Accessibility links

logo-print
23 თებერვალი, კვირა
დღიური უნდა დავწერო რადიო თავისუფლებისათვის. შევეცადე გამეხსენებინა ეს ჟანრი. ჩემს ციხის ჩანაწერებს გადავხედე. არაფერი ღირსშესანიშნავი წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, განცდების და მონატრების სურათები მხოლოდ... აფხაზეთის ომის დროსაც ვწერდი, მაგრამ ის ჩანაწერები დიდი ხნის წინ დავხიე და გადავყარე. ახლა კი ვნანობ, მაგრამ ვერაფერს ვუშველი. ბევრმა წყალმა ჩაიარა უკან მოუბრუნებლად...

ვნახოთ, იმედია, კარგი კვირა იქნება და რამე მოსაყოლი მექნება. ბუნებით ცოცხალი ადამიანი ვარ და ისეთი ტემპით ვცხოვრობ, მგონი უინტერესო არ გამოვა.

24 თებერვალი, ორშაბათი
დილა ვაკის პარკის მორიგეების სტატუსით დაიწყო ფეისბუკზე, დახურულ ჯგუფში. ღამის მორიგეობის შემცვლელი აგვიანებსო. ცოტა არ იყოს გავბრაზდი, როგორც სამხედრო დისციპლინას ნაჩვევი ადამიანი. თითქოს მუხტის შესუსტებას ვამჩნევ ჩვენს „მწვანე პარტიზანებს“, აშკარად საჭიროა ცოტა შეფუცხუნება. სწორედ ამ და საორგანიზაციო-სტრატეგიული საკითხების მოლაპარაკების მიზნით, ოთხშაბათის დიდ შეკრებაზე ვთანხმდებით პარტიზანები. ვიცმევ სამხედრო ფარაჯას და ჩემს ბავშვობის მეგობართან მივდივარ შეხვედრაზე ერთ-ერთ კაფეში. შეხვედრა ჩემთვის ძალიან ცუდი და არასასიამოვნო შედეგით მთავრდება - ბავშვობის მეგობარი დავკარგე. ის სწორედ იმ ინვესტორების სახელით მოვიდა, ვისაც უკვე მესამე თვეა, სასტუმროს აშენების საშუალებას არ ვაძლევთ ვაკის პარკში და მთელ ძალას და ენერგიას ვახმართ ამ საქმეს. ყველაზე ცუდი, არა, ცუდი რბილი სიტყვაა, ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ფული შემომთავაზა მეც და პარტიზანულ მოძრაობასაც.

საოცარია! ვინ ვინ, და ეგ კი მეგონა, რომ მიცნობდა. საგულისხმოა, რომ ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდიან ადამიანები, რომლების ინტერესებშიც შედის თურმე ეს ბიზნესი. ერთი და იმავე შემოთავაზების სამჯერ გამეორების შემდეგ ვუთხარი, რომ ამ თემაზე საუბარს აზრი აღარ ჰქონდა და, ცოტა არ იყოს, გაბრაზებული გამოვედი ქუჩაში. ჯერ მანქანაც არ მყავდა გაჩერებული, რომ იმ ბიჭმა ისევ დამირეკა. მეგონა, თხოვნას დამიწყებდა, რომ უკან დავბრუნებულიყავი. და აი, რა გავიგონე: შემოდით, შემოდით, ეს გამექცაო. აშკარად ნომერი შეეშალა და, როგორც მერე თვითონ ამიხსნა, ერთ-ერთი ინვესტორისთვის განკუთვნილი ზარი ყოფილა. სიტყვა „გამექცაზე“ ბოდიშები კი მიხადა, მაგრამ ვერ შევამჩნიე სინანული, ასეთი წინადადებით ჩემთან მოსვლის გამო... დასანანია... ადიოს, გოგა!

25 თებერვალი, სამშაბათი
დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. წარმომიდგენია, რა ხდებოდა ამ დროს 1921 წელს... „კომუნიაკებთან“ ყველა მეომარი ჩემთვის გმირია.

არადა, სოციალურ ქსელებში, ვინმე გოგა ონიანის დაკავება ბევრად უფრო აქტუალური თემა გამოდგა.

დიდი ამბავია ატეხილი გუშინდელი შემოთავაზების მერე ჩვენს რიგებში. პარტიზანებს თან საღადაო მოგვეცა, თან ცოტა გამოგვაფხიზლა. რაკი ასეთ ხერხებზე გადადიან, ესე იგი უჭირთ. მგონი, მართლა შევქმნით პრეცედენტს და უაზრო ბიზნეს-ინტერესს საზოგადოებრივი ინტერესით დავამარცხებთ.

დილიდან ალეკო ელისაშვილმა დამირეკა და აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და შაჰ-ტახტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების ნებართვა მოგვცა. ჩემი პროფესიით მომიწევს, როგორც იქნა, საქმის კეთება. მაგარი გახარებული ვარ! ამ ადგილას მეთორმეტე საუკუნის დროინდელი ობსერვატორიის არსებობა დასტურდება და დიდი იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო და თბილისისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე დავდგებით.

შუადღისას ისევ პარკში მივედი. გუშინდელი ისტორია განმეორდა: დამირეკეს, მომაკითხეს და ისევ 50 ათასი შემოგვთავაზეს. იმ განსხვავებით, რომ ამჯერად უკვე მოსკოველი ნაცნობ-მეგობრები დაიყენეს შუამდგომლებად. შემოთავაზება კიდევ უფრო მიმზიდველი რომ გამხდარიყო, მომსვლელმა ისიც დააყოლა, თუ თანახმა იქნებით, მე შევევაჭრები და 500 ათასამდეც ავიყვანო... ვერ წარმოუდგენია ამ ხალხს, რომ არსებობს საკითხები, სადაც ვაჭრობა სრულიად უპერსპექტივო და უადგილოა. არ მიკვირს. თავად ისეთი ცხოვრებით აქვთ ნაცხოვრები, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.

საინტერესო პასაჟი: სასტუმროს მშენებლობას დაცვის პოლიცია იცავს - ჯარისკაცები, პატარა ბიჭები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან. ძალიან კარგი, ზრდილი და ჭკვიანი ბავშვები არიან. ინვესტორი გოგა ზაქაიძე, მეტსახელად „ჩეტო“, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და უმეტესწილად ჩვენ ვუყოფთ ხან შეშას, ხან ჩაის და ხანაც - საჭმელს. დღეს, როგორც იქნა, შეშა მოუტანეს „ტიფლის დეველოპმენტიდან“. ერთი ჯარისკაცი იყო და ჩვენ მივეხმარეთ გადმოზიდვაში. თან მძღოლს დავაბარე ინვესტორ- ჩეტოსთან: ბავშვების წამებას შეეშვი, გაუშვი სახლში და აქაურობას ჩვენ დავიცავთ, შენგანაც და შენი ჯიშის სხვა ცხოველებისგანაც-მეთქი.

ციხიდან დამირეკა მეგობარმა. დიაბეტი აქვს და წამლები გაუთავდა. დღეში ოთხჯერ იკეთებს ინსულინს. მოგიტან-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გლდანის ციხის რეჟიმის განყოფილების უფროსს თავისი სახსრებით უყიდია და მიუტანია. თან გამიხარდა და თან მეწყინა ეს ამბავი. გამიხარდა იმიტომ, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ ციხის თანამშრომლები მხოლოდ პატიმრების წამებით თუ გამოიჩენდნენ ხოლმე თავს. საწყენი კი ის არის, რომ სისტემა ისევ გაუმართავია.

26 თებერვალი, ოთხშაბათი
დილის ცხრის ნახევარზე მესიჯი მომივიდა. ბანაკში დენი არ გვაქვს, რა ვქნათო? წამოვვარდი და პირდაუბანელი გავვარდი. შეჩვეული ვარ, რომ სულ რაღაც პროვოკაციებს გვიწყობენ. თუმცა, ამჯერად განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. გაირკვა, რომ მთელ ვაკის პარკში ელექტროენერგია გაუთიშავთ. საღამოს პარტიზანების გაფართოებული შეკრება გვქონდა. თითქმის ყველა წევრი შევიკრიბეთ პარკში და დღევანდელ საჭირბოროტო საკითხებზე ვიბჭეთ. მორიგეობის მოგვარებით დავიწყეთ და, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მივედით იმ აზრამდე, რომ უფრო ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. პატარა კამათიც გვქონდა სტრატეგიულ საკითხებზე.

რაც მთავარია, იმაზე შევთანხმდით, რომ მარტო ვაკის პარკის პრობლემით ვერ შემოვიფარგლებით და სხვა საკითხებზეც, მათ შორის ხუდონჰესზე, ბოტანიკურ ბაღზე, გუდიაშვილის მოედანზე და საყდრისზეც გავაგრძელებთ სხვა ჩვენს გამპროტესტებელ მეგობრებთან ერთად საკუთარი აზრის დაფიქსირებას, ინფორმაციის მოძიებას და საზოგადოებისთვის მიწოდებას.

27 თებერვალი, ხუთშაბათი
დილიდან ისევ წავედი ვაკის პარკში. სიმშვიდე და წესრიგი დამხვდა, თუმცა ჩვენ მიერ აშენებული ბარიკადები შეთხელებული მეჩვენა. მოკიდა ვინმემ ხელი თუ მხოლოდ ჩემი პარანოიაა?! არ ვიცი...

რა თქმა უნდა, გავამაგრეთ. უკვე დასასვენებლად გავემზადე და ამ დროს ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა, ბესო სოლომონაშვილმა დამირეკა, რომელთან ერთადაც აფხაზეთში მომიწია ბრძოლა. იქ ბესო თავის პროფესიული საქმისთვის იყო წამოსული - გოგა ხაინდრავას ეხმარებოდა მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმ „ოცნებების სასაფლაოს“ გადაღებაში. ომში უცებ ხვდები ადამიანის ნამდვილ სახეს და ფასს, ამიტომაც წლებს გაუძლო ჩვენმა მეგობრობამ. შეხვედრა დავთქვით კლუბ „ზაზანოვაში“. დიდი ხნის უნახავი მყავდა და სიხარულით დავთანხმდი. აღმოჩნდა, რომ ბესო და მისი ძმა ირაკლი ფილმის გადაღებას გეგმავენ და მთავარი როლის შემსრულებლად მე მხედავენ. მით უმეტეს რომ ნოველის მთავარი გმირის ისტორია, ფაქტობრივად, ჩემი ისტორიის იდენტურია. საინტერესო თემაა და ჩემთვის მნიშვნელოვანი: ციხიდან გამოსული ადამიანის პრობლემატიკა. ვნახოთ, რა გამოგვივა...

28 თებერვალი, პარასკევი
დილა ისევ ჩემი „სამსახურით“ დავიწყე. წუხანდელი მორიგე შევცვალე. როგორც იქნა, ციყვის გადაღება მოვახერხე ჩემი კამერით. კაი ხანი პოზიორობდა ჩემთვის და კარგი სურათებიც გამოვიდა. პარტიზანების გვერდზე დაიდო და დიდი მოწონება დაიმსახურა. შუადღისას ლენინგრადის ქუჩაზე შევიკრიბეთ. პარტიზანული მოძრაობის სულისჩამდგმელმა და „დედამ“, ნატა ფერაძემ, თავის მეგობართან მიგვიყვანა და საკმაო რაოდენობის ნერგებით დახუნძლულები წამოვედით. შაბათისთვის, გაზაფხულის პირველი დღისთვის, დარგვის სეზონის გახსნას ვაპირებთ. ზაფხულში, როცა ეს მოძრაობა დავიწყეთ, 10-20 კაცი ვგროვდებოდით ხოლმე. ახლა უკვე იმდენი ვართ, რომ ეჭვი მაქვს, ერთი ნერგის დარგვის მეტს ვერც მოვახერხებ - მეტი არ შემხვდება.

1 მარტი, შაბათი
გუდიაშვილის მოედნის დასაცავი ღონისძიების ორგანიზებაში ვეხმარები ჰამქრელებს. აპარატურა კონცერტისთვის და ელექტროენერგიის წყარო - ამ საკითხების მოგვარება ავიღე ჩემ თავზე.

ყველაფერს უცებ ვასწრებთ მე ალეკო ელისაშვილი და გიჟებივით გავრბივართ ვაკის პარკისკენ. ერთი დაფნის დარგვას მაინც ვასწრებ. დღიურის წერასაც დღეს ვამთავრებ, გაზაფხულის პირველ დღეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG