Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი უკრაინის კრიზისში დასავლეთს სდებს ბრალს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას ესწრებოდა, დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფიო დაადანაშაულა უკრაინის კრიზისსა და იმ რადიკალური უკრაინულა ჯგუფების მხარდაჭერაში, რომლებმაც, ლავროვის თქმით, კონტროლი დაამყარეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში და ექსტრემისტული, ანტირუსული და ანტისემიტური მოწოდებებით გამოდიან. „საუბარია ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცვაზე. საუბარია ადამიანის უმთავრესი უფლების, სიცოცხლის უფლების დაცვაზე. ვინც ცდილობს, რომ რუსეთის მოქმედება წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარი აგრესია, ვინც ათასნაირი სანქციებითა და ბოიკოტებით გვემუქრებიან, - ეს იგივე ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც ულტიმატუმების, დიალოგზე უარის თქმის, სამხრეთისა და აღმოსავლეთ რეგიონების შეშფოთების იგნორირებისა და, საბოლოოდ, უკრაინის საზოგადოების პოლარიზებისაკენ თანამიმდევრულად და დაჟინებით მოუწოდებდნენ მათთან დაახლოებულ პოლიტიკოსებს“, - აღნიშნა ლავროვმა. დასავლეთის სახელმწიფოები კი რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანისაკენ მოუწოდებენ. „თუ სიტუაცია არ მოგვარდება, თუ რუსეთი პატივისცემით არ მოეკიდება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ამას მოჰყვება სხვა შედეგები და სხვა საფასური“,- განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელიც 3 მარტს კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შევხდა.
XS
SM
MD
LG