Accessibility links

logo-print

მე, გარემო და ჯანმრთელობა


ავტორი: ეკატერინე სოხაძე

ჩემს ფეისბუქის გვერდზე Alter-Native გავაზიარე სურათი, რომელზეც ოკეანეში მედუზებივით ცურავენ პოლიეთილენის პარკები.
ეს ოკეანე, მაგრამ არ არის საჭირო სურათის მოტანა, რომ დავინახოთ, რამდენად დაბინძურებულია ჩვენი შავი ზღვა და მისი სანაპირო - ეს ყველამ იცის, ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია იქ.
უბრალოდ გავიხსენებ ჩემს მოგზაურობას საექსკურსიო გემით ქობულეთში ზუსტად 15 წლის წინ, რისი სურვილიც მის მერე აღარასოდეს გამჩენია. მაშინ დელფინების მოლოდინში რა არ ვნახე ზღვაში... თუ ასეთ ნივთებს ცურვა შეეძლოთ, ვერც კი წარმოვიდგენდი - ეს კატასტროფაა, რომელზედაც რატომღაც თვალებს გამალებით ვხუჭავთ, არადა სხვა ვინ მოუვლის ამ პრობლემას, თუ არა ჩვენ.

მართალია, შეიძლება სხვა ზღვების ან ოკეანეების პლაჟებზე დასასვენებლად წასვლა, მაგრამ ამით შავი ზღვის დაბინძურების პრობლემა არ გადადის მეორე პლანზე: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზუსტადაც ამ ზღვაზე ისვენებს, თანაც იგი ჩვენ ტერიტორიაზეა ანუ ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ როგორც არ უნდა ჩაყო თავი ქვიშაში და ვერ დაინახო ეს პრობლემა, ამით პრობლემა არ გაქრება. ასევე დამაფიქრებელია, რომ სულ უფრო მატულობს დამსვენებელთა დაავადებების რიცხვი დასვენების პერიოდში, რაც ამ პრობლემისადმი არავის უნდა ტოვებდეს გულგრილს და განსაკუთრებულ ყურადღებასაც ითხოვს, რადგანაც ზღვის დაბინძურებასთან ერთად აქ ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს. თანაც ცოდოა ადამიანი, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში მოაგროვა დასვენებისთვის განკუთვნილი ფული და შედეგად კი საავადმყოფოში მოხვედრა უწევს, რაღა დასვენებაზე და ძალების აღდგენაზეა საუბარი, პირიქით.

ბოლო დროს სანაპიროზე დალაგებული სანაგვე ურნები მეტ-ნაკლებად უკეთეს გარემოს ქმნის, მაგრამ აქ მთავარია მიდგომა და ჩვენი ყოველის შინაგანი კულტურა, რომელიც არავის აღუზრდია ჩვენში (განათლების სფეროს ნაკლია) და რომელიც მისახედია სერიოზული სახელმწიფოებრივი ღონისძიებების მეშვეობით (თუ ვინმე არ მეთანხმება ამაში მოიტანოს დამადასტურებელი ფაქტები, რადგანაც ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, ეს თემა აქთუალური არ გახდებოდა). დაკარგულია მიბმა ადამიანისა გარემოზე, არ არის საკმარისი გაცნობიერება ადამიანის და გარემოს ურთიერთკავშირის შესახებ.
მე შავი ზღვით დავიწყე, თორემ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიაც არასახარბიელო დღეშია. უფრო ცუდი სიტუაცია ბუნებაშია, სადაც ადამიანები თავს არ თვლიან ვალდებულად, რათა თავისი ყოფნის შემდეგ ბუნება ისე დატოვონ, რომ მათი კვალი არ ეტყობოდეს არემარეს. აღარ ჩამოვთვლი იმ ნარჩენებს, რასაც ტოვებენ, მაგრამ ერთ-ერთი საფრთხე როგორც წყალში, ისე ხმელეთზე, პოლიეთილენის პარკებია, რომლებსაც არაფერი ემართებათ წლების განმავლობაში და საშიშია ცხოველებისთვის, ამიტომაც აუცილებელია მათი შეცვლა ქაღალდის პარკებით, რომლებიც ჩვეულებრივად უტილიზდება ბუნებაში, თუმცა არც მათი დაყრაა სასურველი, რა თქმა უნდა.

ცალკე პრობლემას წარმოადგენს მწვანე საფარის კატასტროფული ტემპებით განადგურება, განსაკუთრებით ქალაქებში, მაგალითად თბილისში. მიმდინარეობს პარკების გაჩეხვა-გადაკეთება, ვითომდა მოსახლეობის სასიკეთოდ. როგორ უნდა მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება ისეთ ვითარებაში, როდესაც სასუნთქი ჰაერის ისედაც სავალალო მდგომარეობა, ქალაქის სამანქანო პარკის გაზრდის, სამშენებლო ნარჩენების და მშენებლობების წესების დაუცველობის და კიდევ სხვა ფაქტორების გამო არსებობს? აქ თავს იჩენს არა უმეცრება, არამედ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უფლებების სრული იგნორირება, ჯანმრთელობის უფლების ჩათვლით.

