Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესიას გმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. მისი შეფასებით, ყირიმში მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა და "უკრაინაში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ხდებოდა ექვსი წლის.“ სახელმწიფო მინისტრის აპარატი მსოფლიოს სახელმწიფოებს და ევროკავშირს, ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მკაცრ განცხადებებთან ერთად მიიღონ ქმედითი ზომები ვითარების განმუხტვისთვის და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
"უმოქმედობის შემთხვევაში მივიღებთ კონფლიქტის ახალ კერას, ახალ ოკუპაციას და წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლს. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ უკრაინას და შავი ზღვის რეგიონს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სტაბილურობასა და წესრიგს“, - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ასევე აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სივრცეში მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უსწრაფესი და ეფექტური საშუალება საქართველოსა და მოლდავეთისთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებაა და ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო დააჩქაროს უკრაინასთან, მოლდავეთსა და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებითვე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მომავალ სამიტზე მოკავშირეებმა დადებითად გადაწყვიტონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი, რადგან 2008 წლის სამიტზე ალიანსის უარმა საქართველოსთვის გეგმა მიენიჭებინა, რუსეთს ერთგვარად უბიძგა აგრესიული მოქმედებებისკენ. „ჩვენ სრულ თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებას, რომელსაც სურს ქვეყანა იხილოს გაერთიანებული ევროპული დემოკრატიების ოჯახში და ამ მიზნისთვის თავისუფლად მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები", - ნათქვამია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პარატის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG