Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინიციატივით, 2 მარტს სატელეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი დეშჩიცასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მაია ფანჯიკიძემ გამოხატა უკიდურესი წუხილი უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. მან კიდევ ერთხელ დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ აგრესიის ფაქტი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა განცხადებები გააცნო. ქართველი მინისტრი ასევე გამოეხმაურა მსოფლიო ლიდერთა და კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაუყოვნებლივაა მისაღები ზომები, რათა მოხდეს ვითარების განმუხტვა, რათა ევროპაში კიდევ ერთი ოკუპაციის თვითმხილველნი არ გავხდეთ. მაია ფანჯიკიძესთან საუბარში ანდრი დეშჩიცამ აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტის მოგვარებას. აქვე უკრაინის პირველმა დიპლომატმა დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის აუცილებლობა და გამოთქვა იმედი, რომ ამ დღეებში ევროკავშირისა და ნატოს საგარეო მინისტრების შეხვედრა კონკრეტულ შედეგს მოიტანს ვითარების განმუხტვის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ხაზი გაუსვა, რომ სწორედ დღეს უკიდურესად აქტუალურია რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღება და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების მყისიერი ამოქმედება.
XS
SM
MD
LG