშვნელობის გამოკვეთა გახლავთ. მის ლექსებში ზოგჯერ ისეთი ყოფითი წვრილმანები გაიელვებს, რასაც ჩვეულებრივ ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ სწორედ ამ გაელვებებით იქმნება ხოლმე ჩვენი წუთიერი განწყობილებები.

ბესელიას ბევრი ლექსი კი სწორედ ამ დეტალზეა ფოკუსირებული და ამიტომაც, მკითხველს ბევრ ნაცნობ განწყობილებას სრულიად ახალი განცდითა და სიღრმით გაახსენებს. ამიტომაც აცხადებს ის ასე თამამად:

,,ლექსი ყველაფერზე შეიძლება დაიწეროს. სიყვარულზეც შეიძლება დაიწეროს და სიყვარულს რაც ხელს უშლის, იმაზეც. როგორც სალექსო თემაა ამოუწურავი, ისე ამოუწურავია ალბათ შესაძლებლობები. რასაკვირველია, ამოწურულიც ბევრია და გამოფიტულიც მაგრამ მე არა მგონია, რასაც ადამიანი ქმნის, ის ბოლო-ბოლო გამოიფიტოს, ამოიწუროს და დამთავრდეს. ბოლოს და ბოლოს რეკორდები სიმაღლეზე ხტომაში უმჯობესდება და უმჯობესდება, მაგრამ რამდენზე შეიძლება ეს ადამიანი გადახტეს, ხომ ვერ გადახტება ათი მეტრის სიმაღლეზე? შეიძლება ერთი რეკორდი ათი წელი გაჩერდეს, ოცი წელი გაჩერდეს, მაგრამ აუცილებლად დაძლეული იქნება ეს რეკორდი. არ არსებობს, რამე გაიყინოს: ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია...”

შემთხვევითი არ არის, რომ ვასილ ბესელიამ ასე ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი ჩვენთან საუბარში, რადგან მისი ლექსების ხერხემალი სწორედ ადამიანის, ადამიანური შესაძლებლობების რწმენაა. რწმენა იმისა, რომ ყველა რეკორდი უმჯობესდება. ამის დასტური მისი მეორე კრებულია, რომელიც მისივე პირველ შესანიშნავ წიგნთან შედარებით ავტორის გაუმჯობესებულ რეკორდად გვესახება.
XS
SM
MD
LG