რისთვის ვისაუბრე ამდენი ჩვენი ქვეყნის სავალალო ეკოლოგიურ მდგომარეობაზე?
როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელსაც უნდა იყოს ჯანმრთელი მიაღწევს ამას ასეთი დაბინძურებული გარემოს პირობებში? შესაძლებელია მისი განკურნება, როდესაც მისი აზროვნება თავად არის დაბინძურებული და მოწამლული, რადგანაც ჩვენ ის ვართ, რაც ჩვენს გარშემოა, რადგანაც ჩვენ თავად ვქმნით გარემოს ასეთად.

კიდევ ერთი რამის თქმა მინდა - დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ჩვენი შვილები ნაგავში იზრდებიან? მაგალითად ეზოში თამაშისას მათ ირგვლივ სულ ნაგავი ყრია, ნაგავია ქუჩებში, ხეებზე, სკოლების ეზოში და ა.შ. - ჩვენ ვინ მიგვაჩვევს ნაგვის სანაგვეში ჩაყრას? გაიყვან ბუნებაში და ... ანალოგიებს ვერსად წაუხვალ....

რისი თქმა მინდა - ადამიანი ბავშვობიდანვე ეჩვევა იმას, რომ მის ირგვლივ ნაგავი ყრია. ეს მას შემგუებელს ხდის ამ ფაქტის მიმართ, მას ვეღარ მიაჩვევ ნაგვის ჩაყრას სანაგვეში და არც ჩათვლის, რომ ეს რაღაც პრობლემაა, რადგანაც თუ რაიმე გინდა ასწავლო ბავშვს - ჯერ შენ თავად უნდა აკეთებდე ამას.


როგორ მოქმედებს დაბინძურებული გარემო მის ფსიქიკაზე ან მის ჯანმრთელობაზე? აღარაფერს ვამბობ იმ დაავადებებზე, რომელიც მას ემუქრება ნაგავთან ურთიერთობისას, ვირთხების და თაგვების, ზაფხულში კი გველების არსებობისას ნაგავსაყრელებთან (არაერთი შემთხვევა თბილისშიც), თანაც მაშინ, როდესაც ნაგვის გატანის საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულად ითვლება. აქ ყურადღებას ვამახვილებ თავად ფაქტზე და არა იმაზე, ნაგვის გატანა გაუმჯობესდა თუ არა.

არ არის გასაკვირი, რომ ჩვენთან უამრავი დაავადება მძვინვარებს - გარემოს ხომ ჩვენ თავად ვქმნით. გამოდის, რომ ის, რაც ჩვენშია იგივე არის გარემოშიც, აბა როგორ არ უნდა ესმოდეს 21-ე საუკუნის ადამიანს, რომ გარემოს დაცვა ყოველი ადამიანიდან იწყება და უპირველეს ყოვლისა პირადად მას ეხება, ხოლო დაბინძურებულ გარემოში ჯანსაღი ადამიანი ფიზიკურად ვერ იარსებებს.

ისედაც ბევრი საუბარია უამრავ დამაბინძურებელზე, რაც დრომ და ტექნიკურმა "პროგრესმა" მოიტანა: რადიაცია, ელექტრო-მაგნიტური დაბინძურება, მჟავე წვიმები, მიწის ეროზიები, თანაც ეს ხდება მწვანე საფარის კატასტროფული სისწრაფით განადგურებისას და სხვა., რატომ ვერ ვხვდებით და არ ვაუმჯობესებთ გარემოში იმას, რისი გაუმჯობესებაც დღეს, ყოველივე ტექნიკური ან რაიმე სხვა აღჭურვილობის გარეშე ჩვენ თავად შეგვიძლია?


მეორე საკითხია, თუ როგორ ხდება ნაგვის უტილიზება. დიდი ხანია საქართველო საჭიროებს ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას და, როგორც ვიცი, მალე ესეც გვექნება, მაგრამ მანამდე ჩემი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის, ამ ქვეყნის შვილის და ექიმის თხოვნა იქნება - ადამიანებო ნუ დააბინძურებთ იმას, სადაც ცხოვრობთ - ქალაქი იქნება, სოფელი თუ ქვეყანა, გაასუფთავეთ გარემო თქვენს ირგვლივ და ეს თქვენი და თქვენი შთამომავლობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა გახდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG